შს მინისტრი 4-5 ივლისის მოვლენებზე: ვერც წარმოვიდგენდით, რომ ჟურნალისტებზე ასეთი მასიური ძალადობა მოხდებოდა

“იმას, რომ ჟურნალისტებზე მოხდებოდა ასეთი მასიური თავდასხმა, ვერ
წარმოვიდგენდით,” – აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ
გომელაურმა გურჯაანში პოლიციის ახალი შენობის გახსნის შემდეგ,
ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განაცხადა. ამასთან, შინაგან
საქმეთა მინისტრმა მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის ფაქტები კიდევ ერთხელ
დაგმო და განაცხადა, რომ ძალადობა ყოვლად მიუღებელია.

“ძალიან მძიმე შემთხვევა იყო. ძალიან ცუდი ფაქტები იყო. ასეთი ფაქტები, 27
წელია ვმუშაობ ძალოვან უწყებებში და 9 წელია უკვე თანამდებობაზე ვარ და
ასეთი შემთხვევა, თუ ერთეულ შემთხვევებს არ ჩავთვლით, ჟურნალისტებზე
ძალადობა, რაც არის ძალიან მძიმე, მე ვიტყოდი, რომ სახელმწიფოზე ძალადობა
ეს, ასე ორგანიზებულად, აქტიურად, უცებ, სხვადასხვა ადგილზე მოხდა ეს
თავდასხმები და არა ერთ ადგილას, მაგალითად პარლამენტის შენობის წინ, რაც
ცოტა გასაკვირიც იყო და ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ.

დავაკავეთ უკვე რამდენიმე ადამიანი, 15-16 ადამიანი დაკავებულია, კიდევ
ვაპირებთ. ვსწავლობთ, ზღვა მასალაა, ძალიან ბევრი ვიდეოები, ჩანაწერები და
მინდა, ვთხოვო ყველა იმ ჟურნალისტს, ოპერატორებს რომ გვეთანამშრომლონ უფრო
აქტიურად.

მე გუშინაც განვაცხადე, რომ არც ერთი ნორმალური ადამიანი, მით უმეტეს
ხელისუფლებაში მყოფი და შინაგან საქმეთა მინისტრი, რაც თქვეს ჩემზე, თითქოს
მე გავეცი ბრძანება, რომ ჟურნალისტები ეცემათ და პოლიციელებს არაფერი
მოემოქმედათ, ეს სისულელეა და არც მინდა მათ პასუხი გავცე, ვინც ეს
განცხადება გააკეთა. დარწმუნებული ვარ, ამის თვითონაც არ სჯერათ.

პოლიცია სადაც იყო, ყველგან, რაც შეძლეს პოლიციელებმა მაქსიმალური
გააკეთეს. 3200 პოლიციელი იყო გამოყვანილი. თავიდან იყო 5 ობიექტი მერე
გახდა 8, მერე – 18 ობიექტი გამოძახების. ეს ადამიანები ყველგან
გადანაწილებულები იყვნენ, იყო ცრუ გამოძახებებიც ასევე, სადაც გარბოდა 50
პოლიციელი, მიდიოდა და იქ არაფერი არ ხდებოდა. „ეს ოფისი დაარბიეს, ის
ოფისი დაარბიეს, უნდა მიუვარდნენ იქ“- ვრცელდებოდა ინფორმაცია. ანუ, ეს
პოლიციური ძალები იყო გაფანტული.

სპეცდანიშნულების რაზმი, რა თქმა უნდა, იყო გამოყენებული. ისინი რატომღაც
წარმოუდგენიათ, რომ მაინცდამაინც უნდა იყვნენ „რობოკოპებში“ ჩაცმულები. ეს
არის სპეციალური ღონისძიების დროს გამოსაყენებელი აღჭურვილობა. ყველგან
იყვნენ გადანაწილებულები, ისინი იყვნენ პოლიციელების ფორმაში.

სპეციალური ღონისძიება როცა იგეგმება, იცვამენ ამ ფორმებს. როცა უკვე
იყენებენ წყლის ჭავლს, გაზს. ანუ, როდესაც მასასთან ხდება მუშაობა და არა
ის, რომ 5 კაცს გაეკიდონ “რობოკოპებში” ჩაცმული პოლიციელები.

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ მით უმეტეს, ჟურნალისტებზე ძალადობა ჩემთვის
ყოვლად მიუღებელია და ვგმობ. არა მარტო ჟურნალისტებზე, არამედ
მოქალაქეებზეც ძალადობა და მით უმეტეს ჟურნალისტებზე.
საპოლიციო ძალა, რაც იყო გამოყვანილი იყო გათვლა, რომ მარშში მონაწილეები
და მათი მოწინააღმდეგეები ერთმანეთს არ დაპირისპირებოდნენ. ველოდით 6
საათზე ამ ადამიანების შეკრებას. ზუსტი დრო, სამწუხაროდ არ გვითხრეს და
ზუსტი ადგილი, სად უნდა შეკრებილიყვნენ. თქვეს ფილარმონიასთან,
მობილიზებული იყო იქ მოწინააღმდეგეთა ძალები და შესაბამისად, იქ იყო
საპოლიციო ძალები, რომ ეს ადამიანები ერთმანეთს არ დაპირისპირებოდნენ და
ძალადობა არ მომხდარიყო.

ის, რომ მოხდებოდა ჟურნალისტებზე ძალადობა, მაგას ვერც წარმოვიდგენდით,
ნამდვილად არ გვიფიქრია. იმას, რომ ჟურნალისტებზე მოხდებოდა ასეთი მასიური
თავდასხმა , ამას ვერ წარმოვიდგენდით”- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიზარქუა – სამორინეები დაკეტილი იყო, თუმცა მათ ონლაინ შემოსავლები გაეზარდათ
შემდეგი სტატიამოსამართლე რომან ხორავა 5 ივლისის ქმედებებზე – სიბნელე, სიველურე და სირცხვილი