თადუმაძე 1994 წელს დაარსებულ ინსტიტუტში 1993 წელს ჩაბარებაზე: ექსტერნად დავასრულე

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი, საქართველოს მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე, პარლამენტის იურიდიურ საკითხთა კომიტეტზე მის დიპლომთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხობს.

თადუმაძემ თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში ჩაბარებაზე, სწავლის პროცესზე და დიპლომის აღებაზე ვრცლად ისაუბრა.

თადუმაძე ამბობს, რომ ინსტიტუტი ექსტერნად დაასრულა და სწორედ ამიტომ არის სასწავლებელში ჩაბარებასა და ინსტიტუტის დაარსებას შორის აცდენა.

“1997 წელს მიღებულ იქნა კანონი, რომლითაც ნებისმიერ სტუდენტს და მისწავლეს შესაძლებლობა ჰქონდა ექსტერნატის ფორმით დაესრულებინა რომელიმე კურსი. მე ბუნებრივია გამოვიყენე ეს შესაძლებლობა. მივმართე ინსტიტუტს, რომ მსურდა ექსტერნატის ფორმით დამესრულებინა აღნიშნული სასწავლებელი და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ 1998 წელს სპეციალურად გავედი გამოცდაზე, ჩავაბარე და გაიცა დიპლომი.

არსებობს განათლების შესახებ კანონი, რომელიც სტუდენტს აძლევდა ამის შესაძლებლობას და არსებობს მინისტრის ბრძანება დიპლომის ფორმისა და მისი შევსების წესის დამტკიცების შესახებ და ეს მინისტრის ბრძანება არის ნორმატიული აქტი, მაშინაც მოქმედებდა და დღესაც მოქმედებს. გარკვეული ცვლილებები არის, გამომდინარე იქიდან რომ კავლიფიკაციის საფეხურები იქნა 1997 წელს შემოღებული… ამ ბრძანების მიხედვით განისაზღვრა როგორი უნდა იყოს დიპლომი. დიპლომი იურიდიულად არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი. ის დაახლოებით ისეთივე წესით არის, როგორც მაგ. დღგს ანგარიში. შესაბამისი ნომრებითა და დაცვის სისტემით და მკაცრი წესებით, თუ რა უნდა ეწეროს.

მაშინ და დღესაც აუცილებელი მოთხოვნა იყო დიპლომის გაცემის ფაქტიური პერიოდი, 1998 წლის კონკრეტული რიცხვი. ფაქტობრივად, 1998 წელს გასცა. აუცილებელი იყო სასწავლო პერიოდის ხანგრძლივობის დაფიქსირება. არა როდის ჩააბარა, არამედ სასწავლო პროცესის ხანგრძლივობის დაფიქსირება. 1998 წელს მე დავამთავრე ხუთწლიანი სასწავლო პროგრამა ექსტერნატის ფორმით. შესაბამისად დიპლომის გამცემი ვალდებული იყო ჩაეწერა ხუთწლიანი სასწავლო პერიოდის ხანგრძლივობის ვადა. რომ ჩაეწერა ოთხწლიანი სასწავლო ვადა, ერთის მხრივ, მე მექმნებოდა პრობლემა”- თქვა თადუმაძემ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ცნობით, მოქმედ გენერალურ პროკურორსა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს დიპლომში მითითებული აქვს, რომ 1993 წელს ჩააბარა იმ სასწავლებელში, რომელიც 1994 წელს დაარსდა.

მისი ბიოგრაფიის თანახმად, სწორედ აქ, ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში მიიღო იურისტის კვალიფიკაცია.

ამასთან, თადუმაძეს ბიოგრაფიაში მითითებული აქვს, რომ უმაღლესი სასწავლებელი 1999 წელს დაამთავრა, მაშინ, როცა დიპლომში დამთავრების თარიღად 1998 წელია მითითებული.

გარდა ამისა, თადუმაძემ სკოლა 1994 წლის მაისში დაასრულა, შესაბამისად, გაუგებარია, როგორ შეიძლებოდა მას 1993 წელს ჩაებარებინა უმაღლეს სასწავლებელში.

საერთაშორისო გამჭვირვალობაში აღნიშნავენ, რომ საჯარო უწყებები თვეების მანძილზე არ გასცემდნენ ინფორმაციას თადუმაძის უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებით.

2011-2012 წლებში შალვა თადუმაძე ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი იყო, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი მთავრობის საპარლამენტო მდივანი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. 2018 წლიდან ის იკავებს გენერალური პროკურორის თანამდებობას და ამჟამად წარდგენილია უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატად.

უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტმა 23 სექტემბერს დაიწყო. პარლამენტი სულ 20 კანდიდატს მოუსმენს.

banner
წინა სტატიაშითადუმაძე დაზარალებულის სტატუსზე: 67 პოლიციელი და 4 მოქალაქე ჩემთვის არაფერს ამბობს
შემდეგი სტატია(Video) შალვა თადუმაძემ გიგა ბოკერიას კითხვებს არ უპასუხა