საზოგადოების ნაწილში ისედაც არსებობს უნდობლობა აცრების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით- ჭიაბერაშვილი

“საზოგადოების ნაწილში ისედაც არსებობს უნდობლობა აცრების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებამ ზოგადად იმუნიზაციის მიმართ საზოგადოებრივი ნდობა კიდევ უფრო შეარყია”- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ისაუბრა.

მან ასევე გაიხსენა საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის მიყენებული ზიანი, რაც თავის დროზე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2016-2017 წლებში შეძენილი და გამოყენებული ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის თაობაზე ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის წარმოქმნილმა დავამ გამოიწვია.

ჭიაბერაშვილი იწონებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიზანი ჯანდაცვის მინისტრის გამონათქვამის განეიტრალება იყო და მოუწოდებს ცენტრს, ჩაატაროს იმუნიზაციის პროგრამის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების ფართომასშტაბიანი კამპანია.

ჭიაბერაშვილი ასევე გამოეხმაურა მედიკამენტებზე მოქალაქეთა ხელმისაწვდომობის გაზრდის ტიკარაძისეული ხედვის მიზანშეუწონლობასაც. მისი აზრით, ამ ხედვის განხორციელება, რაც მედიკამენტების ფასების დადგენაში მთავრობის პირდაპირ ჩარევას გულისხმობს, მხოლოდ პოპულიზმია და მდგომარეობას გააუარესებს.

“საყოველთაო გაჭირვებასა და უმუშევრობაში, როდესაც წამლების ფასი ბოლო 6 წელიწადში 60%-ითაა გაზრდილი, აუცილებელი იყო, მთავრობას ქმედითი ნაბიჯები გადაედგა და საზოგადოების ყველაზე დაუცველი ასიათასობით მოქალაქეს მედიკამენტების პროგრამით დახმარებოდა. სამწუხაროდ, 2017 წლიდან მოქმედმა მედიკამენტების პროგრამამ ეს ამოცანა ვერ შეასრულა,” – აცხადებს ჭიაბერაშვილი.

ჭიაბერაშვილის თქმით, გამოსავალია მედიკამენტის კომპონენტის დამატება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, ოღონდ ამისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დიზაინი უნდა შეიცვალოს და მოხდეს მისი სწორი ადმინისტრირება. ასეთ შემთხვევაში ათიათასობით გაჭირვებული მოქალაქეების ხელმისაწვდომობა წამლებზე გაიზრდება.

“მესამე საგანგაშო სიგნალი, რაც ტიკარაძისგან მივიღეთ, ისაა, რომ მთავრობა არ აპირებს 520-ე დადგენილების შეჩერებას და საკუთარი შეცდომების გამო საავადმყოფოებს, მედპერსონალსა და, საბოლოო ჯამში, პაციენტებს სჯის,” – განაცხადა ჭიაბერაშვილმა. მისი თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გაუმართაობის გამო, ჯანდაცვის სამინისტროს საავადმყოფოების მიმართ 350 მილიონი ლარის დავალიანება აქვს გასასტუმრებელი, რის გამოც კლინიკების მუშაობას ხელი ეშლება და მედპერსონალის დიდი ნაწილი თვეობით ვერ იღებს ხელფასს.

“ეს ყველაფერი მედპერსონალის ხელფასების გაუცემლობაში, სამედიცინო მომსახურების ხარისხის დაქვეითებასა და პაციენტების მიერ ჯიბიდან გადახდების ზრდაში აისახება,” – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“დღეისათვის პენიტენციური სისტემა მთლიანად უზრუნველყოფილია ახალი უნიფორმებით” – თეა წულუკიანი
შემდეგი სტატია,,ლელო საქართველოსთვის’’ ითხოვს, განათლების სამინისტროს კულტურისა და სპორტის ნაწილი გამოეყოს