მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის 11 თებერვლიდან, სინოდი, მინიმუმ, მეოთხედ უნდა შეკრებილიყო, ბოლო სხდომიდან ორი წლის შემდეგ, საქართველოს ეკლესიის მამამთავარმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ, იერარქები სინოდის სხდომაზე გასულ კვირას, 2023 წლის 14 თებერვალს მოიწვია. სხდომა 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა, როგორც “შიგნიდან შემოგვითვალეს”, პატრიარქი შეუძლოდ იყო და სხდომის დაგვიანების მიზეზად, სწორედ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დასახელდა. ხუთსაათიან ლოდინზე, რომ არაფერი ვთქვათ, სინოდის სხდომა 30-40 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. დასრულებისთანავე მეუფე ნიკოლოზი გამოჩნდა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სინოდმა, სულ სამ საკითხზე იმსჯელა:
როგორც ჩანს, ერის მამამ და იერარქებმა, მსჯელობის ძირითად საკითხებად, მხოლოდ პატრიარქთან დაკავშირებული საიუბილეო თარიღები, კონსტანტინოპოლისა და ანტიოქიის პატრიარქებისთვის, ასევე, თურქეთის სახელმწიფოსთვის სამძიმრის წერილების გაგზავნა და მეუფე ზენონისთვის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ჩამორთმევის საკითხი მიიჩნიეს. რა თქმა უნდა, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია, რომ მას დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის მართვაზე პასუხისმგებლობა აეღო და ზენონ იარაჯული ჩაენაცვლებინა. თუმცა, ილია მეორემ, მეუფე ზენონს გული არ დაწყვიტა და მას, დმანისის ეპარქია მმართველობაში დაუტოვა. არავინ იცის, რას მოიმოქმედებს ნახევრადდასჯილი მიტროპოლიტი, თუმცა, ის, რომ ხელცარიელი არ დარჩა, პატრიარქის “გულმოწყალებას” უნდა უმადლოდეს.
რა თქმა უნდა, ლოდინის რეჟიმში მყოფი საზოგადოების ინტერესის სფეროს წარმოადგენდა, რატომ არ შეიკრიბა სინოდი ორი წლის განმავლობაში და როცა შეიკრიბა, რატომ არ განიხილეს ის ღია (პრობლემური) საკითხები, რაც ბოლო რამდენიმე წელიწადია ტრიალებს. ამაზე, საპატრიარქოსგან ოფიციალური პასუხი არ არსებობს, თუმცა, “შეუიარაღებელი თვალითაც” ნათელია, რომ სანამ, ილია მეორე პატრიარქია, სინოდი, არც ე.წ. “ციანიდის საქმეს” შეეხება, არც მეუფე პეტრე (ცაავას) ექნება 2019 წელს მის მიერ მხილებული პატრიარქის მიმართ წარმოთქმული სიტყვების, საეკლესიო სასამართლოზე დამტკიცების შესაძლებლობა და არც ჭყონდიდის ეპარქიის დასჯილ ბერებთან, თუ სხვა პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებული განხილვა არ დადგება სინოდის სხდომების დღის წესრიგში. რომ არაფერი ვთქვათ, ძალადობის მსხვერპლ გიორგი გელაშვილის მიმართვაზე, რომელიც მეორედ იქნა უგულვებელყოფილი სინოდის წევრების მხრიდან, საეკლესიო სასამართლოს აღდგენის საჭიროების აუცილებლობის საკითხი, წესით, მსჯელობის მთავარი საგანი უნდა იყოს. ვინ იცის, რამდენი გიორგი გელაშვილი ჰყავს საქართველოს და რამდენი ვერ ბედავს ღიად ამხილოს იერარქები, უფრო დაბალი რანგის სასულიერო პირები და ბოლოსდაბოლოს, პატრიარქიც კი!
ღრმა ისტორიულ ფაქტებსა და ილია მეორეს სხვა მამხილებლებს არ შევეხები და ერთადერთი იერარქი, რომელმაც ბოლო წლების მანძილზე, სინოდის სხდომაზევე, მიტროპოლიტების, ანუ სინოდის წევრების წინაშე პატრიარქი ამხილა, მეუფე პეტრე (ცაავა)იყო, რომლისთვისაც ილია მეორემ სასჯელი არ დაინანა და ოთხგზის მსჯავრი დაადო. გასული კვირის სინოდის სხდომის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ვის ექნებოდა სათქმელი, თუ არა, მეუფე პეტრე(ცაავას), რომელიც ექსკლუზიურად “თაიმერთან” განიხილავს საკითხებს, რომლებსაც გვერდს უვლის სინოდი, რომლებზეც არ საუბრობენ იერარქები, რასაც “ბლოკავს” კრემლი და მორჩილებით ატარებენ საქართველოს ეკლესიის მმართველები:
– პირველ რიგში, დავიწყოთ იმით, რომ მართლმადიდებელ სამყაროში ყველიერის მარხვაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი კვირიდან შევუდგებით დიდ მარხვას. საშინელი სამსჯავროს ხსენებაა და უნდა გვახსოვდეს, რომ ვერც ერთი ჩვენთაგანი, ისევე, როგორც ვერ ავიცილებთ ღვთის წინაშე წარსდგომას და მარადიულ სამყაროში გადასახლებას, ასევე, საშინელ სამსჯავროს ვერ ავირიდებთ. მთელი ჩვენი ცხოვრება არის მზადება მარადიულობისთვის, სულის გადასარჩენად. შევსთხოვ უფალს, რომ ეს მარხვა იყოს ღვთივსათნო, სინანულისა და ღმერთმა ბედნიერი აღდგომა მოგვმადლოს ჩვენ და სრულიად საქართველოს.
საკითხიდან გადახვევა გამოგვივა, მაგრამ ახლახანს წავიკითხე საინფორმაციო საშუალებებში, რომ ამერიკის პრეზიდენტი ჩავიდა უკრაინაში, მოალოცინეს ისტორიული საკათედრო ტაძარი მიხაელოვის მოედანზე, რომლის საკურთხეველიც დამშვენებულია ქართველი ოსტატების ბრწყინვალე მოზაიკური ნამუშევრით, რომელიც ერთადერთია გელათის შემდეგ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მარია ზახაროვა სვამს შეკითხვას: “რომელი მათგანი არის პრეზიდენტებიდან მართლმადიდებელი?” უბედურება ის არის, რომ თვითონ მართლმადიდებლები ჰგონიათ თავი და საპირისპიროდ იქცევიან. ცრუ მართლმადიდებლობა ბევრად უფრო საშინელებაა, ბევრად უფრო სიმახინჯეა წინაშე ღვთისა და ბევრად მეტ რისხვას იმსახურებს ღვთისგან, ვიდრე, არამართლმადიდებელს მოეთხოვება ღვთის წინაშე და ეს არის კატასტროფა, რომ საბჭოთა და პოსტსაბჭოთა სამყარო, როგორც რუსეთი, ისევე საქართველო, ვერ განთავისუფლდა ჯერ კიდევ ცრუ და ყალბი მართლმადიდებლობისაგან, რომელიც ჯერ 30-იან, შემდეგ უკვე 40-იან წლებში საბჭოთა რეჟიმმა და საბჭოთა ხელისუფლებამ “წითელი სამღვდელოების” სახით შექმნა, ე.წ. სერგიანული ეკლესია, რომლის ნაწილიც გავხდით ჩვენ.
– კონკრეტულად რა იგულისმეთ?
