თაბაგარი – საპატრიარქოს განცხადების დამწერებს არაფერი აქვთ საერთო ქრისტიანობასთან

საპატრიარქოს განცხადების დამწერებს არაფერი აქვთ საერთო ქრისტიანობასთან, არ შეიძლება, იდგე ადამიანების ჩაწიხვლისა და შევიწროების მხარეს, – ამბობს „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი საპატრიარქოს მიერ დღეს გავრცელებული განცხადების კომენტირებისას.

„მე გავიგე ეს, როგორც მორალურად გაბანკროტებული ინსტიტუციის განცხადება, რომელმაც ვერ გაიაზრა ვერაფერი 2013 წლის 17 მაისის მოვლენების ფონზე. პირდაპირ ახალისებენ ძალადობას, მიუხედავად იმისა, რომ მოწოდებაში შეიძლება, ძალადობრივი არაფერი არ არის. ჩვენ გვინახავს წარსულში, ასეთი ღონისძიება როგორ გადაზრდილა შემდეგ ძალადობებში და ამ ყველაფერს რომ ვერ იაზრებს საპატრიარქო, ეს არის ძალიან ცუდი. ამ განცხადების დამწერ ადამიანებს და ამ ინსტიტუციას არაფერი არ აქვთ საერთო ქრისტიანობასთან. არ შეიძლება, რომ ისინი იდგნენ ამ სიტუაციაში ადამიანების ჩაგვრის, ჩაწიხვლისა და შევიწროების მხარეს, ამას არაფერი აქვს საერთო ქრისტიანობასთან.

საპატრიარქოს სჩვევია, თავად არ აიღოს პასუხისმგებლობას იმ ძალადობებზე, რომელსაც აკეთებენ საპატრიარქოსთან დაკავშირებული ჯგუფები. ეს არის წინასწარ დაგეგმილი ვითომ მშვიდობიანი ღონისძიება, რომელსაც გეგმავენ, რათა სახელმწიფოს აჩვენონ თავიანთი ძალა და ასევე წარმოჩინდნენ, როგორც მორალური ძალის მქონე ინსტიტუცია ამ ქვეყანაში“, – განაცხადა გიორგი თაბაგარმა.

საქართველოს საპატრიარქომ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ე.წ. პრაიდის მიზანი არის გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პროპაგანდა, რომელიც აზიანებს მომავალი თაობის ცნობიერებას“. „5 ივლისს, 17:00 საათზე შევიკრიბოთ ქაშუეთის წმ. გიორგის ტაძართან, აღვავლინოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია“, – ვკითხულობთ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაში„ევროპული საქართველო“ 5 ივლისს, „ღირსების მარშს“ შეუერთდება
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და ამერიკელ ხალხს