,,საუბარი იმაზე, რომ მერიაში კრიზისს აქვს ადგილი, ეს ასე ნამდვილად არ არის”

თბილისის მერიაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე გამოეხმაურა.

როგორც ლექვინაძემ ტელეკომპანია GDS-ზე, გადაცემა “2030”-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, საუბრები იმაზე, რომ თითქოს მერიაში კრიზისია, სინამდვილეს არ შეესაბამება.

“საკადრო ცვლილებები, ზოგადად, ეს ჩვეულებრივი პროცესია, რომელიც ნებისმიერ სტრუქტურაში, მათ შორის, მერიაში, შეიძლება გარკვეული პერიოდულობით განხორციელდეს. დღეს ორი სამსახურის უფროსმა დატოვა თანამდებობა და ეს იყო მათი გადაწყვეტილება. ჩვენი მიზანია, რომ სამსახურების მუშაობა გახდეს უფრო ეფექტური და იმ ახალ გამოწვევებს, რაც მერიის წინაშე დგას, ადექვატურად ვუპასუხოთ. საუბარი იმაზე, რომ თითქოს მერიაში კრიზისს აქვს ადგილი, ეს ასე ნამდვილად არ არის. სამსახურები მუშაობენ და უახლოეს პერიოდში დავით ნარმანია ვაკანტურ თანამდებობებზე ახალ კანდიდატებს წარადგენს”, – აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიაში დღეს ორი საკადრო ცვლილება განხორციელდა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი არეშიძემ და თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსმა, ბიძინა გიორგობიანმა, თანამდებობები დატოვეს.

banner
წინა სტატიაშირეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი 8587 ადამიანს გაუძვირდება
შემდეგი სტატიანარმანიას შემდეგ თბილისელებს ბოდიშს მისი მოადგილეც უხდის