“რუსეთი ამ აეროპორტის მითვისებით, არღვევს ყველანაირ საერთაშორისო ნორმას” – პაატა დავითაია სოხუმის აეროპორტის გასხვისებაზე

30 ხმა 2-ის წინააღმდეგ და ერთი დეპუტატის თავშეკავება ხმის მიცემასთან დაკავშირებით. ასე, გადანაწილდა კვოტები აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში და მოსკოვსა და სოხუმს შორის 16 ივნისს გაფორმებული ე.წ. მთავრობათაშორისი შეთანხმების რატიფიკაციისთვის მხარდასაჭერი კენჭისყრის შედეგად გადაწყდა, რომ სოხუმის აეროპორტი რუს ინვესტორს გადაეცემა.

როგორც პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ “თაიმერთან” საუბრისას განაცხადა, სოხუმის “ბაბუშარის” აეროპორტის მითვისებით, რუსეთის ფედერაცია საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას აწარმოებს და ანექსიაზე გადადის.

“ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყანა აწარმოებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას და გადადის ანექსიის მომენტებზე. ეს დაკავშირებულია “ბაბუშარის” აეროპორტის მითვისებაზე, რომელიც არასებულმა პარლამენტმა რუსეთის ფედერაციას გადაუფორმა. “ბაბუშარის” აეროპორტი არის “იკაოს” წევრი, აქედან გამომდინარე, რუსეთი ამ აეროპორტის მითვისებით, არღვევს ყველანაირ საერთაშორისო ნორმას”, – განმარტა დავითაიამ.

მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ფაქტზე დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება. პაატა დავითაია, შესაბამისი მოთხოვნით, საქართველოს მთავრობას მიმართავს:

“მივმართავ ხელისუფლებას, რომ პირველ რიგში, ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ჩააყენოს საქმის კურსში, თუ, როგორ ახორციელებს ანექსიას რუსეთის ფედერაცია; მეორე – მიმართოს “იკაოს”, რომ რუსეთი არღვევს საერთაშორისო ფრენების ხელშეკრულებას და იგივე, “ბაბუშარის” აეროპორტი, რომელიც დახურულია “იკაოს” მიერ, იწყებს ფუნქციონირებას რუსეთის ფედერაციის ქვეშ, რაც ყველანაირი ნორმის დარღვევაა და ასევე, მინდა ხაზი გავუსვა, რომ რუსეთი ამას აკეთებს სანქციებისთვის თავის არიდების მიზნით, რომ არ იყოს ფიქსირებული, თუ რომელი თვითმფრინავები ჯდება არარსებულ სახელმწიფო წარმონაქმნ, აფხაზეთში, კერძოდ “ბაბუშარის” აეროპორტში. მოვუწოდებ სახელმწოფოს მეთაურებს, კერძოდ კი, გენერალურ პროკურატურას, ასევე, დაიწყოს გამოძიება იმასთან დაკავშირებით, თუ, როგორ ხდება საქართველოს კუთვნილი ობიექტის მითვისება რუსეთის ფედერაციის მხრიდან, არარსებულ პარლამენტთან შეთანხმებით, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია”, – განაცხადა “ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარემ.

პაატა დავითაია მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ, აღნიშნული ქმედებების განხორციელების აუცილებლობა, შემდგომში, რუსეთის მხრიდან ანექსიის გაგრძელების თავიდან არიდებას განაპირობებს.

“ყველა ეს ქმედებები უნდა იყოს განხორციელებული იმისთვის, რომ რუსეთმა შემდგომში არ გააგრძელოს ანექსია და არ დაიწყოს ჩვენი ტერიტორიების მითვისება. ამას სჭირდება მკვეთრი რეაგირება”, – დასძინა მან.

უცნობია, რამდენად ჰქონდათ გათვალისწინებული შედეგები აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატებს, რომლებმაც კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს და რომლის მიხედვითაც, რუსულ კომპანიებსა და იურიდიულ პირებს, ფაქტობრივად, გზა გაეხსნათ, რადგან ისინი შეძლებენ, სოხუმის “ბაბუშარის” აეროპორტი 49 წლის განმავლობაში მართონ.

ცნობისთვის, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ასლან ბჟანია აეროპორტის აღდგენას პოლიტიკური და ეკონომიკური გარღვევის მნიშვნელოვან წინაპირობად მიიჩნევს, ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემა მხოლოდ რუსეთისა და აფხაზეთის ხელისუფლების ცალკეულ პირთა ინტერესებში შედის.

მზეკო ჟვანია

banner
წინა სტატიაშისოხუმის აეროპორტი 49 წლით რუსეთის მართვაში გადავა
შემდეგი სტატიარუსი მეტოქისთვის ხელის არჩამორთმევამ უკრაინელი მოფარიკავის დისკვალიფიკაცია გამოიწვია