ახალი სკანდალი – კულტურის სამინისტროს გულგრილობაში ამხელენ

ახალი სკანდალი - ფიროსმანი „სოთბის“ აუქციონზე ისევ რუსული სექციით იყიდება

firosmani

საქართველოს კულტურის სამინისტრო მორიგ სკანდალში ეხვევა, თუმცა ამჯერად, საქმე შესაძლოა, საერთაშორისო აჟიოტაჟამდეც მივიდეს. ზოგადად, თუ კარგად დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, კულტურის უწყება დაწყევლილია – მირიანე (გურამ) ოდიშარიას გარშემო სკანდალი მაშინ აგორდა, ვიდრე ჯერ კიდევ მინისტრობის კანდიდატი იყო. მისი შემცვლელის, მიხეილ გირგაძის კარიერა კი, როგორც „თაიმერი“ უკვე წერდა, სავსებით შესაძლებელია, სამართალდამცავ უწყებებში დაკითხვებით გაგრძელდეს.

რაც შეეხება ახალ სკანდალს, როგორც „თაიმერის“ წყარო ჩვენთან კონფდენციალური საუბრის დროს ამბობს, ჯერ ის უნდა გაირკვეს, სახეზე ჩვეულებრივი გულგრილობაა თუ შეუსრულებელი დაპირება? ალბათ, იკითხავთ, ასეთი რა ხდება, უფრო სწორად, იმაზე მეტი რაღა უნდა მოხდეს, რაც კულტურის სამინისტროში არსებულ ფინანსურ მაქინაციებზე „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ დასკვნაშია ნათქვამიო, მაგრამ ერთია ფინანსები, მეორე კი – ეროვნული ღირსება.

მაშ, ასე: ისტორია, როგორც ჩანს, მეორდება და, როგორც ჩვენი წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია მოწმობს,  7 ივნისს, „სოთბის“ აუქციონზე,  გენიოსი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ტილო – „შველი წყლის პირას“  ისევ რუსული მხატვრობის სექციით გაიყიდება (ლოტი 82,  საწყისი ფასი 150 000 ფუნტ-სტერლინგი). ასევე, 7 ივნისს, ასევე, რუსული მხატვრობის სექციით, ლადო გუდიაშვილის „ფიროსმანის პორტრეტიც“ გიყიდება (ლოტი 83).

„ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ქართველი ავტორები რუსული არტის სექციით იყიდება. ეს ტენდენცია წლების მანძილზე გრძელდება. ბოლო გახმაურებული ისტორია 2015 წლის გაზაფხულზე მოხდა, როცა ფიროსმანის ლეგენდარული ნამუშვარი – „არსენალის მთა“, ასევე, რუსული მხატვრობის სექციით გავიდა „კრისტის“ აუქციონზე, რასაც, ალბათ, გახსოვთ, ცნობილი საზოგადო მოღვაწეების მხრიდან აქტიური პროტესტი მოჰყვა. ნამუშვარი საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა და ეროვნულ მუზეუმს საჩუქრად გადასცა,“ – იხენებს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო, რომელსაც არც იმის თქმა ავიწყდება, რომ ერთი წლის წინ, „კრისტის“ აუქციონის დღეებში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მაღალჩნოსნებმა პირობა დადეს, ცნობილ სააუქციონო სახლებთან მუშაობას დავიწყებთ, რომ ქართველი ნამუშევრები რუსული არტის სექციას აღარ მიაკუთვნონ და მათი შესაბამის განყოფილებასთან იდენტიფიცირება მოხდესო.

„ამ დაპირებიდან ერთი წელი გავიდა, მაგრამ რათ გინდათ? – დაპირება დაპირებად დარჩა და ისტორია ისევ მეორდება. მესმის, რომ  ისეთი პატარა ქვეყანის ხელოვანები, როგორიც საქართველოა, მსოფლიოსი ცნობილ აუქციონებზე ქართული არტის სახელით ვერ გაიყიდებიან, მაგრამ როგორც მე ვიცი, სავსებით შესაძლებელია, რომ ნამუშევრები აღმოსავლეთ ევროპის სექციით გავიდეს,“ – ამბობს „თამერის“ ინკოგნიტო რესპოდენტი, რომელიც ხელოვნებაში კარგად ერკვევა.

