სოფელ კაბალში მომხდარი აფეთქებების ფაქტებზე 3 პირს ბრალდება წარედგინა

პროკურატურამ სოფელ კაბალში მომხდარი აფეთქებების ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი აფეთქებებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების ჯგუფურად შეძენის, შენახვისა და ტარების ფაქტებზე, ა.ნ.-ს, რ.ა.-ს და გ.მ-ს წარედგინათ.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ნ.-მ წარსულში არსებული ფინანსური დავის გამო, ფინანსური და მატერიალური სარგებლის მიღების და დაშინების მიზნით, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში მცხოვრები მ.ნ.-ს და ი.მ.-ს საცხოვრებელი სახლების ეზოებში აფეთქების მოწყობა გადაწყვიტა. ბრალდებული შეუთანხმდა რ.ა-ს და გ.მ.-ს, რომლებსაც ფულადი თანხის გადახდის სანაცვლოდ, აფეთქება უნდა განეხორციელებინათ. 2021 წლის სექტემბერში, ა.ნ.-მ ასაფეთქებელი მოწყობილობა გადასცა რ.ა.-ს, რომელსაც ასაფეთქებელი მოწყობილობის მოქმედებაში მოყვანის დროის და ადგილის შესახებ მიუთითა. 2021 წლის 19 სექტემბერს, ღამის საათებში, რ.ა.-მ სოფელ კაბალში მ.ნ.-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში განზრახ ააფეთქა ასაფეთქებელი მოწყობილობა, რითაც დაზიანდა მ.ნ.-ის ავტომობილები და საცხოვრებელი სახლი. მეორე აფეთქების განხორციელების მიზნით, 2021 წლის ოქტომბრის დასაწყისში, რ.ა-მ და გ.მ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ასაფეთქებელი მოწყობილობა და ასევე ა.ნ.-ს დავალებით, 2021 წლის 4 ოქტომბერს, ი.მ-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში ორი ცალი ასაფეთქებელი მოწყობილობა გადააგდეს, რის შედეგადაც ი.მ-ს ავტომობილი და საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.

სამართალდამცველებმა რ.ა. და გ.მ. 2021 წლის 8 და 9 ოქტომბერს დააკავეს.

პროკურატურამ რ.ა.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, (ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება ჯგუფურად) და სსკ-ის 229-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) (აფეთქება წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარუდგინა. გ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება ჯგუფურად) და სსკ-ის 229-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (აფეთქება წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინა. რაც შეეხება ა.ნ.-ს, რომელმაც საქართველოს ტერიტორია 2021 წლის 18 სექტემბერს დატოვა, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) და 25.229-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) (აფეთქება წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ) დაუსწრებლად წარედგინა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, გურჯაანის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

წინა სტატიაშიბათუმში ტრაგედიის ადგილზე მოქალაქეები მიდიან და ყვავილებს ტოვებენ
შემდეგი სტატიასაგარეო უწყება ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის გამო მიღებული თანაგრძნობისთვის საერთაშორისო საზოგადოებას მადლობას უხდის