სერგეენკო საზოგადოებას ბოდიშს უხდის

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო წუხს, რომ მის მიერ ოკუპაციის შესახებ გაკეთებულ განცხადებას საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვია.

როგორც დავით სერგეენკომ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, უმჯობესი იყო, ოკუპაციის შესახებ სხვა ფორმულირებით გაეკთებინა განცხადება.

“პირველ რიგში მინდა, ქედი მოვიხარო იმ ადამიანების ხსოვნის წინაშე, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიაობისთვის თავი შესწირეს. დღეს მართლა ტრაგიკული დღეა. რაც შეეხება ჩემს მიერ გაკეთებულ განცხადებას, მე მართლა გულწრფელად მტკივა გული, იმაზე, რომ ჩემმა ასეთი ფორმულირებით გაცემულმა პასუხმა გარკვეული მღელვარება გამოიწვია საზოგადოების ნაწილში. ნამდვილად ვწუხვარ ამაზე. მჯერა, რომ უახლოეს დღეებში მომეცემა საშუალება, დეტალური განმარტება გავაკეთო. რა თქმა უნდა, არ მქონია აზრად, რომ ოკუპაცია არ არსებობს საქართველოში. ოკუპაცია დაიწყო ბოლო პერიოდში, 90-იანი წლების დასაწყისიდან და რამდენიმე დამანგრეველი ტალღა იყო საქართველოში. დღესაც ეს უდიდესი პრობლემაა. გულწრფელად მჯერა, რომ ამ ფრაზის შინაარსის განმარტებას შევძლებ. კიდევ ერთხელ გულწრფელად ვწუხვარ, ასეთ ფორმულირებას სჯობდა, რომ სხვანაირად გამეკეთებინა განცხადება. საქართველოს ტერიტორიის 20%- ზე მეტი ოკუპირებულია, ამას შეეწირა ასეულობით ადამიანი და ასეულობით ათასი იქცა დევნილად, რა თქმა უნდა ეს არის ოკუპაცია”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

დავით სერგეენკომ რამდენიმე ხნის წინ შემდეგი განცხადება გააკეთა: “არანაირი მცოცავი და ეტაპობრივი ოკუპაცია არ არის – ეს არის იმ ”საზღვრების” დადგენა, რომელსაც 2008 წელს, ძალიან სამწუხაროდ, ლეგიტიმაცია მაშინდელმა მთავრობამ გაუკეთა”.

სერგეენკო: ეს არანაირი მცოცავი და ეტაპობრივი ოკუპაცია არ არის(video)

banner
წინა სტატიაშივალდებული ვარ, დავიბრუნო უკრაინის მოქალაქეობა
შემდეგი სტატიააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო