სდსს განცხადებას ავრცელებს და საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავს

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური განცხადებას ავრცელებს და კატეგორიულად გამორიცხავს თანამშრომლების რაიმე ფორმით მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ:

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები წინასაარჩევნო კამპანიაში რაიმე ფორმით არიან ჩართულნი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ეს არის სრული დეზინფორმაცია, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური არის აპოლიტიკური უწყება, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდშიც, ისევე, როგორც ყოველთვის, მოქმედებს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში და მისი თითოეული თანამშრომელი ასრულებს კანონით მასზე დაკისრებულ მოვალეობას.

კატეგორიულად გამოვრიცხავთ დაცვის სამსახურის თანამშრომლების რაიმე ფორმით მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ. არავითარი სიები სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში არ არსებობს, გარდა იმ სიებისა, რომელიც დგება იმისთვის, რათა თანამშრომლებმა, რომლებიც არჩევნების დღეს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ, მოქალაქეობრივი ვალის მოხდა და არჩევნებში მონაწილეობა შეძლონ.

მიუღებელია მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება“, – აცხადებენ სდსს-ში.

banner
წინა სტატიაშისაპრეზიდენტო არჩევნებს NDI დააკვირდება – ორგანიზაციის ხელმძღვანელები პრემიერს და ელჩებს შეხვდებიან
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი