შალვა ნათელაშვილი: რუსებმა დაინახეს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მათ მიერ შექმნილი ოკუპაციური სისტემა იმსხვრევა

რუსებმა დაინახეს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მათ მიერ შექმნილი ოკუპაციური სისტემა იმსხვრევა, ვამაყობ, რომ ისტორიამ მომცა შესაძლებლობა, მე, როგორც ჯარისკაცს, ჩემი ქვეყნისათვის გამეკეთებინა ეს დიდი საქმე, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ლეიბორისტულმა პარტიამ“ ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნით ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.

„რუსებმა დაინახეს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მათ მიერ შექმნილი ოკუპაციური პოლიტიკური სისტემა იმსხვრევა, რომ მთავრდება იმ არსების ეპოქა, რომელიც გამოჩორკნეს, დოლარებისგან შექმნეს, შეაკოწიწეს და თბილისში ოკუპაციური ხელისუფლების შექმნისთვის გამოუშვეს. ერთი სოხუმში აქვთ, ერთი ცხიმვალში, ერთი გაგვიხსნეს თბილისში. აი, თბილისის საოკუპაციო ადმინისტრაციის შანსი დამთავრებულია. ეს დაინახეს და მიხვდნენ, რომ ამ დამთავრებაში თქვენმა მონა მორჩილმა და „ლეიბორისტულმა პარტიამ“ შეიტანა გადამწყვეტი წვლილი, როდესაც ჩვენ რეჟიმის წინააღმდეგ ერთიანი ოპოზიციური ფრონტი შევქმენით. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ვაშინგტონში გადამწყვეტი როლი შევასრულეთ იმ პოზიციების გამოხატვაში, რამაც საერთაშორისო არენაზე ივანიშვილის რეჟიმი დაამთავრა. ვამაყობ, რომ ისტორიამ მომცა შესაძლებლობა, მე, როგორც ჯარისკაცს, ჩემი ქვეყნისათვის გამეკეთებინა ეს დიდი საქმე. ნაკლებად მაღელვებს, მოსკოვში ეს ძალიან ეწყინათ, ნახევრად თუ ისე, მსუბუქად გაატარეს.

ჩვენი ინტერესია ერთიანი საქართველოს აღდგენა. ერთიან საქართველოში არ არის არც ოკუპანტი ჯარისკაცების და არც ოკუპანტი ოლიგარქების ადგილი. ეს არის ქართველი ხალხის გულიდან ამონათქვამი. ჩვენ მხოლოდ ვახორციელებთ ამ შეკვეთას და მზად ვარ, ამის განხორციელებაში სიცოცხლეც გავწირო“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ კარანტინისა და იზოლაციის ვადა კიდევ შემცირდეს
შემდეგი სტატიაჩოჩელები, ოქრიაშვილები, ხაბულიანები, ხახუბიები, კალაძეები, მამაცაშვილები და მთელი ეს ბანდა, ცხვირს ვერ შემოყოფს ოპოზიციის საერთო თანამშრომლობის ფორმატში