სოსო გოგაშვილს წლებია, „ოცნებასთან“ არავითარი შეხება არ აქვს, უმჯობესია, ამ თემაზე კომენტარები აკეთონ არა პოლიტიკოსებმა, არამედ სამართალდამცავმა ორგანოებმა – კობახიძე

სოსო გოგაშვილს წლებია, ძალიან დიდი ხანია, „ოცნებასთან“ არავითარი შეხება არ აქვს, უმჯობესია, ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარები აკეთონ არა პოლიტიკოსებმა, არამედ სამართალდამცავმა ორგანოებმა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, უნდა დაველოდოთ სამართალდამცავი ორგანოების კომენტარს იმასთან დაკავშირებით, რას ეხება სისხლის სამართლის საქმის გამოძიება.

„დეტალებს მოვისმენთ მათგან. მთავარია, დანაშაული თუ არის ჩადენილი, ამ შემთხვევაში, მას სჭირდება გამოძიება და შესაბამის კითხვებზე პასუხს გაგცემენ სამართალდამცავი ორგანოები. მათი საქმეა ეს ყველაფერი. როდესაც ჩაითვალა, რომ საკმარისი იყო მტკიცებულებები, მაშინ დაიწყო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილე სოსო გოგაშვილს დღეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა იოსებ გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურის წარმომადგენლებმა აშშ-ის ჯორჯიის შტატის მოსამართლესთან სამუშაო შეხვედრები გამართეს
შემდეგი სტატიაარავის, მათ შორის არც დეპუტატს, დიპლომატს არ უნდა ჰქონდეს უფლება, დაიბაროს მოსამართლე და კონკრეტულ საქმეზე ანგარიში მოსთხოვოს – კობახიძე