სოსო ფხაკაძე: მადლობას ვუხდი სასამართლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას იმ განწყობისთვის, რაც დღეს ბიზნესმა დაინახა

საქართველოს ბიზნესასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ”ვისოლ ჯგუფის” დამფუძნებელი სოსო ფხაკაძე სასამართლო ხელისუფლების ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრას ღირებულს უწოდებს.

ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრა სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ორ საათს გაგრძელდა.

„შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ბიზნესის კიდევ უფრო განვითარებისთვის, რათა კიდევ უფრი მეტად დაეხმაროს ეკონომიკის განვითარებას ქვეყანაში. ეს მნიშვნელოვანია. კონტრაქტების ეფექტური აღსრულების სისტემის არსებობა არის მთავარი ატრიბუტი იმისათვის, რომ ქვეყანაში ჯანსაღი ბიზნეს გარემო იყოს, ეს ნიშნავს ბიზნესისთვის უფრო ნაკლებ რისკს, უფრო ნაკლებ დანახარჯებს და საბოლოო ჯამში, უფრო მეტ ნდობას აძლევს როგორ უცხოელ, ასევე ადგილობრივ ბიზნესმენს, უფრო მეტი ინვესტიცია ჩადოს ქვეყანაში, უფრო მეტი სამუშაო ადგილი შექმნას. მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, როგორც სასამართლო, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებას იმ პათოსისათვის, პოზიტიური განწყობისთვის, რაც ბიზნესმა დღეს დავინახეთ, მადლობას ვუხდი“, – განაცხადა ფხაკაძემ.

როგორც ბიზნესმენმა აღნიშნა, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ამ ფორმატში შეხვედრები გაგრძელდება.

”შეხვედრაზე ჩვენ ორი საკითხი დავასახელეთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გადაწყდეს. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ავალდებულებს სასამართლო უწყებას, მაინც ხდება გაჭიანურება გარკვეული ბიზნესდავების. ეს აიხსნება იმით, რომ ბევრი საქმეა და მოსამართლეთა რაოდენობა არ არის საკმარისი. გულწრფელი იყო ამასთან დაკავშირებით სასამართლო ხელისუფლება. მათ კარგად ახსნეს, თუ რითია ეს პრობლემა გამოწვეული. ასევე გვითხრეს, როგორ მოხდება ამ პრობლემის აღმოფხვრა. მეორე საკითხი იყო კომპეტენციების პრობლემა. როცა საქმე ეხება უფრო მეტად საინვესტიციო საკითხებს, კონკურენციასთან დაკავშირებულ საკითხებს და ა.შ. ვაწყდებით გარკვეულწილად კომპეტენციის პრობლემას. ამასთან დაკავშირებით გვქონდა ღია საუბარი და სასამართლო ხელისუფლება დაგვპირდა, რომ ხარისხობრივი პარამეტრების აწევა მოხდება, რაც ძალიან დიდი სიკეთეა და ხელს შეუწყობს ქართული ბიზნესის შემდგომ განვითარებას”, – განაცხადა ფხაკაძემ.

banner
წინა სტატიაშისტამბოლის აეროპორტში დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიაერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3423 ლარი