ამასთან, „თაიმერის“ ინკოგნიტო რესპოდენტი იმ 29 მილიონსაც იხენებს, რომელიც პროექტ „დაჩექინდი საქართველოზე“ უნდა დაიხარჯოს და ამბობს, რომ თუ ხელისუფლებას საქართველოს და ჩვენი ქვეყნის პოპულარობა რეალურად უნდა, მაშინ უმჯობესი იქნებდა, ეს 29 მილიონი უფრო გონივრულად დაეხარჯა.

„ყველა ქვეყანა ზრუნავს, რომ მისი სახელოვანი მხატვრების ნამუშვრების გადინება არ მოხდეს. ფიროსმანი თითოეული ქართველის გულში, მნიშველობა არ აქვს, მას მხატვრობა ესმის თუ არა, განსაკუთრებულ მშობლიურ გრძნობას აღძრავს. მგონი, წინააღმდეგი არავინ იქნება, რომ ფოროსმანის ნამუშევრები მსოფლიოს ცნობილმა მუზეუმბა იყიდონ და გასაყიდად ოკუპანტი რუსეთის კი არა, იგივე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სექციით გამოიტანონ, მაგრამ ხელოვნების ამ სფეროში სრული განუკითხაობაა და ფიროსმანისა თუ სხვა ქართველი მხატვრების ნამუშევრები კერძო კოლექციონერების ხელში ხვდება, შესაბამისად, მათ შესახებ სახელოვნებო წრეებმა არაფერი იციან. ამ უბედურების სათავე კი, იცით, რა არის? – ათეული წელია, ქართულ მუზეუმებს ფონდების გასაახლებლად თანხები ჩამოაჭრეს და, ბუნებრივია, ვერც ერთი ქართული მუზეუმი ვერ შეძლებს აუქციონში მონაწილეობას და თუნდაც თეორიული შანსის გამოყენებას, რომ იგივე ფიროსმანის კიდევ ერთი ნამუშვარი ქვეყანას დაუბრუნოს. კი ბატონო, სარეზერვო ფონდები არსებობს, მაგრამ ამ ფონდებიდნ ფული სისულელეებში იხარჯება. სიტყვა „სისულელე“ შეიძლება, არ უნდა გამომეყენებინა, მაგრამ თავად განსაჯეთ, რა უფრო მნიშვნელოვანია – 29 მილიონი კონცერტების ჩატარებაზე დაიხარჯოს, თუ ეს თანხა ფიროსმანის შეძენას მოხმარდეს, რომელიც ტურისტების მოზიდვის უნიკალური საშუალებაა?“ – ამბობს „თაიმერის“ წყარო და მიიჩნევს, რომ პრიორიტეტების კუთხით მანამ არაფერი გამოსწორდება, ვიდრე კულტურის მენეჯმენტში ინტელექტუალი კადრები არ მოვლენ.

ჩვენი წყაროს თქმით, ასეთი, რბილდ რომ ვთქვათ, ლაფსუსები და იაღლიშები არ უნდა ხდებოდეს, რადგან წელიწადზე მეტია, საქართველოს კულტურის სამინისტრო კულტურის პოლიტიკაზე მუშაობს.

„ხანდახან მგონია, რომ კულტურის პოლიტიკაზე მუშაობა ცარიელი სიტყვებია და მეტი არაფერი, თორემ ნამდვილი და ჭეშმარიტი კულტურის პოლიტიკა, უპირველესად, საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის კულტურის წარმოჩენას ითვალისწინებს. ჰოდა, თუ გიორგაძის გუნდი კულტურის პოლიტიკას ამუშავებს, მე, როგორც ობივატელს მიჩნდება კითხვა, ასეთი გარღვევები რატომღა ხდება? კულტურის პოლიტიკის დოკუმენტის წერას რა აზრი აქვს, თუ ერთი წლის მანძილზე  მსგავსი პრობლემის მოგვარების კუთხით ერთი რეალური ნაბიჯიც არ გადაიდგმევა?“ – კითხულობს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო.

