სერგი კაპანაძე : მთავარია, როგორ დავძლიოთ ეკონომიკური კატასტროფა და არა პრემიერობის კანდიდატები ან ვინ რა თანამდებობას დაიკავებს

news
ავტ.: news სექტემბერი 23, 2020 13:45

სერგი კაპანაძე : მთავარია, როგორ დავძლიოთ ეკონომიკური კატასტროფა და არა პრემიერობის კანდიდატები ან ვინ რა თანამდებობას დაიკავებს

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღავნელი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ დღეს ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური კრიზისია და ამ დროს დებატების მთავარი თემა არა პრემიერობის კანდიდატები და თანამდებობები, არამედ ის გეგმა უნდა იყოს, რომლითაც პოლიტიკური ძალები გამოიყვანენ ქვეყანას ამ მძიმე ვითარებიდან.

„მოდი, ასე დავსვათ კითხვა: გვინდა, რომ 100 000-ით მეტი ადამიანი დასაქმდეს? გვინდა, რომ თითოეულ ოჯახს მეტი ფული, მაგალითად, დამატებით 2000 ლარი გაუჩნდეს? გვინდა, რომ სიღარიბე შემცირდეს და 80 ათასი ბავშვი არ შიმშილობდეს და პენსიონერი წამალსა და საკვებს უპრობლემოდ ყიდულობდეს?​ თუ გვინდა, ყველა პოლიტიკურ ძალას უნდა დავუსვათ კითხვა – რას გააკეთებენ ამის მისაღწევად?​ მე გეტყვით, ჩვენ, „ევროპული საქართველო რას ვაპირებთ:

– გადასახადების მკვეთრად დაწევა (საშემოსავლო, მოგება, ქონება, დღგ, აქციზი);

– ბიუროკრატიული და სამთავრობო ხარჯის მკვეთრად დაწევა. დაახლოებით ორი მილიარდის დაზოგვა;

– მთავრობის ხელში არსებული ქონების მასობრივად გასხვისება, რათა კერძო საკუთრებაში გადავიდეს მიწები და საწარმოები;

– უაზრო და მავნებლური რეგულაციების გამარტივება და წურბელა მარეგულირებლების შეკვეცა;

– ინვესტიციების აქტიურად მოზიდვა და ისეთი ტურისტული და სავაჭრო ინფრასტრუქტურის შექმნა, რაც წაახალისებს ექსპორტს და მეტი ფულის შემოსვლას (მაგ. ანაკლიის პორტის, ქუთაისის სატვირთო ტერმინალის და ა.შ.);

– დაგროვებითი საპენსიო ფონდის ნებაყოფლობითობა;

– ინვესტიციების დაცვა კერძო საერთაშორისო არბიტრაჟით და დამოუკიდებელი სასამართლოთი, რომელშიც ნაფიცი მსაჯულები და ზედა ინსტანციაში ამერიკელი მოსამართლეები იქნებიან.

მარტივად რომ ვთქვათ, ისეთი რეალობის შექმნა, რომელშიც მეტი ფული და თავისუფლება ექნება ხალხს და ნაკლები რესურსი და კონტროლი მთავრობას.

ეს მხოლოდ ნაწილია, მაგრამ ამის გარეშე არაფერი გამოვა. უბრალოდ არაფერი. და ახლა რა კატასტროფაშიც ვართ, ამაზე მძიმეში აღმოვჩნდებით“, – აცხადებს სერგი კაპანაძე.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

news
ავტ.: news სექტემბერი 23, 2020 13:45