– ამის დასტურია ისიც, რომ საეკლესიო კანონების ზღვარგადასული და უხეში დარღვევები, რჯულის კანონის ფეხქვეშ გათელვა და ფაქტობრივად, საეკლეიო კანონების უზენაესობის არარსებობა, საეკლესიო კანონების იგნორირება მერთლმადიდებელ ეკლესიაში; ასევე, ამის დასტურია ის ფაქტი, რომ 2021 წლის თებერვლიდან, ორი წელი სინოდის სხდომა არ ჩატარებულა, რაც უხეში დარღვევაა რჯულის კანონისა. მიუხედავად იმ თვალთმაქცობისა, რომ 2019 წელს სინოდის სხდომაზე (ყოველშემთხვევაში შემდეგ განჩინებაში აისახა) პატრიარქი ამბობდა, რომ “ორჯერ არის კანონით სხდომის ჩატარების ვალდებულება, მაგრამ უფრო ხშირად უნდა შევიკრიბოთო” და მას შემდეგ, წელიწადში ერთხელ იკრიბებოდნენ, თუმცა, ბოლო ორი წელიაწადია საერთოდ არ შეკრებილან. ჟურალისტებისა და დაინტერესებული საზოგადოების მხრიდან შეკითხვები გაჩნდა, რომლებსაც ევალებათ, რომ აკონტროლონ, მართონ იერარქია, რომ დაიცვან ისინი ცდომილებისაგან, ისევე, როგორც იერარქიას ევალება დაიცვას მრევლი ცდომილებისაგან და განამტკიცოს ის მართლმადიდებლობაში, ასეთი დაბალანსებული მიდგომა უნდა იყოს ეკლესიაში. როდესაც იერარქებს ეკითხებოდნენ, რატომ არ არის სინოდის სხდომა მოწვეული, ისინი უსირცხვილოდ პასუხობდნენ, მონური ფსიქოლოგიის ადამიანებივით, რომ “სინოდის მოწვევა პატრიარქის პრეროგატივა არისო”. პატრიარქის ვალდებულებაა, რომ სინოდი მინიმუმ წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე მოიწვიოს და როდესაც მამამთავარი არ ასრულებს მის ვალდებულებას, ის უპასუხისმგებლო პატრიარქია, ამაშიც უნდა იქნეს მხილებული და პასუხი მოეთხოვოს მას. როცა მე არა მწყემსი კეთილი ვუწოდე, ამის გამო ლამის განგაშის ზარი შემოჰკრეს, არადა, ნამდვილად სამართლიანი იყო მის მიმართ ეს მხილება და ყველაზე რბილად ნათქვამი იყო, რომ “მწყემსი კეთილობის” მითი დაირღვა.
– სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, მეუფე ნიკოლოზმა პირველ კომენტარში თქვა, რომ პატრიარქი და სინოდი არავის წინაშე არ არის ანგარიშვალდებული და პატრიარქი გადაწყვეტს როდის მოიწვიოს სინოდი…
– ამაზე დიდი სითავხედე, უგუნურობა, ცინიზმი საზოგადოების, მორწმუნე მრევლის მიმართ არ არსებობს. მრევლი არ არის მოწოდების სიმაღლეზე, რომ ამას ბედავენ, ხელისუფლებისა და საზოგადოებისა არ იყოს. ის მაინც უნდა ეთქვა როგორც მინიმუმ, რომ მხოლოდ ღმერთის წინაშე არიან ვალდებულნი. არადა, ამ დროს, სინამდვილეში, საზოგადოების, მრევლის წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი, ყველაზე მეტად გამჭვირვალე ეკლესია, საეკლესიო ცხოვრება და იერარქია უნდა იყოს. წმინდა მამათა, სწავლების მიხედვით, ყველაზე გამჭვირვალე, მღვდელმთავრის ცხოვრება უნდა იყოს, პირადი, თუ საეპარქიო მიმართულებით და როდესაც აქ, მსგავსი უგუნური დამოკიდებულებაა, სწორედ, ეს არის საბჭოთა მემკვიდრეობა. მათ შეაჩვიეს ხალხი, რომ, როგორც საბჭოთა კომუნისტური ხელისუფლებისთვის, აზრი არ ჰქონდა მხილებას და საზოგადოებრივ აზრის, როცა საბჭოთა ადამიანები იყვნენ მონური ფსიქოლოგიის, ზუსტად ასევე იყო ეკლესიაში, რომ თითქოს, პირველი იერარქი არის მთავარი და არავის არ აქვს წინააღმდეგობის გაწევის უფლება. მათი მიდგომების თანახმად, მრევლის წევრები უნდა იყვნენ, როგორც ბრმა მიმდევრები. როგორც ფილოსოფოსები ამბობენ: “თუ, ხანდაზმულობა მიეცემა სიცრუეს და სიყალბეს, მას უკვე პრეტენზია უჩნდება სიმართლეზე და ჭეშმარიტებაზე”. აი, ამაშია მთელი უბედურება, რომ საქართველოს ეკლესიაში ხანდაზმულია ეს სიყალბე, ხანდაზმულია ცრუ მართლმადიდებლობა, ხანდაზმულია მართლმადიდებლობის სახელით მართლმადიდებლური კანონების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები, ხანდაზმულია სოდომური ერესი, რამეთუ, პატრიარქის მხრიდან, მთელი მისი მმართველობის მანძილზე ხელშეწყობა და მფარველობა არსებობს სოდომის ცოდვისა, ხელოვნურად ხდება ზნედაცემული ადამიანების გამრავლება ეკლესიაში. უნდა შევახსენოთ მათ რუის-ურბნისის ძეგლის წერის მე-18 კანონი, რომ ისინი დაიმკვიდრებენ არა კურთხევას, არამედ, საუკუნო მხილებასა და სირცხვილს. ადამიანი, რომელიც ხრწნის ღვთის ტაძარს, მას ღმერთი გახრწნის. სინოდის თავმჯდომარის გახრწნილების მდგომარეობა, რომელიც ვიხილეთ იმ ფოტო და ვიდეო კადრებში, რომელიც გაავრცელეს სინოდის დღეს. ეს არის უბედური მდგომარეობა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დაიგმოს მსგავსი არაჯანსაღი მდგომარეობა ეკლესიაში. როდესაც მღვდელმთავრებს ეკითხებოდნენ ჩანიშნული სინოდის სხდომის საკითხების შესახებ, ისინი პასუხობდნენ, რომ თურმე, ეკლესიაში დემოკრატული კი არა, თეოკრატიული წყობა ყოფილა. ეტყობა, ირანულ თეოკრატიას გულისხმობენ, სადაც, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, საშინელებები ხდება, უსამართლობა და ტირანიაა გამეფებული. იმის ნაცვლად, რომ გავიხსენოთ, იესო ქრისტესა და მოციქულების ცხოვრება რამდენად გამჭვირვალე იყო, როგორ ღიად მსჯელობდნენ პრობლემატურ საკითხებზე. საგულისხმოა, რომ იუდას ნაცვლად მატათა მოცუქულის გამორჩევა, კენჭისყრის შედეგად მოხდა. ჩვენ კი ვხედავთ სრულ სიმახინჯეს დღევანდელ რეალობაში, რომელიც ეწინააღმდეგება ქრისტიანულ სულისკვეთებას. ასევე, იყო დრო, როდესაც მღვდელმთავრებს მრევლი ირჩევდა და მრევლი ადასტურებდა, იყო, თუ არა ღირსი არსებული კანდიდატი მაღალი საეკლესიო ხარისხისა და პატივისა.
– სინოდზე განსახილველი საკითხები გასაიდუმლოებულია, როგორც ვიცი, იერარქებიც სხდომაზე იგებენ, თუ რა საკითხებზე უნდა იმსჯელონ. როგორ შეიძლება შევაფასოთ ეს მდგომარეობა, რასთან გვაქვს საქმე?!
