სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებას – სომხეთის პრეზიდენტი

სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებას. კმაყოფილებით უნდა აღვნიშნო, რომ მდიდარ ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობასა და იდენტურ ფასეულობებზე დამყარებული ორი ძმური ხალხის ტრადიციული, მეგობრული ურთიერთობები თანმიმდევრული მუშაობის შედეგად უფრო მყარდება და შემდგომი ურთიერთობისთვის უფრო ძლიერ საფუძველს ქმნის, – ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ვაჰაგნ ხაჩატურიანმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ხაჩატურიანის თქმით, მაღალი დონის შეხვედრების ინტენსივობა მოწმობს, რომ ყველა მიმართულებით ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის მეტად გაფართოების ორმხრივად აღებული ვალდებულებები სრულდება.

„სომხურ-ქართულ ურთიერთობებს სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის პროგრამაში ეწოდება ურთიერთობები განსაკუთრებულად კეთილმეზობლური და ასეთი კვალიფიკაცია განაპირობებს უმაღლეს დონეზე ორმხრივი შეხვედრების პერიოდულობას, ასევე ხშირია უწყებათაშორისი კონტაქტები, თანამშრომლობა იზრდება სხვადასხვა სფეროში და ეს ყველაფერი ეფუძნება სრულ ურთიერთნდობას. დღეს, მე და ქალბატონ პრეზიდენტს მოკლე პერიოდში უამრავი საკითხი გვაქვს განხილული. ძირითადად, შევჯერდით ტრანსპორტზე, კავშირგაბმულობაზე, კომუნიკაციაზე, ჰუმანიტარულ საკითხებზე. კერძოდ, განვიხილეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც მიზნად ისახავს სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საერთაშორისო პროექტებში ჩართვას, მაგალითად, სპარსეთის ყურე – შავი ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი.

ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი აღებული ვალდებულება, შევინარჩუნოთ ჩვენი მრავალმხრივი ურთიერთობის მაღალი დონე და ვისაუბრეთ მაღალი ტექნოლოგიების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე. ეს ჩვენი ქვეყნებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება და რეგიონშიც მოგვცემს წარმატების საშუალებას. ასევე საჭიროა, ყველამ თავისი გამოცდილება გაუზიაროს მეზობელ სახელმწიფოს. ვფიქრობ, ჩვენი არჩეული სხვადასხვა გზა შესაძლებლობას მოგვცემს გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები. ასევე ვისაუბრეთ უსაფრთხოებაზე, რეგიონულ საკითხებზე. მინდა ხაზი გავუსვა, რომ რეგიონულ და მშვიდობის საკითხებში ყველაფერი ეფუძნება ქართულ-სომხურ მეგობრობას“, – განაცხადა ვაჰაგნ ხაჩატურიანი.

banner
წინა სტატიაშიჯო ბაიდენის განცხადებით, ვაშინგტონი უკრაინაში არ გაგზავნის ისეთ სარაკეტო სისტემებს, რომლებიც რუსეთს მისწვდება
შემდეგი სტატიალუკაშენკომ უკრაინის მახლობლად „სამობილიზაციო წვრთნები“ დაგეგმა – მედია