შინაგან საქმეთა სამინისტრომ თსუ-ს დასაქმების ფორუმში მონაწილეობა მიიღო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის დასაქმების ფორუმი ჩატარდა, რაშიც 40-ზე მეტმა დამსაქმებელმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე კერძო კომპანიების გარდა, საჯარო სექტორმაც წარმოადგინა ვაკანსიები – სამინისტროებმა და სხვა საჯარო სამსახურებმა, მათდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურებთან ერთად.

დასაქმების ფორუმზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებს, სამინისტროში მიმდინარე შინაარსობრივი და სტრუქტურული რეფორმების შესახებ დეტალურად ინფორმაცია მიაწოდეს. ახალგაზრდების განსაკუთრებული ინტერესი შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალმა ქვედანაყოფმა, მართლწესრიგის ოფიცრებმა და მათმა საქმიანობამ გამოიწვია. მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში აპრობირებული, თანამედროვე საპოლიციო მოდელია, რომელიც დანაშაულისა და სამართალდარღვევების თავიდან აცილების მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაზეა ორიენტირებული. მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციაში შედის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმების მსურველმა სტუდენტებმა სპეციალური ფორმა ადგილზე შეავსეს, რის შემდეგაც ისინი სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ღია კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას. კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან.

დასაქმების ფორუმი, რომელიც თსუ-ში უკვე მეხუთედ ტარდება, ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, პირადად შეხვდნენ და გაესაუბრონ მათთვის სასურველი კომპანიებისა და ორგანიზაციების ადამიანური რესურსების განყოფილებების წარმომადგენლებს, წარუდგინონ საკუთარი თავი, მიიღონ ინფორმაცია პოტენციური დამსაქმებლის მიმდინარე თუ სამომავლო საკადრო საჭიროებებზე.

banner
წინა სტატიაში„კატასტროფაა, რაც ვნახეთ… მალე დასრულდება ეს კატასტროფა“ – თაკო ჩარკვიანი
შემდეგი სტატიასესხების განულებისთვის შექმნილ ვებ-გვერდზე vali.ge მონაცემები განახლდა