სოზარ სუბარი – გზა, რომელიც ეკა ბესელიამ აირჩია, არ მგონია, სასამართლოს გაჯანსაღებისთვის სწორი გზა იყოს

გზა, რომელიც ეკა ბესელიამ აირჩია, არ მგონია, სასამართლოს გაჯანსაღებისთვის სწორი გზა იყოს, – ამის შესახებ რეგიონულ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა „ტვ პირველის“ გადაცემაში „დღის ამბები“ განაცხადა.

„თითოეული ადამიანი დანაკლისია, განსაკუთრებით ის ხალხი, ვისთან ერთადაც გამოვიარეთ ძალიან მძიმე ბრძოლა, არა მხოლოდ 2011 წლის შემოდგომიდან. ეკა ბესელიასთან ძალიან დიდი ხნის თანამებრძოლობა და მეგობრობაც მაკავშირებს, მაგრამ ადამიანები თავად ირჩევენ თავიანთ გზას, გზაგასაყარი ზოგჯერ დგება. არ მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში სწორი მიზეზია ის, რის გამოც ეს მოხდა, მაგრამ ჩვეულებრივი პროცესია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, მომავალი საქართველოსთვის სასამართლო რეფორმა, სასამართლოს ბედი უმნიშვნელოვანესია.

სოზარ სუბარს მიიჩნევს, რომ გზა, რომელიც ეკა ბესელიამ აირჩია, სასამართლოს გაჯანსაღებისკენ არ არის მიმართული.

„თუ მართლა ასე ფიქრობს, ამ შემთხვევაში მას გაცილებით ადრე უნდა დაეწყო ეს ბრძოლა და ამოეღო ხმა. თუნდაც მაშინ, როდესაც ის მოსამართლეები, რომელთა მიმართ დღეს ასეთი კრიტიკით გამოდის, უვადოდ აირჩიეს. თუ მაშინ ხმას არ იღებდა ან არ იღებდა ასეთი სიმძაფრით, მაშინ რა მოხდა ამ დროის მონაკვეთში? ახლა მთავარია, რაც ნაკლები იქნება პოლიტიკური და საზოგადოებრივი წნეხი სასამართლოზე. ზოგჯერ ხდება რაღაცის დემონიზება, ეს სისტემა ექცევა ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ფუნქციონირება უჭირს. როდესაც საუბარია გარკვეულ მორალურ წნეხზე, ეს ერთია და როდესაც საუბარია წნეხზე, რომლითაც ცდილობ, სისტემა ჩამოშალო, დაანგრიო და სისტემის დემორალიზება მოახდინო – ეს ორი სხვადასხვა რამეა“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარის განცხადებით, სტრასბურგში წასული საქმეების რაოდენობა ადამიანის უფლებათა დარღვევასთან დაკავშირებით 10-ჯერ არის შემცირებული.

„დღეს გვაქვს აბსოლუტურად სხვა სასამართლო სისტემა. ჩვენ გვქონდა სასამართლო სისტემა, რომელიც წლის განმავლობაში განიხილავდა 18-20 ათას სისხლის სამართლის საქმეს და გამამართლებელი განაჩენი იყო ერთი, ასეთი წელიც იყო 2008-ში. იყო 5-7 გამამართლებელი განაჩენი. ეს იყო 0,001 % და დღეს გვაქვს აბსოლუტურად სხვა ვითარება. ვითარება, როდესაც 10-ჯერ არის შემცირებული სტრასბურგში წასული საქმეების რაოდენობა ადამიანის უფლებათა დარღვევასთან დაკავშირებით. სამჯერ ნაკლებია სასამართლო საქმეები, ვიდრე ვთქვათ, ევროკავშირის წევრი ევროპული სახელმწიფოების, რომლებსაც იმავე რაოდენობის მოსახლეობა ჰყავთ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციებს და ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
შემდეგი სტატიაწვევამდელი ფაზუმ გახრამანოვი აცხადებს, რომ კრწანისის სამხედრო ბაზაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