სუს-ის აუდიოჩანაწერი თუ ფაბრიკაცია არ არის, ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადაიდგას

ოპოზიციონერი დეპუტატი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ თუ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი, სადაც უწყების ცნობით, მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს, ავთენტურია და ფაბრიკაცია არ არის, ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

გიგა ბოკერიას თქმით, ჩანაწერი და მოვლენების განვითარება არ სცემს პასუხს კითხვებს, რომელიც იმ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით არსებობს, რომელსაც ფატალური შემთხვევა მოჰყვა.

„მე არაფერს ვაყენებ ავტომატურად კითხვის ნიშნის ქვეშ. ზოგადად, ფონი არის მძიმე ხელისუფლების მიმართ, ამიტომ ვაკეთებ ამ დათქმას. ჩანაწერი თუ ავთენტურია, ეს სერიოზულად მძიმე სურათია და ამას ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები უნდა მოჰყვეს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს განაცხადეს, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე.

სუს-ის ცნობით, დანაშაულებრივი განზრახვის თანახმად, ტერორისტული აქტის ჩადენა იგეგმებოდა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილის და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს, რასაც მოჰყვებოდა მათი და სხვა მოქალაქეთა სიცოცხლის ხელყოფა.

„მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ცნობილი გახდა მალხაზ მაჩალიკაშვილის დანაშაულებრივი განზრახვის შესახებ, ამ დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით, საქმის სავარაუდო ფიგურანტების, მჭიდრო ოპერატიული მეთვალყურეობის ქვეშ აყვანის პარალელურად, გატარდა პრევენციული ხასიათის სხვა ღონისძიებებიც, მათ შორის უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა იოსებ გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ. გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება, რომ 2019 წლის 23 მარტს უშუალოდ მალხაზ მაჩალიკაშვილმა მისცა მითითება მორის მაჩალიკაშვილს, რათა ეს უკანასკნელი ჩამოშორებულიყო ყველა სხვა საქმიანობას და ემუშავა მხოლოდ ერთ პიროვნებაზე – იოსებ გოგაშვილზე. მორის მაჩალიკაშვილს უნდა დაედგინა იოსებ გოგაშვილის საცხოვრებელი მისამართები, გადაადგილების მარშრუტები და, აგრეთვე, გამგზავრებულიყო სოფელ ზემო მაჩხაანში სასაფლაოზე, რათა დაედგინა იოსებ გოგაშვილის მამის საფლავის ადგილმდებარეობა და გადაეღო ფოტოები, ხოლო მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მალხაზ მაჩალიკაშვილი დაგეგმავდა სხვა ქმედებებს“, – აცხადებენ სუს-ში.

banner
წინა სტატიაშიმალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ სუს-ის ბრალდებებზე განცხადებას ადვოკატების თანდასწრებით გააკეთებს
შემდეგი სტატიამალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილმა სუს-ის შენობა დატოვა