– საქმე იმაშია, რომ ვხედავთ მცდელობას, საზოგადოების გაბრიყვებისა, მრევლის შეურაცხყოფისა, ცინიზმისა, იერარქთა მხრიდან. როდესაც ამბობენ, რომ საკითხების წინასწარ არცოდნა არის ნორმა, რა თქმა უნდა, ეს სიმახინჯეა, ნორმა არ არის და მსგავსი შემთხვევა არც ერთ მართლმადიდებელ ეკლესიაში არ ხდება! არსებობს 2004 წელს რამდენიმე მღვდელმთავრიდ ხელმოწერით დამოწმებული წერილი კათალიკოს პატრიარქის მიმართ, სადაც ამ საკითხზეც გამოთქმულია სამართლიანი პრეტენზია, მაგრამ სამწუხაროდ, შედეგი ვერ მივიღეთ… მახსენდება 2017-18 წლებში სინოდის სხდომის დაწყებისთანავე პატრიარქმა მოგვმართა: “თურმე, ზოგიერთი თქვენთაგანი წინასწარ ითხოვს სინოდზე განსახილველი საკითხების ცოდნასო?!” მე მაშინ ვუპასუხე: “სხვების არ ვიცი და ერთ-ერთი მათგანი მე ვარ, რომელსაც მიმაჩნია, რომ განსახილველი საკითხები აუცილებლად წინასწარ უნდა ვიცოდეთ და ვიყოთ ინფორმირებული, რათა მოუმზადებლები არ აღმოვჩნდეთ საკითხის მიმართ”-თქო. მან კი მიპასუხა: “არ შეიძლება მეუფეო ასე, თუ საკითხები წინასწარ გახმაურდება, ამას მტრები გაიგებენ და ეკლესიის წინააღმდეგ გამოიყენებენო”. ამის პასუხად კი ვუთხარი, რომ “ყველაზე დიდი მტერი, აქ, საპატრიარქოს მეორე სართულზე გიზით, თქვენი მდივან-რეფერენტის სახით”-თქო. “შენ ბევრს ლაპარაკობო” – მიპასუხა. წლები დამჭირდა იმისთვის, რომ მივმხვდარიყავი, მხოლოდ მდივან რეფერენტი, მისი ჩრდილოვანი მმართველობა, მისი რუსული კავშირები, რუხი კარდინალობა, მის ხელში არსებული გადაჭარბებული ძალაუფლება კი არა, თავად პატრიარქი იყო მთავარი პრობლემა და საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ყველაზე დიდი მტერი საუბედუროდ. სინოდის იმ სხდომაზე, ეს ნამდვილად არ ვიცოდი, თორემ ღმერთი იმის გამბედაობასაც მომცემდა, რომ მეთქვა “თქვენ ხართ ყველაზე დიდი მტერი, როცა ფეხქვეშ თელავთ რჯულის კანონს და ზნედაცემული მდგომარეობით, დიქტატორულად, დიდი მსახიობური ნიჭით და სამეფო ძალმოსილებით მართავთ ეკლესიასთქო”. ასევე, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ უფროსი მონები ბატორნს ეპირფერებიან და მონობენ იმისთვის, რომ მათ შეინარჩუნონ ბატონობა უმცროს მონებზე. დღეს მღვდელმთავართა დიდი ნაწილი ასე იქცევა პატრიარქის მიმართ, ისინი, როგორც უფროსი მონები, პირფერობენ მას იმისათვის, რომ შემდეგ, მათივე ეპარქიის სამღვდელოებაზე და მრევლზე შეინარჩუნონ ბატონობა, თავისი ძალაუფლება, დიდება, პატივი და კარიერა, ამიტომაც, არ არიან მზად, რომ თქვან სიმართლე. როდესაც ამბობენ, რომ თეოკრატიულად იმართება ეკლესია, ვის გულისხმობენ?! თეოს – არის ღმერთი, რომელიც განდევნილია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან, ჩანაცვლებულია პატრიარქით და უფრო მეტიც, მათ ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოს ეკლესია პატრიარქალური წესით კი არა, არაოფიციალურად მატრიარქალურად იმართება. ათეულობით წელია მდივან-რეფერენტს გააჩნია გადაჭარბებული ძალაუფლება ეკლესიაში, იღებს გადაწყვეტილებებს, მღვდელმთავრებზე აღმატებული ძალმოსილება აქვს. მიუხედავად მოსაყდრის დანიშნვისა, უპირატესი ძალმოსილება, მაინც მდივან-რეფერენტის ხელში დარჩა. სინამდვილეში, საქართველოს ეკლესიაში მატრიარქალური მმართველობაა.
– გარდა იმისა, რომ რჯულის კანონით გათვალისწინებულია წელიწადში, მინიმუმ, ორჯერ სინოდის შეკრება, თუკი, საკითხები დაგროვდება, ამ შემთხვევაში, ხომ უნდა ჩაინიშნოს სინოდის სხდომა, რათა იმსჯელონ იმ პრობლემურ საკითხებზე, რომელიც გადაუდებლად ითვლება?!
– ადრე, მქონდა ინიციატივა, 2019 წელს ტელევიზიითაც გავაჟღერე, ვინაიდან, სინოდის სხდომა გაზაფხულზე არ ჩატარებულა ვთქვი, რომ “საბერძნეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში აქვთ ტრადიცია, რომ, თუ სინოდზე განსახილველი საკითხები დაგროვდება და სინოდის წევრების 1/3 შეთანხმდება, რიგგარეშე სინოდის სხდომა უნდა იქნეს მოწვეული”. ამ ტრადიციის გადმოტანა საჭიროა ჩვენთანაც, რომლის შემდგომაც, 15-მდე მღვდელმთავრის შეთანხმებული მოთხოვნის შემტხვევაში აუცილებელი იქნება რიგგარეშე სინოდის სხდომის მოწვევა. მაგრამ, ჩვენს შემთხვევაში პატრიარქი მის ვალდებულებას (წელიწადში, სინოდის მინიმუმ, ორჯერ მოწვევას) უგულვებელყოფს და ამას მღვდელმთავრები ვერ ეწინააღმდეგებიან. არ აქვთ გამბედაობა ხმის ამაღლების, არიან როგორც უფროსი მონები, რომლებიც მხოლოდ ძალაუფლების, დიდების, საეპარქიო პატივის შენარჩუნებისთვის იბრძვიან და არ ემსგავსებიან ქრისტეს, რომელმაც არათუ, პატივი და დიდება, სიცოცხლე გასწირა და კაცობრიობის გადასარჩენად, ჭეშმარიტების დასამოწმებლად ჯვარს ეცვა. ნაცვლად იმისა, რომ ქრისტეს, მოციქულებს და წმინდა მამებს მივბაძოთ სამართლიანობის უპირატესობაში და პირდაპირობაში, ამის ნაცვლად, ჩვენ გვაქვს სრული დუმილი და ამ უკეთურების გამართლების მცდელობა. რითაც, თანამონაწილეები არიან ამ სიმახინჯისა.
– ძირითადად, რა მთავარი დარღვევები გვხვდება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში?!
– უამრავი კანონიკური დარღვევა გვაქვს. პატრიარქი სამი წლის განმავლობაში მხილებულია მძიმე დანაშაულში და ცოდვაში. ის ვალდებული იყო, ერთი წლის განმავლობაშ თავი გაემართლებინა, საეკლესიო სასამართლო მოეწვია, რომ მომცემოდა მისთვის წაყენებული ბრალის დამტკიცების შესაძლებლობა, მაგრამ საკითხი ოფიციალურად არც განხილულა. რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ პატრიარქი გამტყუნებულია. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ უკვე მეორე სინოდის სხდომაა, პატრიარქის მხრიდან ერთ-ერთი დაზარალებული ადამიანი, მორწმუნე ახალგაზრდა, რომელიც გახდა ძალადობის მსხვერპლი, ოფიციალური წერილით მიმართავს სინოდის წევრებს, რათა მისი საკითხი იყოს განხილული, მოიწვიონ სინოდის წევრებმა და ბრალდებას მიეცეს შესაბამისი მსვლელობა, მაგრამ როგორც ყველა პრობლემური საკითხი, ესეც უგულვებელყოფილია, რაც, ასევე, დიდი დარღვევაა.
