„სინოფარმით“ აცრისთვის რეგისტრაცია 12:00 საათიდან დაიწყება

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, „სინოფარმით“ აცრისთვის რეგისტრაცია დღეს, 3 ივლისს, 12:00 საათიდან დაიწყება, ვაქცინაციის პროცესი კი – 5 ივლისიდან.

ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნის მსურველები უნდა ეწვიონ ვებგვერდს – booking.moh.gov.ge ან დარეკონ ნომერზე 15 22.

„სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების მილიონი დოზა საქართველოში 2 ივლისს შემოვიდა. მათგან 500 000 დოზა „სინოფარმია“, 500 000 დოზა კი, „სინოვაკი“.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ​ვაქცინაციისთვის ქვეყნის მასშტაბით მობილიზებულია 350-მდე ამცრელი ჯგუფი.

„გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ვაქცინების მთელი ქვეყნის მასშტაბით განაწილების სქემა ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს“, – აღნიშნავენ ჯანდაცვის უწყებაში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ თავდაპირველად იხსნება „სინოფარმით“ ვაქცინაციის ჯავშნები და მოხდება დაკვირვება.

„ორ კვირაზე იქნება ჯავშნები გახსნილი. დავაკვირდებით, როგორი იქნება აქტიურობა, შემდეგ გაიხსნება მთელი თვისა და მთელი ზაფხულის განმავლობაში. ვიწყებთ „სინოფარმით“, შემდგომ დაემატება „სინოვაკი“ და „ფაიზერი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიმუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა
შემდეგი სტატიარეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი გასვლით შეხვედრებს განაგრძობს