სერგეი ლავროვმა საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის სურვილი გამოთქვა

სერგეი ლავროვის მორიგი მუქარა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ის საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის მომხრეა. ამის შესახებ მან გამოცემა „კომერსანტთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

„ალბათ, მე ამ ფრენებს დავაბრუნებდი. მგონია, რომ ეს იქნება სწორი, მას შემდეგ, რაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ გაიაზრა იმ პროვოკაციული გამოხდომის კონტრპროდუქტიულობა, რომელიც საქართველოს პარლამენტში მოხდა, მაშინ როდესაც დარბაზში მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა მიმდინარეობდა. ოპოზიციურმა პარტიებმა მაშინ უხეშად ჩაშალეს ეს ღონისძიება და შემდეგ რუსეთს დააბრალეს რაღაც ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რამაც ვითომცდა, გააჩაღა რუსოფობიური კამპანია. მაგრამ, იქ არაფერი მომხდარა შეთანხმებული პროცედურის გარდა, რომელიც მძვინვარე ხალხის ჯგუფმა შეაჩერა, რომელთაც წინასწარ მომზადებული პლაკატები ჰქონდათ. ისინი ამას გააზრებულად აკეთებდნენ, ამის მიზეზი, რუსოფობიური ისტერიის მიზეზი დარბაზში რუსული დელეგაციის გამოჩენა ნამდვილად არ ყოფილა. მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი საქართველოსთან მეგობრობას“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

მისივე თქმით, რუსეთს 2019 წლის ზაფხულში უკვე ჰქონდა მზად საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება. თუმცა, ლავროვის განცხადებით, ქვეყნებს შორის ურთიერთობების დაძაბვამ ეს პროცესი „უკან წაწია“.

„მე იმედი მაქვს, რომ ამ პროცესმა დროებით წაიწია უკან. საქართველოში გაჩნდა და პოზიციებს იმყარებენ საღი აზრის მქონე პოლიტიკოსები. ვნახოთ, როგორ წავა საქმეები“, – განაცხადა ლავროვმა.

რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 8 ივლისს შეაჩერა.”თაიმერის” ინფორმაციით კი  ავიამიმოსვლა დეკემბრიდან აღდგება.

banner
წინა სტატიაშიარჩილ გამზარდია: დღეს კიდევ უფრო მეტად არის აუცილებელი ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლა, ტირანიის, რომელიც თითქოს ერთი შეხედვით არ ჩანს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში გაეროს განვითარების ფონდის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა