არავის, მათ შორის არც დეპუტატს, დიპლომატს არ უნდა ჰქონდეს უფლება, დაიბაროს მოსამართლე და კონკრეტულ საქმეზე ანგარიში მოსთხოვოს – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია საკმაოდ სკანდალურია, რასაც მკაფიო პასუხები სჭირდება. მისივე თქმით, როდესაც მოსამართლე ბრალდებას უყენებს დიპლომატს, აუცილებლად გასარკვევია, რაში იყო საქმე.

საუბარია მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის იმ განცხადებაზე, სადაც ჩხიკვაძე ამბობს: „გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, შეხვედრა მქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან. მითხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და გამოვიყენე თავისუფლების აღკვეთა“.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, არავის არ უნდა ჰქონდეს უფლება, მათ შორის არც დეპუტატს, პოლიტიკოსს და არც დიპლომატს, რომ დაიბაროს რომელიმე მოსამართლე და კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ანგარიში მოსთხოვოს.

„საკმაოდ სკანდალური ინფორმაციაა, რაც გაავრცელა მოსამართლემ. პრაქტიკულად ბრალდება არის წაყენებული კონკრეტული დიპლომატის მიმართ, კონკრეტული საელჩოს თანამშრომლის მიმართ. ამას სჭირდება რა თქმა უნდა, მკაფიო პასუხის გაცემა. როდესაც მოსამართლე, რომელსაც საქართველოს სახელით გამოაქვს გადაწყვეტილებები, განაჩენები ასეთი ხარისხით ბრალდებას უყენებს დიპლომატს, ამას სჭირდება მკაფიო პასუხი. უნდა გავერკვეთ, რაში იყო საქმე. არავის არ უნდა ჰქონდეს იმის უფლება, მათ შორის არც დეპუტატს, პოლიტიკოსს და არც დიპლომატს, რომ დაიბაროს რომელიმე მოსამართლე და მოსთხოვოს ანგარიში კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. მით უმეტეს საქმე ეხება იმას, რომ ამ საქმის გამო ვიზიტიც გაუქმდა. ეს საერთოდ კატასტროფაა. ეს არის როგორც ვენის კონვენციის დარღვევა, ასევე საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა და ამას სჭირდება ჩაძიება. ამის მარტივად გატარება არ შეიძლება, როდესაც მოსამართლე ასეთ ბრალდებას აყენებს. პროკურატურას მიმართა და ელოდება გამოძიებას. როგორც კი მიმართა მაშინვე დაიწყო პროცესი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშისოსო გოგაშვილს წლებია, „ოცნებასთან“ არავითარი შეხება არ აქვს, უმჯობესია, ამ თემაზე კომენტარები აკეთონ არა პოლიტიკოსებმა, არამედ სამართალდამცავმა ორგანოებმა – კობახიძე
შემდეგი სტატიაSBU-მ დააკავა ბელარუსის რკინიგზის 3 მატარებელი, რომელმაც უკრაინაში ოკუპანტები გადაიყვანა