ეკა ბესელია საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციებს და ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მოსამზადებლად მომავალი კვირიდან პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციებს და ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

დეპუტატის განმარტებით, საკონსტიტუციო ინიციატივით მოსამართლეთა უვადოდ განწესება უნდა შეჩერდეს.

​„ლუსტრირებისთვის და იმისთვის, რომ გამოჩნდეს პარლამენტი რეალურად არის თუ არა მზად, მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს შეეხმიანოს და განწყობას უპასუხოს, ახალ საკონსტიტუციო ინიციატივაზე მუშაობა უნდა დავიწყოთ, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ განწესების საკითხზე ახალი კონსტიტუციური ცვლილების მომზადებას გულისხმობს. ეს გარანტიას შექმნის, რომ ვიდრე ქვეყანაში მართლმსაჯულების რეფორმა არ დასრულდება და გარანტიები არ შეიქმნება, რომ ქვეყანას ნდობის მანდატით აღჭურვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭო ეყოლება, მანამდე მოსამართლეთა უვადოდ არჩევის საკითხი დღის წესრიგში აღარ დადგება. მინდა, დღეს ეს ინიციატივა გავახმოვანო. როგორც კი იურიდიულმა კომიტეტმა, მოსამართლეთა უვადოდ განწესების თაობაზე ჩვენი ინიციატივა ხელოვნური საბაბით ჩააგდო, მაშინვე ვთქვი, რომ შემდეგი ნაბიჯი კონსტიტუციურ ცვლილებებზე მუშაობა იქნებოდა, რომელიც კონსტიტუციურ დონეზე მოსამართლეთა უვადოდ განწესების საკითხზე ისეთი გადაწყვეტილების მიღებას გულისხმობს, რომელიც მართლაც პირდაპირ ეხმიანება ჩვენი მოსახლეობის განწყობას“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, შემდეგი კვირიდან პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციებს დაიწყებს.

„ამ კონსულტაციების მიზანია, კონსტიტუციური ცვლილებებისთვის ახალი ინიციატივა მომზადდეს, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ განწესების საკითხზე ისეთ შინაარსს ჩადებს, რომელიც მომავალშიც დააზღვევს მოსამართლეთა უვადოდ განწესების საკითხს, რომ მცდარი გადაწყვეტილების მიღება არ მოხდეს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე განმარტებით, ცვლილებები უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებს და უვადოდ განწესებულ მოსამართლეებსაც შეეხება.

„ჩვენ პარლამენტში 76 ხმა გვჭირდება, რათა კონსტიტუციური ცვლილება დარეგისტრირდეს ან 200 000 ამომრჩევლის ხელმოწერაა საჭირო. ამიტომ ორივე გზას დავადგებით. ამ კონსულტაციების მიზანი იქნება, პარლამენტში სიითი შემადგენლობის უმრავლესობა შეგროვდეს, რომელიც ამ ინიციატივას ხელს მოაწერს და გამოჩნდება იმ ადამიანების პოზიცია, ვინც ამბობდა, რომ ამ იდეის მხარდაჭერას კონსტიტუციის ცვლილება სჭირდებოდა და მხოლოდ ორგანული კანონის ცვლილება არ ეყოფოდა. იდეას ვინ რეალურად უჭერს მხარს და ვინ არა, ეს გამოჩნდება. პარალელურ რეჟიმში რომ დავაზღვიოთ, თუ კი ვერ მოგროვდება პარლამენტში 75 დეპუტატი, 200 000 ამომრჩევლის ხელმოწერას შევაგროვებთ და ამ კონსტიტუციური ცვლილების პროექტის ინიცირებას პარლამენტში დავიწყებთ. პარლამენტს მოვუწოდებ ამ იდეას გამოეხმაუროს და ჩვენი მოქალაქეების აზრი და პოზიცია გავითვალისწინოთ. ან თავად ვიყოთ პარლამენტის წევრები ასეთი კანონპროექტის ინიციატორები, ან ამ იდეის ინიციატორი ჩვენთან ერთად გახდება საქართველოს 200 000 ამომრჩევლის ნება. ძალიან ღიად, ყოველგვარი შეფარვის გარეშე გამოჩნდება, ვინ დგას საკუთარი მოქალაქეების პოზიციაზე და ვისთვის არის საქართველოს მოქალაქეების ხმა გასაგები“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, ცვლილება კონსტიტუციის ორ მუხლს, 61-ე და 63 მუხლებს შეეხება.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: რევანში არ შედგა !
შემდეგი სტატიასოზარ სუბარი – გზა, რომელიც ეკა ბესელიამ აირჩია, არ მგონია, სასამართლოს გაჯანსაღებისთვის სწორი გზა იყოს