ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით საქართველოს პატრიარქი რუსეთის პატრიარქს წერილობით მიმართავს

გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით საქართველოს პატრიარქი რუსეთის პატრიარქს წერილობით მიმართავს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ განუცხადა.

​ჟვანიას თქმით, ამ წერილის გაგზავნას სატელეფონო საუბრები მოჰყვება.

„არჩილ ტატუნაშვილის მშობლების მხრიდან იყო თხოვნა, რომ საპატრიარქო დაეხმაროს ოჯახს ცხედრის ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენებაში.

მისმა უწმინდესობამ აღუთქვა, რომ ის მის პირად და საქართველოს ეკლესიის ხელთარსებულ ყველა რესურსს გამოიყენებს, რომ არჩილის ცხედარი დროულად დაბრუნდეს ოჯახში. უკვე მოგვცა პირველი დავალება მისმა უწმინდესობამ, რომ ოფიციალური წერილი გაიგზავნება რუსეთის პატრიარქის სახელზე და ამას მოჰყვება სატელეფონო ზარებიც“,- განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

მისი თქმით, შეხვედრა ოჯახის თხოვნით შედგა. პატრიარქმა ოჯახი დალოცა და გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი ლოცვა წაიკითხა. შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოს შენობაში საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. შეხვედრის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებთან კომენტარი გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის მშობლებს არ გაუკეთებიათ.

banner
წინა სტატიაშიინგა გრიგოლიას ელიზბარ ჯაველიძემ პირდაპირ ეთერში დედა შეაგინა (ვიდეო)
შემდეგი სტატიარუსული დიპლომატია საერთაშორისო ნარკობიზნესში – დადასტურებულია!