ისევ რუის-ურბნისის ძეგლის წერას, რომ დავუბრუნდეთ: “ღვთის გამამწარებელი უბილწესი საძაგლობაა, სოდომელთა ცოდვაა, არ ვიცით, როგორ შეეთვისა ქართველ მოდგმას, მაგრამ მან სრულიად ჩამოაშორა ეკლესიას ყველა, ვისთანაც განსასვენებელი იპოვა ამ ცოდვამ”. მით უმეტეს, სასულიერო პირი, რომელიც დაავადებულია ამ ცოდვით, სრულიად ჩამოშორებულია ღმერთს და გააუცხოებულია ღვთისგანაც. ჩვენ ვხედავთ, პატრიარქი როგორ გაუცხოებულია ღვთისაგან და შესაბამისად, მართლმადიდებლური სწავლებებისა და კანონებისაგან, ადამიანურობისაგან (დეკანოზ გიორგი მამალაძის შემთხვევა), რაც, რა თქმა უნდა, ტრაგედიაა.
– რჯულის კანონის, რომელი მუხლები ირღვევა ყველაზე ხშირად პატრიარქისა და იერარქების მხრიდან?!
– თითქმის, არ არსებობს რჯულის კანონის მუხლი, რომელიც არ იყოს დარღვეული. იგივე შეიძლება ითქვას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მუხლებზეც. ძალიან საინტერესო მაგალითი გვაქვს, ღირსი მამა დავით გარეჯელის შემთხვევაში, როდესაც მას ნამდვილად დასწამეს ცილი, რომ მისგან ქალი იყო დაფეხმძიმებული. მან სასწაული მოახდინა და ყველას დაუმტკიცა, რომ ის იყო მართალი, შემდეგ პატივს და დიდებას განერიდა და წავიდა გარეჯის უდაბნოში, რათა იქ დაეარსებინა ახალი მონასტერი დავით გარეჯის მონასტრის სახით.
– სინოდის სხდომას, რომ დავუბრუნდეთ: უცნაურია ის ფაქტი, რომ “სუსის ფაილებთან” დაკავშირებით, არანაირი განხილვა და საუბარი არ ყოფილა… რომ არაფერი ვთქვათ იმ ღია (პრობლემურ) საკითხებზე, რასაც წლების განმავლობაში უგულვებელყოფს სინოდი…
– დიახ, “სუსის ფაილები” 2021 წლის სექტემბერში გასაჯაროვდა და ამის შემდეგ, სინოდის სხდომა არ ჩატარებულა, თუმცა, არც გასულ კვირას შეკრებილ მღვდელმთავრებს და სინოდის თავმჯდომარეს არ განუხილავს ეს საკითხი. დღეს ჩვენ მათგან ვისმენთ, რომ კრებსები ყოფილა ტყუილი და შხამი, თურმე არ უნდა მივიღოთ. დიახ, ნამდვილად შხამია, რადგან სასულიერო პირების დანაშაულებების ფაქტებზე და უკიდურეს ზნედაცემულობაზეა საუბარი. ანტიქრისტიანობის, სულიერი სიმახინჯის, გარყვნილების წარმოუდგენელი შემთხვევებია გადმოცემული, რაც ასევე, სინოდის ფორმატში აუცილებლად განსახილველი თემაა, რომელსაც მითვისებული აქვს საეკლესიო სასამართლოს ფუნქცია. სასულიერო პირი უნდა იყოს ვითარცა ნათელი სოფლისა, უნდა იყოს ვითარცა მარილი, რომელიც უხრწნელებას ანიჭებს ერს, მაგრამ, ჩვენს შემთხვევაში განქარვებული მარილიც კი არ არსებობს მათი სახით, არამედ არიან, ვითარცა საწამლავი და შხამი, რომელიც ხრწნის საზოგადოებას საკუთარი უზნეობით, სიცრუითა და ცრუ ქრისტიანობით.
– კრებსებზე, ხომ სახელმწიფოს ოპერ-მუშაკები მუშაობდნენ, ანუ, თავად საპატრიარქო უპირისპირდება სახელმწიფო უწყებებს?
– ცდილობენ თავი აარიდონ კრებსებში მოყვანილი შემზარავი ფაქტების ოფიციალურ განხილვას, რაც მოისმინა ძალოვანმა უწყებებმა, რომლებიც უთვალთვალებდნენ და უსმენდნენ სასულიერო პირებს. ცალკე საკითხია, რამდენად კანონიერად ხდებოდა ამ მასალების შეგროვება, რატომ ხდებოდა ტოტალური კონტროლი, მაგრამ ფაქტები, რაც არის, ამას თავს ვერ აარიდებენ. თვით, საბჭოთა ხელისუფლებამაც კი 80-იანი წლების დასაწყისში, რამდენიმე მაღალ იერარქთან დაკავშირებით პედოფილიის ფაქტებზე დამნაშავე მაღალი ერარქები დააპატიმრა, ღია სასამართლო ჩაატარა და სასჯელი მოახდევინა მათ. გამოდის, რომ საბჭოთა ხელისუფლებაც კი, უფრო პასუხისმგებლობით მოიქცა, ვიდრე დღევანდელი, რომელიც თვალს ხუჭავს ამ ყველაფერზე და სავარაუდოდ, მხოლოდ ვიწრო პარტიული და არასახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის იყენებს. ვეთანხმები, ნამდვილად შხამი და საწამლავია კრებსებში გადმოცემული ფაქტები, მაგრამ, თუ არარსებული “ციანიდისათვის” დეკანოზი მამალაძე ცხრაწლიან პატიმრობაშია, ამ შხამისა და საწამლავის ავტორებს, ნამდვილად ეკუთვნით სასჯელი. აღსანიშნავია, რომ არის შემთხვევები, სადაც ესა, თუ ის მღვდელმთავარი და სასულიერო პირი, მიზანმიმართულად იწყებს ჭორაობას ტელეფონში, რადგან იცის, რომ უსმენენ და საუბარი იწერება, მაგრამ საუბრობს ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლების გასაგონად, ჭორისა და დეზინფორმაციის გასავრცელებლად. ამ შემთხვევაშიც კი, ამ დეზინფორმატორს და ჭორიკანას, სასულიერო პირს, უნდა მოეთხოვოს პასუხი…
– სინოდის ძირითადი შემადგენლობა მხილებულია მძიმე დანაშაულებებში. ვისგან შედგება სინოდი, დამნაშავე იერარქებისგან?!
– რა თქმა უნდა, პატრიარქის ხელმძღვანელობით, ძირითადად დამნაშავე იერარქები არიან სინოდში. ყველა დამნაშავეა საკუთარი უპასუხისმგებლობით და გულგრილობით, ვინაიდან, მათი მხრიდან ვერ ვხედავთ განგაშის ზარს, დამნაშავეები არიან, რადგან პატრიარქს არ სთხოვენ პასუხს, თუ რატომ არ შეიკრიბა სინოდი ორი წლის განმავლობაში; ყველა დამნაშავე ვართ მოსაყდრის უკანონოდ დანიშნვის ფაქტზე. 2018 წელს ჩვენ, ჩავუსწორეთ პატრიარქს, რომ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე ჰქვია მის მიერ დასახელებულ იერარქს და არა პატრიარქის მოსაყდრე. შემდეგ, ერთ-ერთმა მღვდელთავარმა შეახსენა, რომ არც რჯულის კანონის მიხედვით და არც მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, არ არის დაშვებული, რომ პატრიარქიც პატრიარქობდეს და მოსაყდრეც არსებობდეს. ან უნდა გადადგეს და ან უნდა გარდაიცვალოს პატრიარქი, რომ მოსაყდრემ მოიწვიოს სინოდის სხდომა და შეასრულოს მისი მოვალეობა. მაშინ პატრიარქმა თქვა რეპლიკის სახით: “მაცადეთ ცოტა ხანი და გადავდგებიო”. აღარ მოვთხოვეთ თარიღი დაესახელებინა, რამდენ კვირაში, ან რამდენ თვეში აპირებდა გადადგომას, რადგან მე პირადად ვიფიქრე, რომ უახლოეს პერიოდში გადადგებოდა. ახლა კი, ხუთი წლის შემდეგ, იმის თქმა, რომ პატრიარქი სიკვდილამდეა პატრიარქი და არ გადადგება, ეს მხოლოდ მათი პოლიტიკური განწყობაა და მათ შიდა დაპირისპირებებსა, თუ ამბიციებზე მორგებული მიღწევაა, თუნდაც ისიც, რაც გასულ კვირას მოხდა სინოდზე.
