“შესაძლებელია, კონკრეტულმა პარტიებმა გარკვეული დროის შემდეგ კოალიცია დატოვონ, ეს ნორმალურია”

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალურ მდივან კახა კალაძის განცხადებით, განცხადებები კოალიციის დაშლის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

კითხვაზე, რა სახით აპირებს კოალიცია “ქართული ოცნება” წარდგეს საარჩევნო პერიოდში და არის თუ არა ბზარი კოალიციაში, ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ კოალიციაში დაპირისპირებას ადგილი არ აქვს.

“არანაირი პრობლემა არ არსებობს. გუნდში რა თქმა უნდა, იქნება საუბარი კვოტებთან დაკავშირებით, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ კოალიციაში ყველა პარტიას აქვს თავისი როლი, თავისი ადგილი, და კოალიციის ერთობა და სიძლიერე ზუსტად არის ის, რომ ჩვენ ვართ ერთად და ერთობლივად ვაკეთებთ საქმეს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ”, – აღნიშნა კალაძე.

რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა კოალიცია წარმოდგენილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იგივე შემადგენლობით, კალაძე აცხადებს, რომ წინასწარ რაიმე პროგნოზის გაკეთება არ სურს, თუმცა გარკვეული ცვლილებები მოსალოდნელია.

“წინასწარ არ მინდა რაიმე განცხადებები გავაკეთო. ჩვენ რა თქმა უნდა, გუნდში გვექნება ამაზე საუბარი. პოლიტიკა არის დინამიური პროცესი და ამ მიმართულებით, თუ ეს გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, იმიტომ, რომ კოალიცია ყოველთვის კოალიცია ვერ იქნება, შესაძლებელია, კონკრეტულმა პარტიებმა გარკვეული დროის შემდეგ დატოვონ. ეს ნორმალური პროცესია”, – განაცხადა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ საქართველო ვერ გახდება რუსეთზე დამოკიდებული
შემდეგი სტატიაშვედეთმა მიგრანტების მიერ არასრულწლოვანებზე ძალადობის შემთხვევები დამალა