სკანდალის დეტალები-საქართველოს რკინიგზის საიდუმლო რუსული გარიგება

გო2014 წელს რუსული სატრანსპორტო კომპანია «Аэроэкспре́сс» კონტრაქტს დებს შვეიცარიულ კომპანიასთან Stadler Rail AG 25 ორსართულიანი ელექტრომატარებლის შესყიდვის შესახებ, რათა მგზავრები გადაიყვანოს მოსკოვის ცენტრიდან საერთაშორისო აეროპორტებამდე; გადაწყვეტილების საფუძველს წარმოადგენს კვლევის შედეგები, რომლის თანახმად მგზავრთნაკადის მოცულობა ხსენებულ მიმართულებებზე 20 %-ით გაიზრდება. არჩევანი გაკეთდა საგარეუბნო მატარებელზე Stadler KISS. პირველი სამი მატარებელი აშენდა შვეიცარიაში არსებულ Stadler-ის ქარხანაში რუსი ტექნიკოსების მითითებებით, რუსეთის კლიმატის და რუსეთის რკინიგზის თავისებურებების გათვალისწინებით, დანარჩენი უნდა აშენებულიყო მინსკის მახლობლად განლაგებულ ქარხანაში.

გეგმის მიხედვით მატარებლები ხაზებზე განაწილდა შემდეგნაირად:

– ვნუკოვოს მიმართულებით – 6 ვაგონიანი შემადგენლობები;

– შერემეტიევოს მიმართულებით – 4+4 სქემით, ანუ ორი შეწყვილებული ოთხვაგონიანი შემადგენლობები;

– დომოდედოვის მიმართულებით – 4+6 სქემით, ანუ ორი შეწყვილებული ოთხ- და ექვსვაგონიანი შემადგენლობები.

მოხდა გაუთვალისწინებელი რამ: ნავთობის კრიზისის, აგრეთვე რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციებისა და შემდგომში რუბლის კურსის დაცემის გამო, სატრანსპორტო კომპანიაში მალე ფინანსური გართულებები დაიწყო… და მატარებლები „გაიჭედნენ“ ბელორუსის ქალაქ შკლოვში არსებულ ბაზაზე, ახალი პატრონის მოლოდინში.

რუსებმა მომსახურებაგასაწევი ხაზების რიგიდან ამოიღეს შერემეტევოს მიმართულება და დაიწყეს იმ მატარებლების გაყიდვაზე მუშაობა, რომლებსაც ამ მარშრუტზე უნდა ემუშავათ. ამოქმედდა საბჭოთა კავშირის დროინდელი კავშირები, რაც ყველაზე მეტად სარკინიგზო სივრცეშია შემორჩენილი და… ხუთი მატარებელი აზერბაიჯანში გაიყიდა, ოთხი – საქართველოში! ოღონდ აზერბაიჯანელებმა ეს მატარებლები 35 კმ სიგრძის მარშრუტზე ბაქო-სუმგაიტი დააყენეს, რადგან იციან რომ ეს მატარებლები საგარეუბნო მატარებლებია, ე.წ. „ელექტრიჩკები“, ხოლო ქართველებმა ვერ გაიგეს ამ მატარებლების დანიშნულება და თბილისიდან შავი ზღვის კურორტებამდე, 300 კმ-ზე მეტ მანძილზე, აპირებენ მგზავრთა მომსახურებას.

«Аэроэкспре́сс»-ის კრიზისი თითქოსდა ამით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ… მაგრამ პროცესებში, სად და როდის – ნამდვილად არ ვიცი, ჩაერთო Газпромба́нк – რუსეთის აირის მრეწველობის კომერციული ბანკი, რომელიც აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ 2014 წლის 17 ივლისს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღებასთან დაკავშირებით სანქციადასადები კომპანიების სიაში შეიყვანა; 2015 წლის სექტემბერში აღნიშნული ბანკი შეიყვანეს უკრაინის სანქციადასადები კომპანიების სიაშიც; სანქციები ითვალისწინებს აქტივების ბლოკირებას და უკრაინის მხრიდან ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შესრულების შეჩერებას.

კომერციულმა ბანკმაГазпромба́нк უზრუნველყო ახალი კონტრაქტი Stadler-სა და «Аэроэкспре́сс»-ს შორის დაახლოებით 150 მილიონი ევროს ოდენობით, რომლის თანახმად შვეიცარიული კომპანია რუსეთის სატრანსპორტო კომპანიისათვის 11 მატარებელს ააშენებს, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისათვის ფეხბურთში!

აი, ეს არის მთელი ისტორია Stadler KISS-თან დაკავშირებით, მოკლედ და გასაგებად. დანარჩენი საზოგადოებამ განსაჯოს, ვის რა როლი და ფუნქცია დაეკისრა აღნიშნულ გარიგებაში!

მართლაც რომ სიურპრიზია!

„საქართველოს რკინიგზის“ დირექტორთა საბჭოს და მისი თავმჯდომარის მხრიდან ეს არის თითქმის ოთხი წლის განმავლობაში არაკომპეტენტურობის, უუნარობის, განადგურებული ინფრასტრუქტურის, ყოვლად უაზრო და არაფრისმომცემი „რეორგანიზაციის“, ევროკავშირის დირექტივების შეუსრულებლობის, რკინიგზის ინჟინრის, როგორც სარკინიგზო დარგის მთავარი ფიგურის, არაღიარებისა და განადგურების, თანამშრომლებში მოტივაციისა და ხვალინდელი დღის იმედის ჩაკვლის, ყველაფრის ფასად დაკავებული თანამდებობების შენარჩუნებისათვის მუდმივი ბრძოლის გადაფარვის მცდელობა – უსუსური და გრძელვადიან პერსპექტივაში მარცხისათვის განწირული მცდელობა!

„აქცენტი“

„პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის“ დამფუძნებელი დავით გოჩავა

banner
წინა სტატიაშიამერიკელი მომღერალი კრისტინა გრემი მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაორმაგი ტერაქტი დამასკოში