– თქვენ ასევე, აღნიშნეთ საეკლესიო სასამართლოს საჭიროების აუცილებლობა…
– საეკლესიო სასამართლოს ფუნქცია მითვისებული აქვს სინოდს. მკითხველმა, რომ ადვილად გაიგოს, ეს ისეთივეა, რომ საქართველოს სასამართლოს ფუნქცია, პარლამენტმა შეითავსოს, ასეთი მდგომარეობა გვაქვს და ეს ხდება საბჭოთა პერიოდიდან. ფაქტობრივად, არ არსებობს საეკლესიო სასამართლო და თითქოს, მიითვისა სინოდმა. წარმოიდგინეთ, ორი წელიწადია სინოდის სხდომა არ ჩატარებულა და როგორ შეასრულებს სინოდი ამ მოვალეობას?! უნდა აღდგეს საეკლესიო სასამართლო, უნდა შეიქმნას პატიოსანი იერარქებისა, რჯულის კანონის მცოდნე სასულიერო პირებისა, თეოლოგებისა და მღვდლებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი (იმედია მოიძებნებიან ასეთები) და არ უნდა დარჩეს საკითხი, საჩივარი, ან ბრალდება, რომელიც არ იქნება მოკვლეული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ ძალიან ცუდ შედეგებს, რადგან საეკლესიო ხელისუფლების მხრიდან, უკანონობა, უსამართლობა, ცინიზმი, უპასუხისმგებლობა საზოგადოებისა და მრევლის წინაშე არსებული, ასევე, აისახება საერო ხელისუფლებაზე და არაფერი ეშველება ჩვენს ქვეყანას, თუ არ გაჯანსაღდა ეკლესიური მმართველობა. მხოლოდ პოლიტიკური სვლებით, როგორც არ უნდა იყოს მიზანზე და შედეგზე ორიენტირებული, შეუძლებელია შედეგი დაიდოს. ეკლესია არის ერის სული და თუ სული არ განიკურნება, სხეულიც დარჩება დავრდომილ მდგომარეობაში, არ იქნება სრულყოფილი. პატრიარქის მხოლოდ მიტევების დღეებში გამოსვლა და ზოგადად, ცოდვების მონანიება, არის ფარისევლობა, რადგან, ჯერ საკუთარ მხილებას უნდა გასცეს პასუხი, უნდა არსებობდეს საეკლესიო კანონების უზენაესობა, ღმერთი უნდა დაბრუნდეს ეკლესიაში და ეს უნდა გამოიხატოს სახარების მიხედვით, წმინდა მამათა მოძღვრების შესაბამისად, და რჯულის კანონის მიხედვით ცხოვრებაში.
– ორწლიანი ლოდინის შემდეგ, ხუთი საათის დაგვიანებით დაწყებული სინოდის სხდომა, ნახევარ საათში დასრულდა…
– ვფიქრობ, იქ, ორი საკითხი იყო შეუთანხმებელი: თავად, პატრიარქისა და დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის მღვდელმთავრის. როგორც ვიცი, პატრიარქი, რიგი მღვდელმტავრებისგან განსხვავებით, სოლიდარული იყო მთავარეპისკოპოს ზენონის მიმართ და ამბობდა, რომ სინოდი მის მხარესაა, საბოლოოდ, არავის ეყო გამბედაობა წინააღმდეგობა გაეწიათ პატრიარქის ამ უპასუხისმგებლო პოზიციისთვის. 2017 წელს იყო შემთხვევა, როდესაც მძიმე ცოდვაში ბრალდებულ, მიტროპოლიტი, სერაფიმე ჯოჯუას გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიაში უპირებდნენ გამწესებას და იქ რამდენიმე სასულიერო პირი წავიდა კატეგორიულად წინააღმდეგ, შემდეგ, გადაწყვეტილება შეიცვალა, თუმცა, მღვდლების მიერ წაყენებული ბრალდება ბოლომდე არ გარკვეულა კანონიკურად. სინოდის სხდომაზე პატრიარქს ჰქონდა გადაწყვეტილი, ჩრდილო ამერიკისა და კანადის ეპარქიის გაყოფა და მიტროპოლიტ სერაფიმეს იქ ეპისკოპოსად გამწესება. მაშინ, მახსოვს, რომ მიუხედავად იმისა, მიტროპოლიტი სერაფიმე გვერდით მეჯდა, დღეს ვფიქრობ, რომ არ იყო შემთხვევითი. წამოვდექი და ვთქვი: “თუ, მიტროპოლიტი მხილებულია მძმე ცოდვაში, გერმანიაში მის წარგზავნას სამღვდელოების ნაწილი ეწინააღმდეგება, მაშინ ამერიკაში როგორ დავნიშნოთ”-მეთქი. მახსოვს რამდენიმე მღვდელმთავარმა თავი დამიქნია და საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა. ასევე, უნდა მომხდარიყო ამ სინოდზეც, მთავარეპისკოპოს ზენონ (იარაჯულთან) დაკავშირებითაც. ვინაიდან, ბრიტანეთისა და ირლანდიისთვის მიუღებელია ადამიანი და რა თქმა უნდა, სამართლიანად, დმანისისა და აგარა-ტაშირის ეპარქიას, როგორ უნდა მართავდეს?! აქაც, ბატონისა და უფროსი მონის ფსიქოლოგიასთან გვაქვს საქმე…
– და დიდი ბრიტანეთის ეპარქიის მართვაზე პასუხისმგებლობა პატრიარქმა აიღო საკუთარ თავზე. როგორ შეძლებს დამატებით კიდევ ერთი ეპარქიის მართვას, როცა სინოდის სხდომასაც კი ვერ წარმართავს ისე, როგორც საჭიროა?! (მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვგულისმობ)
– წარმოიდგინეთ, 2023 წლის საეკლესიო კალენდარში დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის დროებით მმართველად მოხსენიებულია მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა. საიდან იცოდა გამომცემლობამ წინასწარ ინფორმაცია, თუ რას გეგმავდა სინოდი?! მთავარეპისკოპოსი ზენონი, კი გამოაძევეს ეპარქიიდან, მაგრამ ხომ იციან, რომ თავად პატრიარქიც მხილებულია ამ ცოდვაში?! თუ, მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდება სამღვდელოება და მრევლი, მაშინ, პატრიარქის ლოცვებში მოხსენიებაც უნდა შეწყვტონ, სანამ გაირკვევა სიმართლე, როგორც ეს გააკეთა ჭყონდიდის ეპარქიაში არქიმანდრიტმა ათინოგენემ (მდივანი).
– ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაც ხომ დღემდე პატრიარქის მმართველობის ქვეშ არის, ალბათ, ასეთივე ფორმალური მმართველი იქნება დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის…
– მახსოვს, მეც მხარი დავუჭირე ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის პატრიარქის მართველობაში გადაცემას… და შემოვიდა ტიტული, მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა. ანალოგიური შემთხვევა არის სერბეთის ეკლესიაში, როდესაც სერბეთის პატრიარქის ტიტულატურაში შედის კოსოვოს ეპარქია. ეს ძალიან სწორი და გამართლებულია. მე, ასევე, გამოვთქვი მოსაზრება, რომ ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში პატრიარქს ჰყოლოდა მმართველობაში დამხმარე მღვდელმთავარი, რაზეც პატრიარქისგან უარი მივიღე. დღეს ვხედავთ, რომ ოფიციალურად, ილია მეორე არაფერს აკეთებს ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის სულიერი ცხოვრებისთვის, იქ, საკუთარი იურისდიქციის განხორციელებისთვის, პირიქით, მოსკოვის საპატრიარქო, პრინციპულად არ იხსენიებს მას ამ ტიტულში, რაც შეურაცხმყოფელია, მაგრამ სწორი რეაგირების სანაცვლოდ, პატრიარქის მხრიდან, ვხედავთ უპრინციპო დამოკიდებულებას. ასევე, აღსანიშნავია, რომ პატრიარქი არის წინამძღოლი დავით გარეჯისა და სხვა სტავროპიგიალური მონასტრებისა. მას ეკისრება პასუხისმგებლობა დავით გარეჯის არქიმანდრიტის ცრუ მოწმეობაზე, ე.წ. კარტოგრაფების საქმეში, ის დღემდე დუმს ე.წ. ახალი რუკების აღმოჩენის შემდეგ, რომლის თანახმადაც, მდგომარეობა, თითქოს უნდა გამოსწორებულიყო. ჩვენი ეჭვი გამართლდა და კარტოგრაფების საქმე 2020 წლის წინასაარჩევნო ბინძური კამპანიის ნაწილი აღმოჩნდა. იქ, არათუ, გამოსწორდა მდგომარეობა, არამედ, უფრო გაუარესდა ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ და დღეს სტატუსკო სანატრელი გვაქვს. უფრო მეტიც, როდესაც გელათის პრობლემებზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული არქიტექტურისა და ხელოვნების საბჭოს თავმჯდომარეობს, კათალიკოს პატრიარქი, ილია მეორე და გელათის მონასტერში შექმნილი პრობლემები, ასევე, პატრიარქის პასუხისმგებლობაა პირველ რიგში, ისევე, როგორც ადგილობრივი მმართველი მიტროპოლიტის იოანე გამრეკელისა, რომელიც სირაქლემას პოზიციას იკავებს.
– ალბათ, ეს საზოგადოების დიდი ნაწილისთვის არც არის ცნობილი, რომ მისი კიდევ ერთი ტიტულიდან გამომდინარე, გელათზე პასუხისმგებლობა პატრიარქსაც ეკისრება…
– დიახ, გელათიც პატრიარქის პასუხისმგებლობის საკითხია, რადგან, როგორც გითხარით, თავად არის ამ საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც უფრო ადრე უნდა განეხილა ეს საკითხი, შემოეკრა განგაშის ზარი და მოეთხოვა პასუხი ხელისუფლებისთვის, რომლის გულგრილობის შედეგიცაა გელათში მდგომარეობის გაუარესება. როგორც ჩემთვის ცნობილია, გელათში სასწრაფოდ არის ზომები მისაღები, გამოსასწორებელია შეცდომები. ჯერ გარე პერიმეტრია გადასახური და შემდეგ, ტაძრის გუმბათში ჩაყრილი ქვა-ღორღი და ბეტონის მასალა არის ამოსაღები, ტაძრის გუმბათია გასანთავისუფლებელი, ვინაიდან, დაშვებული შეცდომის გამო, არ ხდება ჰაერის ცირკულაცია, ზიანდება ფრესკები და საშიშროება ემუქრება მთავარ ტაძარს, მაგრამ ჩვენ დღემდე პატრიარქისგან არაფერი მოგვისმენია ამ საკითხთან დაკავშირებით. სინოდის დასრულების შემდეგ, გელათის საკითხი მღვდელმთავრებს არ უხსენებიათ, საღამოს კი, საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რაც, ეჭვი მაქვს, რომ “ჩაფლავებული” და სამარცხვინოდ ჩატარებული ე.წ. სინოდის სხდომის და გამოსაქვეყნებელი განჩინების გადასაფარად გაკეთდა. ხოლო, ხუთი საათის დაგვიანებით ჩატარებული ორმოცწუთიანი სხდომის განჩინებას, 30 საათი ველოდებოდით. არ გამოვრიცავ, რომ გელათის რეაბილიტაციის საკითხი და მდგომარეობის დაგვიანებულად გამოსწორების მცდელობა, გამოყენებულ იქნეს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ისევე, როგორც დავით გარეჯის საკითხი, 2020 წლის არჩევნებზე. არამართებული იქნება პასუხისმგებლობა მხოლოდ ნეო-ბოლშევიკური საქციელის მქონე კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს დაეკისროს. იქ წულუკიანის გამინისტრებამდეც, დაშვებული იყო, ძნელად გამოსასწორებელი შეცდომა.
– რატომ გახდა გელათი გადასარჩენი და რამ მიიყვანა ისტორიული მემკვიდრეობა ამ მდგომარეობამდე?!
– უვარგისობამ! საერო და საეკლესიო ხელისუფლების უვარგისობამ. როცა ეპარქიაში საკითხი სასწრაფო ჩარევას მოითხოვდა, ტელეფონითაც კი ვათანხმებდი ძეგლთა დაცვასთან და ვმოქმედებდი ოპერატიულად ეპარქიის სახსრებით. ქუთაისისა და გაენათის ეპარქიის ბიუჯეტს, არ უნდა გაჭირვებოდა გელათში არსებული პრობლემის განმუხტვა და დროულად აღმოფხვრა, მაგრამ საქმე გვაქვს პასუხისმგებლობის გრძნობის არ არსებობასთან. ამიტომაც გახდა გელათი ამავე დროს, პოლიტიკური სპეკულაციის საგანი.
– ორი წლის შემდეგ ჩატარებულ სინოდის სხდომაზე, მხოლოდ სამი საკითხი განიხილა და არც ერთი პრობლემური საკითხი არ წამოჭრილა. როგორ ფიქრობთ, რატომ არიდებს სინოდი თავს, თქვენი და ჭყონდიდის ეპარქიასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების განხილვას?!
– ეს მათთვის ყველაზე მტკივნეული თემაა, მათ ყველაზე კარგად იციან, რომ მეუფე პეტრე მართალია, მისი მხილება სიმართლეს შეესაბამება და გამყარებულია მტკიცებულებებით, ამიტომ, ამ საკითხს ვერ ეხებიან და ურჩევნიათ პატრიარქი ისე აღესრულოს, რომ ეს და სხვა პრობლემური საკითხები არ იქნეს განხილული. ლოგიკურად, რომ ვიმსჯელოთ, მიტროპოლიტ, შიო მუჯირის გარდა, პატრიარქობაზე პრეტენზიის მქონე სხვა მღვდელმთავარს, არ აწყობს პატრიარქის გადადგომა მის სიცოცხლეშივე, მხოლოდ მუჯირის ინტერესებშია, რომ გადადგეს პატრიარქი, მოახდინოს მოსაყდრის ლეგიტიმაცია, ჩაატარებინოს მას პატრიარქის არჩევნები, სადაც თავად პატრიარქიც იქნება ხმის მიმცემი და ბოლომდე შეასრულოს რუსული დაკვეთა. 1977 წელს რუსეთის პატრიარქი, პიმენი ესწრებოდა ილია შიოლაშვილის პატრიარქად არჩევას, რაც უხეში დარღვევა და შეურაცხყოფა იყო საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიისთვის. უცხო ქვეყნის, რუსეთის, დამპყრობელი ქვეყნის პატრიარქი, რომ საქართველოს პატრიარქის არჩევის კრებას ესწრება, ეს მრავლისმთქმელია. შევთხოვთ უფალს, რომ ამჟამად, პატრიარქის არჩევნები ჩატარდეს ღირსეულად, როგორც ეს შეეფერება დამოუკიდებელ სახელმწიფოს და ავტოკეფალურ ეკლესიას და ქვეყნის ეროვნულ-სახელმწიფოებრივ შეგნებას.
