სოციალური სამსახურის უფროსმა და მისმა მოადგილემ მილიონამდე ლარის უძრავი ქონება შეიძინეს – ენმ საკითხით დაინტერესებას საგამოძიებო უწყებებს სთხოვს

სოციალური სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის და მისი მოადგილის ქონება მილიონობით ლარს აღწევს. „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, დეკლარაციიდან ირკვევა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თამაზ მოდებაძემ სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, იძულებითი აუქციონებიდან მიწის სამი ნაკვეთი და ორი საცხოვრებელი ბინა შეიძინა.

მისმა მეუღლემ კი თბილისში, 2015 წელს 300 000 ლარამდე ღირებულების საცხოვრებელი სახლი იყიდა. ლევან ხაბეიშვილის თქმით, მიწის ნაკვეთების ჯამური ღირებულება მილიონ ლარს აღწევს.

მილიონ ლარამდეა მოდებაძის მოადგილის შენაძენიც. დეკლარაციის მიხედვით, ლევან გოგაძემ 2012 წლის შემდეგ 5 უძრავი ქონება შეიძინა, რომლის საერთო ღირებულება 931 ათას 200 ლარია.

ოპოზიცია შესაბამის უწყებებს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. ხელისუფლების ოპონენტებს აინტერესებთ, როგორ მოახერხეს საჯარო მოხელეებმა სახელფასო ანაზღაურებით, მილიონამდე ლარის ღირებულების ქონების დაგროვება.

„ბატონი გოგაძის დეკლარაციიდან ირკვევა, რომელიც არის სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე, რომ მან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დღემდე, შეიძინა ორი საცხოვრებელი ბინა და 3 მიწის ნაკვეთი, რომლის ჯამური ღირებულება არის 1 მილიონ ლარამდე, ასევე ბატონი მოდებაძის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე, ასევე სამი მიწის ნაკვეთ და 2 საცხოვრებელი ბინა შეიძინა. ლეგიტიმური კითხვა გვაქვს, თუ კეთილსინდისიერი ხალხია და მუშაობენ მხოლოდ ხელფასზე და ანაზღაურებაზე, როგორ ხდება, რომ რამდენიმე წელში მათ დააგროვეს მილიონობით ლარის ქონება,“-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

banner
წინა სტატიაშიზალკალიანი ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესაძლო საფრთხეებზე საუბრობს
შემდეგი სტატიასაზარელი მკვლელობა საგარეჯოში – მამაკაცმა შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა