შალვა ნათელაშვილი ჰოლანდიის ელჩს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ესაუბრა

დღეს, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი პარტიის ოფისში შეხვდა ჰოლანდიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იოს დაუმას. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ვითარებასა და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს.

” მოხარული ვარ ბატონ შალვასთან შეხვედრითა და ხანგრძლივი საინტერესო საუბრით. წინასაარჩევნოდ გაიმართება შეხვედრები პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან. დღეს ვესტუმრეთ ლეიბორისტულ პარტიას, როგორც ყველაზე მრავალწლიან და ძლიერ პარტიას. საუბარი შეეხო წინასაარჩევნოდ არსებულ ვითარებასა და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს”,- განაცხადა იოს დაუმამ.

როგორც შალვა ნათელაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალსიტებს განუცხადა, “წინასაარჩევნოდ მთელი მსოფლიო და განსაკუთრებით, ევროკავშირი ინტერესდება ჩვენი პოზიციით საშინაო თუ საერთაშორისო საკითხებზე. ბატონ ელჩთან დეტალურად ვისაუბრეთ იმ ვითარებაზე რაც შექმნილია ჩვენს ქვეყანაში წინასაარჩევნოდ და იმ შესაძლო მოვლენათა განვითარებაზე, რომელიც გვემუქრება, თუ დროზე არ იქნა მიღებული ზომები და მთელი ევროპა არ დაირაზმა იმისათვის, რომ საქართველოში ვერავინ გაბედოს არჩევნების გაყალბება. ვერანაირი მილიარდებით, ვერანაირი ძალადობითა და უკანონობით”- აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.
შალვა ნათელაშვილისა და იოს დაუმას შეხვედრა საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

banner
წინა სტატიაში“არ მინდა ილუზიით გამოგკვებოთ, თითქოს, ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის გადმოცემა მოხდება”
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე: საქართველოს ვიზალიბერალიზაციას ჭირდება პროცედურული გაფორმება, რაც სწარაფი ტემპით მიმდინარეობს