– ფაქტობრივად, სინოდი შეიკრიბა იმისთვის, რომ მხოლოდ სამ საკითხზე ემსჯელათ და გვერდი აუარეს ყველა პრობლემას… ასევე, უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებასთან დაკავშირებით, საქართველოს ეკლესიის მხარდაჭერის საკითხის განხილვასაც…
– რბილად, რომ ვთქვათ, ღიმილისმომგვრელია, რომ ყველა სინოდზე პატრიარქის ქება-დიდება იყოს დღის წესრიგში და ამით იწყებოდეს სხდომები, მიუხედავად, უხეში დარღვევებისა და უუნარო მმართველობისა. წმინდა მამების აზრით: “მაქებარს და მადიდებელს უნდა გავექცეთ, როგორც მტერს ისე მოვექცეთ”. სამარცხვინო მდგომარეობა გვაქვს. ასევე, აღსანიშნავია საკითხი, რომელზეც მღვდელმთავრებს მედიასთან გაკეთებულ განცხადებებში არ უსაუბროათ, მაგრამ განჩინებაში ვიხილეთ. საკითხი ეხება მაკედონიის ეკლესიასთან ევქარისტიული კავშირის აღდგენას. მაკედონიის ეკლესია სერბეთის ეკლესიის შემადგენლობაში იყო, მაგრამ, როდესაც შეიქმნა პოლიტიკურად დამოუკიდებელი სუბიექტი, სერბეთის ეკლესიამ, როგორც დედა ეკლესიამ, მიანიჭა მას ტომოსი. დღეს, რომ სინოდმა ეს საკითხი დადებითად გადაწყვიტა, ვფიქრობ, რუსული ეკლესიის გავლენაა, ვინაიდან, მოსკოვის საპატრიარქომაც აღიარა მაკედონიის ეკლესიის დამოუკიდებლობა. ხოლო, რაც შეეხება უკრაინის საკითხს, ეს სახელმწიფო, უკვე ერთი წელია თავგანწირვით იგერიებს რუსულ ოკუპაციას და ის დგას მოწოდების სიმაღლეზე, იბრძვის საკუთარი დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. შესაბამისად, ყველანაირად იმსახურებს დამოუკიდებელ, ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას და მიეცა კიდეც. ჩვენ კი, ვხედავთ, რომ უკრაინის სოლიდარობისა და მხარდაჭერის ნაცვლად, 2018 წლიდან დღემდე ეს საკითხი მორიგ ჯერზე არ განხილულა. უფრო მეტიც, გვესმის ცინიკური და კრემლის საამებელი განცხადება, რომ თურმე, უკრაინის ეკლესია მზად არ ყოფილა ავტოკეფალიის აღიარებისათვის. 2018 წლის სინოდის სხდომაზე, ამ საკითხზე მსჯელობისას, როცა უკრაინის ეკლესიას ახალი მინიჭებული ჰქონდა ტომოსი მსოფლიო საპატრიარქოს მიერ კანონიკურად და სინოდზე წაკითხულ იქნა მსოფლიო საპატრიარქოსა და მოსკოვის საპატრიარქოს წერილები ამ საკითხზე, პატრიარქმა საკითხის გადასაგორებლად, გამოთქვა მოსაზრება, რომ საკითხი გადადებულიყო და დავლოდებოდით სხვა ავტოკეფალური ეკლესიების პოზიციას, რასაც დავეთანხმე. დღეს კი, ხუთი წლის შემდეგ, მოსკოვის საპატრიარქოს გარდა, თითქმის ყველა ავტოკეფალურმა ეკლესიამ აღიარა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია და ჩვენ კი არ ვუბრუნდებით ამ საკითხის განხილვას, სავარაუდოდ, ისევ, მოსკოვის საპატრიარქოს გადაწყვეტილებას ველოდებით. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაში, ჩვენ რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პირველები უნდა ვყოფილიყავით, ვინაიდან გაგვაჩნია მწარე გამოცდილება რუსეთის მხრიდან პოლიტიკური, თუ ეკლესიური ოკუპაციისა. ჩვენ უკრაინასთან ბევრი გვაერთიანებს, როგორც პოსტსაბჭოთა და მართლმადიდებლურ ქვეყნებს, როგორც პოლიტიკური, ასევე, რელიგიური თვალსაზრისითაც.
– რატომ არ არის მზად უკრაინის ეკლესია მიენიჭოს ავტოკეფალური ეკლესიის სტატუსი?!
– როგორც არასდროს, როგორც არავინ, ისე არის მზად უკრაინა, რომ იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო და ჰქონდეს დამოუკიდებელი ავტოკეფალური ეკლესია. მისაბაძია, რასაც ეს გმირი ერი საკუთარი თავგანწირვის ხარჯზე აკეთებს. ერი, რომელიც ფაქტობრივად “ვეფხისტყაოსნის” ღირებულებებით ცხოვრობს და ამას ამტკიცებს თავისი თავდადებით. ისინი ნამდვილად იმსახურებენ, რომ დამოუკიდებელი ეკლესია ჰქონდეთ, მით უმეტეს იმის ფონზე, როცა აღმოჩნდა, რომ აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ეკლესიებისა არიან რუსი დამპყრობლების სპეც-სამსახურების სამსახურში. ამის ფაქტები არსებობს, რამდენიმე მხილებულიცაა რუსული, ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდის გატარებაში, არიან დაკავებულებიც, ზოგიერთ მათგანს მოქალაქეობაც ჩამოერთვა და ა.შ.
– სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებითაც დასვეს კითხვები ჟურნალისტებმა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ყველა სახის პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობს საპატრიარქო. შუამდგომლობის ბერკეტი აქვს, თუ არა საპატრიარქოს, რომ ხელისუფლებას საკუთარი პოზიცია გაუზიაროს და თუნდაც, უშუამდგომლოს მიხეილ სააკაშვილს მთავრობასთან?
– მას შემდეგ, რაც 2019 წელს საქართველოს საპატრიარქომ დადგა სპექტაკლი, რომ თითქოს, სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება სთხოვა პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს და პრეზიდენტმა, თითქოს ეს თხოვნა არ შეუსრულა აბსურდული მიზეზით და ეს სპექტაკლი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, რა თქმა უნდა, იგივე ცინიზმით შეუძლიათ თქვან, რომ პრეზიდენტი და ხელისუფლება, საპატრიარქოს თხოვნებს, თითქოს უგულვებელყოფს. ვინაიდან, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში არ წყდება მესამე პრეზიდენტის ბედი, არამედ, წყდება კრემლში, მოსკოვში და პრეზიდენტი სააკაშვილი მათი პირადი პატიმარია, საპატრიარქო სდუმს, როგორც ყველა სხვა პრინციპულ სახელმწიფოებრივ საკითხებზე, რომელიც შეეხება რუსულ ინტერესებს. აღმოჩნდა, რომ ყირგიზეთმა გვაჯობა, მათაც ჰყავდათ დატყვევებული ექს-პრეზიდენტი, მაგრამ მოახერხეს, რომ სასჯელის გადავადების გზით, მისთვის საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მიეცათ. ყირგიზეთი, რომ გვჯობნის დემოკრატიაში და პრინციპებში, ადვილი წარმოსადგენია, თუ რა დღეში ვართ! მე მაკვირვებს მესამე პრეზიდენტის გაუგებარი მიდგომა პატრიარქის ამ მქმედების მიმართ. სააკაშვილი ახალი დაკავებული იყო, როდესაც ე.წ. პირველი პირის მხრიდან, მოვისმინეთ, რომ თითქოს, “კანონი აძლევს ადამიანს საშუალებას თავი მოიკლას და ეს მისი პირადი უფლებაა”. ჯერ ერთი იცრუა, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, თვითმკვლელობა არის დასჯადი. თუ ადამიანი თვითმკვლელობას ცდის, ის გარკვეული რაოდენობის თანხით ჯარიმდება. საეკლესიო კანონებით კი, თვითმკვლელობა უმძიმესი ცოდვაა, ეს არის ღვთის უარყოფა და ეშმაკისათვის სულის ჩაბარება. არავის არ ეყო გამბედაობა, რომ ქვეყნის პირველი პირი, რომელსაც თავი მორწმუნედ და პატრიარქთან დაახლოებულ პირად მოაქვს, ემხილებინათ და ეთქვათ, რომ ქრისტიანული სწავლების საწინააღმდეგოს ამბობს და სჩადის ბოროტებას, როცა ამართლებს თვითმკვლელობას. თვითმკვლელისათვის, წესის აგებაც არ ხდება, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. მით უმეტეს, რომ საქართველოში, როგორც ცნობილია, ძალიან მოხშირდა სუიციდის ფაქტები და ეკლესია უძლურია გაუმკლავდეს ამ განსაცდელს. მით უმეტეს, რომ პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საკითხი დღემდე გამოუძიებელია და დღემდე არ არის გაქარწყლებული, თვითმკვლელობის გამოგონილი ვერსია, რომლის შეთხზვაც ვფიქრობ, ასევე, ჩრდილოეთის სპეც-სამსახურების ხელწერაა და რომელშიც საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, თავისის დუმილით მიიღო მონაწილეობა, ისევე, როგორც, ეროვნული ხელისუფლების დამხობასა და შემდგომ პროცესებში.
