სუს-მა ისტორიული არტეფაქტი – დავით აღმაშენებლის პერიოდის ისტორიული მონეტა აღმოაჩინა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, უნებართვო არქეოლოგიური სამუშაოების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ისტორიული არტეფაქტი – მეფე დავით მეოთხე აღმაშენებლის პერიოდის მონეტა ამოიღეს.

უწყების ცნობით, მონეტის ავთენტურობის დასადგენად ჩატარდა საექსპერტო კვლევა, რომელშიც ჩართულები იყვნენ სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” ექსპერტები და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერები. ექსპერტიზის თანახმად დადგინდა, რომ სპილენძისგან დამზადებული მონეტა მოჭრილია დავით მეოთხე აღმაშენებლის მიერ და არის ორიგინალი.

როგორც სუს-ის განცხადებაშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება და მონეტა წარმოადგენს ნივთმტკიცებას, როგორც განსაკუთრებული ისტორიული ფასეულობის კულტურული მემკვიდრეობა, სათანადო პირობებში შესანახად და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად იგი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.

“მონეტა არის უმნიშვნელოვანესი ისტორიული ღირებულების და მიეკუთვნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. მონეტის საბაზრო ღირებულება – შეუფასებელია.

დღემდე, მსოფლიო ისტორია იცნობდა საქართველოს მეფე დავით აღმაშენებლის მიერ მოჭრილ ერთადერთ უნიკალურ მონეტას, რომელიც დიდი ბრიტანეთის მუზეუმში, კერძოდ ლონდონშია დაცული.

აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, ასევე ამოღებულია, ისტორიული, კულტურული და მეცნიერული ღირებულების მქონე სხვადასხვა არტეფაქტი, რომელთა საბაზრო ღირებულების დადგენა შეუძლებელია.

ამოღებულ არტეფაქტებს შორის არის – 12 ერთეული ბეჭედი, ბრინჯაოს გულსაკიდი ზანზალაკი, 6 ერთეული ორიგინალი ღილი, სხვადასვა პერიოდის მონეტა, აღნიშნული მონეტებიდან 3 ნივთი წარმოადგენს საბჭოთა პერიოდს (XX ს), 3 მონეტა თარიღდება XIII საუკუნით.

აღსანიშნავია XIII საუკუნით დათარიღებული მონეტები, კერძოდ მონღოლური წარმოშობის ვერცხლის მონეტა, ზედწერილით- „დიდი მონღოლი ულუს ბეგი“, ასევე სპილენძის მონეტა რუმის სელჩუკი, რომლის ერთ მხარეს შემორჩენილია არაბული ზედწერილის ფრაგმენტი. აღნიშნული არტეფაქტები, ასევე, გადაეცემა ეროვნულ მუზეუმს”, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგლდანში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა
შემდეგი სტატიაგაზის გაჟონვის შედეგად 22 წლის გოგო გარდაიცვალა – ტრაგედია დიდუბეში