ტაჯიკეთი ავღანეთიდან დევნილების საკუთარ ტერიტორიაზე მიღებას არ გეგმავს

ტაჯიკეთი არ გეგმავს საკუთარ ტერიტორიაზე განათავსოს ათასობით ავღანეთიდან დევნილი, რომლებიც მანამდე აშშ-სთან თანამშრომლობდნენ და ახლა იძულებული არიან ქვეყნიდან გაიქცნენ – ამის შესახებ სამშაბათს ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სიროჯიდინ მუხრიდინმა თქვა – Reuters-ი წერს. საუბარია იმ ავღანელებზე, რომლებიც ნატოს ჯარების ქვეყნიდან გასვლამდე მათთან თანამშრომლობდნენ.

ვაშინგტონმა უზბეკეთს, ყაზახეთსა და ტაჯიკეთს თხოვნით მიმართა ავღანეთის დაახლოებით 9 ათასი მოქალაქე, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში იდევნებიან და “თალიბანის” შეტევის გამო საფრთხის ქვეშ არიან, დროებით განათავსონ საკუთარ ტერიტორიებზე.

ტაჯიკეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ავღანელების ქვეყანაში განთავსება ორმხრივი დღის წესრიგის ნაწილს არ შეადგენს. ადრე უზბეკეთმაც განაცხადა, რომ ვერ ხედავს სამართლებრივ საფუძველს იმისთვის, რომ საკუთარ ტერიტორიაზე მიიღოს ავღანეთიდან დევნილები, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში საფრთხის ქვეშ არიან.
ყაზახეთს შეერთებული შტატებისთვის პასუხი ჯერ არ გაუცია.

ტაჯიკეთში პარასკევს, 23 ივლისს განაცხადეს, რომ მეზობელი ავღანეთიდან დაახლოებით 100 ათასი ლტოლვილის მისაღებად ემზადებიან – ტაჯიკეთის საგანგებო სიტუაციათა კომიტეტის თავმჯდომარემ იმომალი იბროხიმზოდამ თქვა. მისი თქმით, სასაზღვრო რაიონებში ორი დიდი საწყობი შენდება ლტოლვილების მომარაგების მიზნით. საუბარია ტაჯიკური წარმოშობის ავღანეთის მოქალაქეებზე, რომლებიც ავღანეთში მოსახლეობის თითქმის მეოთხედს შეადგენენ.

banner
წინა სტატიაშიბოკერია მთავარი არხის გაყიდვების სახლში საგადასახადოს შესვლაზე: ამით მინიმუმ ამოცანა აქვთ თავისუფალი მედიის შენჯღრევის
შემდეგი სტატია“ალტ-ინფოს” და ვასაძის “ერის” მხარდამჭერი ჟურნალისტებს თავს დაესხა