როგორც „თაიმერმა“ გაარკვია, ახალ აუქციონს გიორგძის უწყება, ტრადიციულად,  განცხადებით გამოეხმაურა და დაზეპირებული სიტყვებით შემოიფარგლა, რომ გეგმავს წერილობით მიმართოს სააუქციონო სახლებს, რათა ქართველი ავტორები რუსულ მხატვრებად არ გაიყიდოს, მაგრამ შე დალოცვილო, როცა ერთი სკანდალი უკვე გქონდა, თავი რატომ დაიდინჯე და იგივე სააუქციონო სახლებს აქამდე რატომ არ მიმართე?

„კულტურულ მემკვიდრეობას და საერთაშორისო, მათ შორის,  სააუქციონო სახლებთან ურთიერთობას მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი კურირებს, რომელიც ამ ერთი წლის მანძილზე ყველაფრით იყო დაკავებული, გარდა თავისი უშუალო მოვალეობისა, რომ ეზრუნა ქართული კულტურული მემკვიდრეობის სათანადოდ წარმოჩენაზე საერთაშორისო ასპარეზზე და თუნდაც ცნობილ აუქციონებთან მიზანმიმართული კამპანია ეწარმოებინა, რათა ქართველი მხატვრები ოკუპანტი ქვეყნის სახელით არ იყიდებოდეს,“ – ამბობს „თაიმერის“ წყარო და დასძენს, რომ ხარატიშვილის საქმიანობას, ერთი შეხედვით, უმოქმედო არ ეთქმის, რადგან ის საზღვარგარეთ ხშირად მოგზაურობს, მაგრამ როგორც წყარო ამბობს, საინტერესოა, რა მიაქვს და მოაქვს.

„თაიმერის“ წყარო ჩვენთან საუბრის დროს ხარატიშვილის ბეგრუნდსაც იხსენებს, ანუ მისი თქმით, ის გურამ ოდიშარიას აპარატის უფროსი იყო, მაგრამ ოდიშარიას მოხსნის მერე, მინისტრ მიხეილ გორგაძის გუნდში „გადაპორტირდა“. წყაროს ვერსიის მიხედით, ხარატიშვილს ზურგს ექსმინისტრი შავლიშვილი უმაგრებდა, რომელიც კვირიკაშვილის წინამორბედის გარემოცვის წევრად ითვლებოდა.

„დღეს ხარატიშვილს მფარველები აღარ სჭირდება, რადგან უკვე კულტურის მინისტრის ნათესავია – მიხეილ გიორგაძესა და ნიკოლოზ ანთიძეს შვილი მოანათლინა. ალბათ, ამის გამო, ნიკოლოზ ანთიძემ ლევან ხარატიშვილის მეუღლეს მუშაობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში დააწყებინა. კულტურის სამინისტროში, კულტურის სიყვარულის გარდა, ყველაფერი „მოსულა“, მათ შორის, ნეპოტიზმი და ნათელ-მირონობაც. ამასობაში კი, ფიროსმანი ისევ რუსული მხატვრობის სექციით იყიდება, მაგრამ კულტურის სამინისტროში ამ საკითხის მოსაგვარებლდ არ სცხელათ,“ – დანანებით აღნიშნავს „თამერის“ წყარო.

 

banner
წინა სტატიაშიvideo) “გრეჩიხების 5%-იანი “მაესტროსგან” არაფერია გასაკვირი, მაგრამ პირადად თქვენ არ გრცხვენიათ?”
შემდეგი სტატია,,ოპელის” მარკის ავტომობილი მტკვარში გადავარდა , სავარაუდოდ არის მსხვერპლი