სულხან სალაძე – ვითხოვთ, ბიულეტენები გადაითვალონ

region
ავტ.: region ნოემბერი 3, 2020 17:47

სულხან სალაძე – ვითხოვთ, ბიულეტენები გადაითვალონ

ვითხოვთ, ყველა ის უბანი, სადაც არის მეტობა, სადაც არის დისბალანსი ოქმებში, ბიულეტენები იყოს გადათვლილი, ეს არის ჩვენი პოზიცია, – განაცხადა ცესკო-ში სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეხვედრის შემდეგ საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძემ.

„ვიკითხე ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე, რა იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის პოზიცია, ისინი უჭერენ თუ არა მხარს, რომ მთელ რიგ უბნებზეა გადასათვლელი ბიულეტენი. პასუხებზე საუბარი აქ ნაადრევია, მათი ზოგადი პოზიცია არის, რომ დიახ, ისინი იზიარებენ. თუმცა ჩვენ ამას თვალს მივადევნებთ. ჩვენ ამ წუთში 120-მდე საჩივარი გვაქვს, სადაც უმრავლეს შემთხვევაში მოთხოვნილია უბნების გადათვლა ან შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობა. ჩვენ ამ პოზიციიდან გამომდინარე უფრო მეტად მივადევნებთ თვალს. დღეს საილუსტრაციოდ ორი ოქმი მოვიტანე და დავტოვე აქ – ერთი ბათუმიდან იყო, სადაც მეტობა მისულ ამომრჩეველსა და ბიულეტენებს შორის 70-ზე მეტია; ასევე იყო საბურთალოსზე, სადაც ოცით მეტი იყო. იყო შემთხვევები, დაახლოებით 500 ადამიანი გამოცხადდა უბანზე და აქედან 100-ზე მეტი ბიულეტენი იყო ბათილად ცნობილი. ეს არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ძალინ ბევრ ეჭვს იწვევს, რა ფაქტორებთან გვქონდა საქმე“, – განაცხადა სალაძემ.

შეკითხვაზე, მიიღეს თუ არა პასუხი, არის თუ არა ცესკო ხმების დათვლაზე თანახმა, სალაძემ აღნიშნა: „ამასთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება საოლქო კომისიებმა უნდა მიიღონ. ცხადია, ველოდებით საოლქო კომისიების გადაწყვეტილებას. მე ვფიქრობ, რომ ესმის, რომ ერთ-ერთი და სწორი გამოსავალი არის გადათვლა იმ უბნებზე, სადაც ამხელა დისბალანსია. საბოლოო პასუხს ვნახავთ, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული პრაქტიკაში. ახლა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ოლქებმა, ეს არის ერთადეთი გამოსავალი, რომ მთელ რიგ უბნებზე მოხდეს ხელახალი გადათვლა, რომ ჩვენ ვიცოდეთ, სადღაც ვინმეს მართლა შეეშალა თუ რაღაც სხვა პროცესის ნაწილი იყო“.

ამასთან, სულხან სალაძეს ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს უცხოელ დიპლომატებთან დაკავშირებით და დაინტერესდნენ, თუ იზიარებენ მათ პოზიციას.

„არ იქნება კორექტული, რომ ვისაუბრო მათი პოზიციიდან. მე ვფიქრობ, რომ საკმარისი რაოდენობით და იმ შესაძლებლობით, რითაც მათ შეუძლიათ ეს ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდონ, მათ ეს უკვე განაცხადეს ამ დღეებში. ბუნებრივია, ამდენი დიპკორპუსის წარმომადგენელი იყო, ასევე რამდენიმე ელჩი, ადასტურებს იმას, რომ ძალიან მაღალია მათი მხრიდან ინტერესი. ასევე, შემიძლია გითხრათ, რომ აქ წარმოდგენილი დიპკორპუსის დიდი ნაწილი უშუალოდ არის იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებმაც ასევე განსაკუთრებული როლი შეასრულეს იმ პროცესებში, რომელიც საქართველოში საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებას უკავშირდება.

ცენტრალური საარჩევნო კომისია საუბრობდა იმ ტენდენციებზე, რაც სოციალურ ქსელებშია მათ შორის, რამდენიმე კონკრეტული მაგალითი იყო მათი მხრიდან მოყვანილი. მათი შეფასებით, როდესაც არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა. თუმცა, ბოლომდეც რომ გავყვეთ ამ ლოგიკას, რიგ შემთვევაში ასეც არის. ბუნებრივია, არის ძალიან ბევრი საკითხი საუბრებთან დაკავშირებით, მათ შორის დარღვევებთან დაკავშირებით, რაც უფრო სიღრმისეულ შესწავლას საჭიროებს. ჩვენ ამას მივადევნებთ თვალს. ჯამში ჩვენ 300-მდე საჩივარი გვაქვს დაწერილი, აქედან ნახევარი მოდის თითქმის კონკრეტულად უბნების გადათვლაზე.

მთავარი არ არის განწყობები, მთავარია პრაქტიკაში რას ვნახავთ. ჩვენ მივყვებით ყველა საქმეს, სადაც ვთვლით, რომ უნდა მოხდეს გადათვლა, მიუხედავად იმისა, ოლქი მიღებს თუ არა გადაწყვეტილებას, ყველა პროცედურას გავივლით სამართლებრივად და წავიღებთ ამას სასამართლოში, თუ ეს არ მოხდება. როდესაც საუბარია 70-ზე მეტ ბიულეტენზე, ძალიან რთულია, ვილაპარაკოთ, რომ გადათვლის გარეშე რაიმეს გაგება შეგვიძლია, ეს არის ერთადერთი გამოსავალი“, – განაცხადა სულხან სალაძემ.

region
ავტ.: region ნოემბერი 3, 2020 17:47