,,სინოდის წევრ მღვდელმთავართა უმრავლესობაზე საპატრიარქოს და სუს-ს კომპრომატები აქვთ”

,,სინოდის წევრ მღვდელმთავართა დიდ ნაწილს უჭირს გულწრფელობა, ობიექტურობა, ანალიზი და თავისუფლება. მიზეზი მარტივია: უმრავლესობა მათგანზე საპატრიარქოს და სუს-ს კომპრომატები აქვთ. ზოგი ჰომოსექსუალია, ზოგი მრუში, ზოგი კორუმპირებული, ზოგი ნარკომანი, ზოგი მილიონერი ბიზნესმენი, ზოგი ФСБ-ს ნომრიანი აგენტი, ზოგი სრულიად უსწავლელი და ზოგიც აბსოლუტური ურწმუნო! შესაბამისად, ამ ფორმაციის ეპისკოპატიდან მე არავითარ სიკეთეს არ მოველი. ეს არის სადუკეველთა კასტა, კრემლის მეხუთე კოლონა, რომელსაც მხოლოდ ორი რამ აინტერესებს: ქონებრივი გადანაწილება და გავლენის სფერო! ეს არის სულ 46 კაციანი კოლეგია, რომლიდანაც თითქმის სრული შემადგენლობა ერთმანეთს არ ენდობა, არ იცნობს ერთი-მეორეს და ვერ ეკონტაქტება. ამაზე საოცარი პარადოქსი რა უნდა იყოს, როცა ქრისტეს მოციქულთა მემკვიდრეებს ელემენტარული კომუნიკაცია უჭირთ. ისინი დაკომპლექსებული ადამიანები არიან, მედიდურნი, ცბიერნი, პატივმოყვარენი, არაინსტიტუციონალური და უსისტემო მენტალიტეტის, თანაც ძალზე ეგოისტები და მშიშრები! მათი სენია ტრიუმფალიზმი და ნარცისიზმი! არადა ვერ ხვდებიან, რომ 2-3 წელიწადში პრაქტიკულად სალაპარაკო ენა და მისასვლელი პირი აღარ ექნებათ ახალ თაობასთან და ვეღარ მოატყუებენ კრეატიულ, ინტელექტუალურ თუ პოსტმოდერნულ ახალგაზრდობას. იდეოლოგიზებულ და “ხალხურ ღვთისმეტყველებას” მრევლი აღარ აყვება. საპატრიარქო დარჩება რეტროგრადი რუსეთუმეების, წითელი და 80 წელს გადაცილებული ინტელიგენციისა და მმკ-ს ამარა!

ამ ფონზე, 46 – დან თითებზე ჩამოსათვლელ რაოდენობას თუ დავასახელებ, ვინც ღირსეული, პატიოსანი და ღვთისმოყვარეა!

ესაა სიმართლე და ვისაც არ გსურთ რეალობის დანახვა, იცხოვრეთ ილუზიებში!

P.S. ერთმა, საპატრიარქოს სამდივნოსგან აკანკალებულმა მღვდელმთავარმა, რომელსაც დიდი ხანია, რაც ვიცნობ და რომელიც პრივატულ საუბრებში თითქმის ყველაფერში მეთანხმება ხოლმე, ისიც კი იკიდრა, რომ ჩემთვის ეთქვა: “იქნებ ჩემთან ერთად გადაღებული ფოტოები აიღო ფეისბუქიდანო”… დიახ, ასეთ საცოდავ მოცემულობაში ვართ! მერე კი მათ ჰგონიათ, რომ ევქარისტიას სუფთა სინდისით მიეახლებიან, მაშინ, როცა თანადგომისა და სოლიდარობის იოტისოდენა სულისკვეთება არ გააჩნიათ და კუკუდამალობას სამარცხვინო წესებით გეთამაშებიან ფოტოს გადაღებაზე, ტელეფონზე დარეკვასა და შეხვედრაზე უარის თქმით.

სიფრთხილე ადამიანის ბუნებითი თვისებაა, ხოლო შიში – არჩევანი! ამდენად, ისინი ირჩევენ მრუდე გზას და დარჩებიან თავიანთ სიყალბესა და უბადრუკობაში! მათ არ სწამთ ფსალმუნის სიტყვების:”უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდის? უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა, ვისგან შევძრწუნდე?”…

ამრიგად, არ ვაპირებ აწი გუნდრუკი ვუკმიო ორმაგი სტანდარტის მქონე, ორპირ და ლაჩარ მღვდელმთავრებს, რადგან ქრისტე მათთვის საშუალებაა და არა მიზანი! ადამიანი მათთვის ზოოლოგიური ცხვარია და არა პიროვნება!..

თავზე გვემხობა სახელმწიფო, ერი და ეკლესია და ესენი ფაშებივით ცხოვრობენ. ამიტომ გეტყვით უარს თქვენ საზოგადოება და დარჩებით ერთმანეთის ამარა, გაკოტრებულები სულიერად და სოციალურად..!”-აცხადებს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი

banner
წინა სტატიაშილევან აქუბარდიამ პარლამენტს “ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თხოვნით მიმართა
შემდეგი სტატიასაგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესებთან დაკავშირებით