– რუსული გავლენების რა ძირითადი გამოვლინებები გვხვდება საქართველოს ეკლესიაში?!
– პირველ რიგში, ეს ჩანს იქედან, რომ სოლიდარობა არ არის გამოცხადებული უკრაინის მიმართ, რომელიც იცავს მის დამოუკიდებლობას, მის ღირსებას, მის სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტს და არ არის დაგმობილი რუსული პოლიტიკა და ე.წ. “რუსკი მირის” თეორია, რომლის სულის ჩამდგმელი არის მოსკოვის საპატრიარქო და პირადად, პატრიარქი კირილი გუნდიაევი. “მართლმადიდებლური შაჰიდიზმი”, ასე დაერქვა “რუსკი მირს” თეოლოგთა მხრიდან. 2022 წლის ოქტომბერში მე მოვუწოდე პატრიარქს, რომ სასწრაფოდ მოეწვია სინოდის სხდომა და დაეწყოთ მსჯელობა პატრიაქი კირილის ერეტიკული მოწოდებების სამხილებლად და რუსეთის ეკლესიასთან ევქარისტიული კავშირის გასაწყვეტად.
– პოლიტიკურ ველზე რა როლს ირგებენ საქართველოს ეკლესიის წევრები?
– ნეგატიურს! როგორც ცნობილია, საბჭოთა კავშირი იდგა სამ სვეტზე: კომუნისტური პარტია, ძალოვანი სტრუქტურა – ე.წ. “კა.გე.ბე” და სამხედრო წარმოება. თანამედროვე რუსეთის ფედერაცია დგას სამ სვეტზე: რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია და მოსკოვის საპატრიარქო, ენერგეტიკული ნავთობისა და გაზის ბიზნესი და ასევე, რუსეთის ფედერალური სამსახური, რომელიც არის თანამედროვე “კა.გე.ბე”. საქართველოშიც იგივე სტრატეგია აქვთ, რომ ეკლესია გახდეს საყრდენი, პრორუსული, თუ რუსული ხელისუფლებისა. ეს არის პოლიტიკა. დღეს, ღირსების არქონა, დამოუკიდებლობისთვის, ავტოკეფალიისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის არარსებობა და დუმილი, თუნდაც, ცხინვალის რეგიონში ბორდერიზაციის საკითხების მიმართ, როცა თითქმის, ყოველ დღე ადამიანების გატაცებას აქვს ადგილი… აქ, ეკლესიის დუმილი არის უკვე რუსული პოლიტიკა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ვაი-პოლიტიკოსებმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებაში, მხოლოდ იმას მიაქციეს ყურადღება, რომ მინისტრმა ლავროვმა, საქართველოს ხელისუფლების მიმართ გამოთქვა მადლიერება. უნდა აღინიშნოს, რომ მან ასევე, მადლიერებით მოიხსენია საქართველოს საპატრიარქო და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც, ასევე, კრიტიკის საგანი უნდა გამხდარიყო. რა თქმა უნდა ისინი კმაყოფილები არიან საქართველოს ეკლესიის პოზიციით პრინციპულ და სახელმწიფოებრივ საკითხებზე დუმილის გამო.
– რა მდგომარეობაა ჭყონდიდის ეპარქიაში მას შემდეგ, რაც წამოხვედით?!
– ყველა ხედავს, როგორ ინგრევა და ნადგურდება ჭყონდიდის ეპარქია, ასევე, აღსანიშნავია უკანონოდ დასჯილი ეპარქიის სამღვდელოების მიერ დაწერილი და საპატრიარქოსთვის გაგზავნილი სააპელაციო სარჩელი, რომელიც უახლოესი სინოდის სხოდმაზე უნდა გნხილულიყო. სინოდის წევრები ვალდებულები იყვნენ განეხილათ მიტროპოლიტ სტეფანეს ზღვარგადასული უკანონობის საკითხი, მისი უხეში კანონიკური დარღვევები და გადაწყვეტილებები, რაც, ასევე, არ მოხდა, მაგრამ სამღვდელოება და მრევლი დღემდე სულგრძელად ელოდება სამართლიან გადაწყვეტილებებს.
როდესაც სინოდის განჩინება ამბობს, რომ ჯგუფი უნდა შეიქმნას, რომელიც იმსჯელებს კონკრეტულ პრობლემურ საკითხზე, გვმართებს გავიხსენოთ, რომ 2020 წლის სინოდის სხდომაზეც იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ შეიქმნებოდა კომისია, მიტროპოლიტ პეტრე (ცაავას) საკითხის შესასწავლად, რაც ღიმილის მომგვრელი აღმოჩნდა. ვინაიდან, კომისია უნდა შეექმნა, თავად სინოდს, ბრალდებული პატრიარქი კომისიას ვერ შექმნიდა და ვერც მისი მდივან-რეფერენტის მიერ შექმნილ კომისიას გამოვუცხადებდით ნდობას. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ, თუ ჯგუფის შექმნა გადაწყდა, ეს ჯგუფი უნდა შექმნილიყო სინოდის სხდომაზე და გვცოდნოდა ჯგუფში შემავალი ადამიანების ვინაობა. აქაც აბსურდთან გვაქვს საქმე.
– როგორც მეუფე ნიკოლოზმა თქვა, მიუხედავად იმისა, რომ სინოდი ორი წელია არ შეკრებილა, მღვდელმთავრები იკრიბებიან, გადაწყვეტილებებს იღებენ, პატრიარქს მოახსენებენ ხოლმე და პატრიარქიც უდასტურებს, ანუ, როგორც ირკვევა, მიმდინარე საკითხები ამ გზით წყდება…
– თუ ასეა და პატრიარქის, ან მდივან-რეფერენტის გარეშე იღებენ გადაწყვეტილებებს და პატრიარქი მხოლოდ უდასტურებს, მაშინ ხუთი საათის განმავლობაში, რომ იყვნენ შეკრებილები, ნუთუ, არ შეიძლებოდა ემსჯელათ პატრიარქის გარეშე და შემდეგ შეეთანხმებინათ პატრიარქისთვის?!
აღურაცხელია საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში არსებული პრობლემები, წმინდა ანდრია კრეტელისა არ იყოს: “არ ვიცით, რითი დავიწყოთ გლოვა”. ვსასოებთ უფალს, რომელიც ბრძანებს: “კაცთათვის შეუძლებელი, შესაძლებელია ღმერთისთვის”. უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით, ამინ!
ავტორი: მზეკო ჟვანია