ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორი გიორგი ბახტაძე რამიშვილს პასუხობს

„შპს „ტელეიმედმა“ შალვა რამიშვილთან დაკავშირებულ კონტრაქტორ კომპანიასთან საქმიანი ურთიერთობა გაწყვიტა. რაც შეეხება იმ სატელევიზიო პროდუქტებს, რომლებსაც ხსენებული კონტრაქტორი კომპანია “ტელეიმედისთვის” ამზადებდა და ეთერში გადიოდა, ვაცხადებთ, რომ არხი ამ გადაცემებს ინარჩუნებს და შემოქმედებითი ჯგუფის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებს“, - ნათქვამია „ტელეიმედის“ განცხადებაში. რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია „იმედის” წერილის საფუძველზე, არხსა და კომპანია შპს „აკორდს“ შორის არსებული ყველა ხელშეკრულების მოქმედება შეწყდა. შპს „აკორდი“ ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „ილო ბეროშვილის შოუს“, პროექტს „ერთხელ საქართველოში“, ახალ სერიალს „2 გოგო“ ამზადებდა და ასევე, გადაცემა „პოლიტიკაში“ შალვა რამიშვილის მონაწილეობას უზრუნველყოფდა. რამიშვილის განცხადებით, ტელეკომპანიისგან მიღებული წერილის საფუძველზე, აღნიშნულ პროექტებზე მომუშავე 50-ზე მეტ თანამშრომელს ხელშეკრულება უწყდება, რის შესახებაც შპს „აკორდი“წინასწარ გაფრთხილებული არ ყოფილა.

ტელეკომპანია იმედის გენერალური დირექტორი, გიორგი ბახტაძე შალვა რამიშვილს განცხადებით პასუხობს:

“დღეს პირველად მოვისმინე, რომ შალვა რამიშვილი, „იმედთან“ თანამშრომლობის პერიოდში, თურმე, ჩემგან განიცდიდა ზეწოლას, ამას გმირულად იტანდა და მხოლოდ კონტრაქტის შეწყვეტის შემდეგ გააცნობიერა, რომ ის მსხვერპლი ყოფილა. შალვა რამიშვილს მიზანმიმართულად შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში, როცა ამბობს, რომ ჩემსა და მას შორის მიმოწერას რამდენიმე დღეში მოჰყვა ფარული ჩანაწერით მისი დაშანტაჟება. მის მიერ დღეს გასაჯაროებული პირადი მიმოწერა შედგა გასული წლის დეკემბერში, ხოლო მასთან ურთიერთობის გაწყვეტა მოხდა მიმდინარე წლის აპრილში. ამ მიმოწერაში აშკარად ჩანს, რომ მე მას ვთავაზობ სტუმრების მოწვევას ოპონირებისთვის; იქვე ფიქსირდება, რომ მას შეუძლია მისთვის მისაღები ნებისმიერი რესპონდენტის შერჩევა. ასეთი კომუნიკაცია ჩვეულებრივი სამუშაო პროცესის ნაწილია.
რამიშვილთან ურთიერთობის გაწყვეტა, მიმდინარე წლის აპრილში, მოხდა მისი უაღრესად არაეთიკური საქციელის გამო, რომელიც მიუღებელია ჩემთვის და ეწინააღმდეგება „იმედის“ კორპორატიულ ფასეულობებს. შესაბამისად, ამ ორ მოვლენას ერთმანეთთან არც დროითი და არც შინაარსობრივი კავშირი არ აქვს.

ამავდროულად, ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ტელევიზიის მართვაში და სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობს მხოლოდ არხის გენერალური დირექტორი, ტელევიზიის მმართველი გუნდი, ჟურნალისტები. რაც შეეხება ირაკლი რუხაძეს, მას ტელეკომპანიის მართვასთან კავშირი არ აქვს და არც არხზე მიმდინარე პროცესებზე ახდენს გავლენას. რატომ ჰგონია შალვა რამიშვილს, რომ მასთან და მასთან დაკავშირებულ შპს-სთან დამშვიდობებას სჭირდება ბიზნესმენების კონკლავი, რაიმე შეთქმულება ან დაშანტაჟება ფარული ჩანაწერებით, გაუგებარია.

შალვა რამიშვილის დღევანდელი განცხადება ემსახურება მხოლოდდამხოლოდ ტელეკომპანია „იმედისა“ და ამ არხზე მომუშავე ჟურნალისტების ღირსებისა და რეპუტაციის შელახვას” – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიIRI-ის ახალი კვლევის თანახმად გამოკითხულთა ყველაზე მეტი კეთილგანწყობა პაატა ბურჭულაძეს აქვს
შემდეგი სტატია“ნატო-ში გაწევრიანების მომხრეთა მაჩვენებელი 79 % – ს შეადგენს, ევროკავშირის – 85 %”, – IRI