სერგი კაპანაძე : მოწმე იორდანიშვილმა რაღაც დეტალებზე მაინც ისაუბრა და თქვა, რომ ჩხუბში დაახლოებით 20-25 ადამიანი მონაწილეობდა

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, მოწმე ნიკოლოზ იორდანიშვილი ამბობს, რომ ჩხუბში დაახლოებით 20-25 ადამიანი მონაწილეობდა.

ამის შესახებ კაპანაძემ ხორავას ქუჩაზე განაცხადა, სადაც ის მოწმე გამოკითხეს, რომელიც შემთხვევის დროს მომხდარიდან ახლოს იმყოფებოდა.

კაპანაძის თქმით, მოწმე დეტალებზე არ საუბრობს და ამბობს, რომ არ ახსოვს.

„ორივე დანაშაულის ადგილიდან ის დაახლოებით 3-4 მეტრში იმყოფებოდა. აქედან გამომდინარე ამ შემთხვევაში ვერდანახვა უფრო რთულია, ვიდრე დანახვა. ის ამბობს, რომ არ ახსოვს, დეტალებზე არ საუბრობს.

თუმცა რაღაც დეტალებზე საბოლოო ჯამში მაინც ისაუბრა. არა კონკრეტულად მკვლელობის, არამედ – ჩხუბის. ის ამბობს, რომ ჩხუბში დაახლოებით 20-25 ადამიანი მონაწილეობდა”,- განაცხადა კაპანაძემ.

ამასთან, სერგი კაპანაძის ინფორმაციით, იორდანიშვილს ჩვენების მიცემა კომისიის გაფართოებული შემადგენლობის წინაშე სავარაუდოდ კიდევ მოუწევს.

„ეს არის მოწმე, რომელიც მანქანაში იჯდა და ყველაფერს ხედავდა, რაც მისი მანქანის წინ ხდებოდა. მან ახლა ჩვენ ჩვენება შემთხვევის ადგილზე მოგვცა. ჩვენების მიცემა კომისიის გაფართოებული შემადგენლობის წინაშე სავარაუდოდ კიდევ მოუწევს.

გულწრფელად გეტყვით, ჩემი შთაბეჭდილება არის, რომ შეუძლებელია, ადამიანს, რომლის წინაც ხდება ასეთი დანაშაული, ეს არ დაენახა. თუმცა ის დეტალებზე არ საუბრობს, არ ახსოვს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ საუბრობს, ამასთან დაკავშირებით ჩვენი დასკვნები გვექნება.

ახლა წინასწარ თქმისგან თავს შევიკავებ. ამისთვის შეიძლება ბევრი მიზეზი არსებობდეს, მაგრამ ფაქტი ერთია, როდესაც ასეთი რაღაც ადამიანის წინ ხდება, ცოტა არ იყოს დაუჯერებელია, რომ ვერაფერს იხსენებს და ხედავს. ჩვენ ამ თემას კომისიის საქმიანობის ფარგლებში კიდევ აუცილებლად დავუბრუნდებით და უფრო მეტ ინფორმაციასაც მოგაწვდით. ახლა სხვა მოწმეების დაკითხვასაც ვაგრძელებთ და ამის შესახებაც ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება”,- განაცხადა კაპანაძემ.

ხორავას ქუჩაზე დღეს ის პირი გამოიკითხა, რომელიც პირველ დეკემბერს, არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირებისას შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. მოწმე ნიკოლოზ იორდანიშვილი ადგილზე იმ ავტომობილით იყო მისული, რომლითაც პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე იმყოფებოდა.

კომისიის წევრებს უკვირთ, როგორ ვერ დაინახა მოწმე იორდანიშვილმა მოზარდების დაპირისპირება, როცა ამ დროს საკუთარ მანქანაში იჯდა და ეზოდან გასვლას ცდილობდა.

banner
წინა სტატიაშიმომღერალ ირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობის მცდელობა – დაკავებულ ქალს ბრალს რამდენიმე წუთში წაუყენებენ
შემდეგი სტატიააკაკი ზოიძე ვარაუდობს, რომ სამინისტროების გაერთიანებით ადმინისტრაციული ხარჯი 100-120 მილიონი ლარით შემცირდება