გადაწყდა, სოხუმის აეროპორტი რუს ინვესტორს გადაეცემა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა 30 ხმით 2-ის წინააღმდეგ (ერთმა დეპუტატმა თავი შეიკავა) მხარი დაუჭირა მოსკოვსა და სოხუმს შორის 16 ივნისს გაფორმებული ე.წ. მთავრობათაშორისი შეთანხმების რატიფიკაციას, რამაც გზა გაუხსნა რუსულ კომპანიებს (იურიდიულ პირებს) აღადგინონ და შეღავათიანი პირობებით 49 წლის განმავლობაში მართონ სოხუმის ბაბუშარის აეროპორტი. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ასლან ბჟანია აეროპორტის აღდგენას პოლიტიკური და ეკონომიკური გარღვევის მნიშვნელოვან წინაპირობად მიიჩნევს, ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემა მხოლოდ რუსეთისა და აფხაზეთის ხელისუფლების ცალკეულ პირთა ინტერესებში შედის.
26 ივლისს გამართულ სხდომაზე შეთანხმების პროექტი დეპუტატებს აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის საერთაშორისო საკითხების, პარლამენტთაშორისი კავშირებისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ალხას ბარციცმა წარუდგინა, დოკუმენტის რატიფიცირების შემდეგ მანვე ილაპარაკა შეთანხმების ძირითად პუნქტებზე.
ინვესტიციის სავარაუდო მოცულობა – 6 – 10 მლრდ რუბლი (1 მლრდ რუბლი – 11,1 მლნ დოლარი)
იჯარის ვადა – 49 წელი
გადასახადებისგან თავისუფალი (შეღავათიანი) პერიოდი – 25 წელი
ინვესტორს გადაცემა როგორც აეროპორტის ინფრასტრუქტურა, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მიმდებარე ტერიტორიები და მასზე განთავსებული შენობები
აფხაზური მხარე თავის თავზე იღებს: ა) აეროპორტამდე მიიყვანოს საგზაო ინფრასტრუქტურის ბ) უზრუნველყოს აეროპორტის ელექტროენერგიით (ჯერ 1,5 მგვტ, შემდეგ კი 4 მგვტ) უზრუნველყოფა, რისთვისაც კაპიტალურად უნდა განაახლოს აგუძერისა და დრანდის ქვესადგურები
ალხას ბარციცის თქმით, პროექტის განხორციელების სურვილს უკვე გამოთქვამს, სულ ცოტა, ორი ინვესტორი, საბოლოო გადაწყვეტილებას კი მიიღებს მთავრობათაშორისი კომისია. ამის შემდეგ აფხაზეთის რესპუბლიკა ცალკე შეთანხმებას გააფორმებს ინვესტორთან, რუსეთში რეგისტრირებულ იურიდიულ პირთან, შედგება ე.წ. მასტერ-გეგმა, რომლის მიხედვითაც განხორციელდება პროექტი.
„პროექტი ითვალისწინებს აეროპორტის მთელი კომპლექსის – აეროდრომის, აეროვაგზლისა და ტვირთებისა და მგზავრების გადაყვანისთვის საჭირო ობიექტების მშენებლობა-რეკონსტრუქციას. ამასთან, აეროდრომი და აეროდრომის ინფრასტრუქტურა ინარჩუნებენ სახელმწიფო საკუთრების სტატუსს, თუმცა გადადიან ინვესტორის გრძელვადიან სარგებლობაში“, – ამბობს ალხას ბარციცი.