სოფო ხორგუანი მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედურ არჩევნებში კენჭს იყრის

უფლებადამცველი და სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე სოფო ხორგუანი მთაწმინდის ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში კენჭს იყრის. ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორგუანმა დღეს განუცხადა.

მისი თქმით, არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მიიღებს და ჯერ არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან კონსულტაცია არ ჰქონია.

„28 ოქტომბერს აღმოვაჩინე რეალობა, რომ ისევ იქ ვართ, სადაც ვიყავით 2012 წელს. ადამიანები, რომლებიც მოვიდნენ ხელისუფლებაში, რომელთაც უნდა შეეცვალათ ვითარება ამ ქვეყანაში, ვერ გაართვეს თავი ისე, როგორც ამომრჩეველი ელოდებოდა. ნიჰილიზმის განცდა ძალიან დამთრგუნველია. ვფიქრობ, ჩემი ცოდნითა და გამოცდილებით შევძლებ, ხელისუფლება უფრო მეტად ავამუშაო“, – განაცხადა ხორგუანმა.

მისი თქმით, პოლიტიკოსების უმრავლესობას პასუხისმგებლობა არ აქვს. ხორგუანის შეფასებით, ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც ყველაფერზე ერთი პასუხი აქვთ.

მთაწმინდის საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები 2019 წლის გაზაფხულზე, აპრილში ჩატარდება. შუალედური არჩევნების დანიშვნის მიზეზი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაა, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტში მთაწმინდის ოლქის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

banner
წინა სტატიაშისამეგრელო-ზემო სვანეთის სუს-ის უფროსად ყოფილი ზონდერი ინიშნება?!
შემდეგი სტატიამწვავე დაპირისპირება “ქართულ ოცნებაში” – ეკა ბესელიამ მხარდამჭერებთან კონსულტაციები დაიწყო