ნარმანიას შემდეგ თბილისელებს ბოდიშს მისი მოადგილეც უხდის

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე დავით ნარმანიას უერთდება და თბილისელებს, გზებზე გადაადგილების პრობლემის გამო, ბოდიშს უხდის.

როგორც ლექვინაძემ ტელეკომპანია GDS-ის ეთერში გადაცემა “2030”-ში სტუმრობისას აღნიშნა, მერია ცდილობს, გზებზე არსებული შეზღუდვები, მაქსიმალურად სწრაფად მოაგვაროს.

“სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გარკვეულწილად შეფერხებულია გადაადგილება, მინდა თითოეულ თბილისელს ბოდიში მოვუხადო, მაგრამ ყველამ უნდა გავიგოთ, რომ ეს არის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისკენაა მიმართული. დროშია გადაცილებული გარკვეული სარეაბილიტაციო სამუშაოები და ეს დღეს ღიად ითქვა. იმ კომპანიასთან, რომელსაც დაახლოებით 8 ობიექტზე ჰქონდა ვალდებულება, სამწუხაროდ, მან ეს ვერ შეძლო. ეს 8 ობიექტი თბილისის ისეთ უბნებში მდებარეობს, სადაც მოძრაობის ნაკადი საკმაოდ მაღალია და ბუნებრივია, ამ დროში გადაცილებამ, გარკვეული შეფერხება გამოიწვია. ჩვენი რეაგირება იყო ის, რომ ამ კომპანიას ცალმხრივად შეუწყდა კონტრაქტი და დაეკისრა ჯარიმები. ბუნებრივია ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შეფერხებების გამოსწორება, დროულად მოხდეს”, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვის გეგმა მერიას გააჩნია. როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, საცობების მიზეზი ავტომობილების რაოდენობის გაზრდა, მოუწესრიგებელი მძღოლი და მოუწესრიგებელი ქვეითია.

ირაკლი ლექვინაძის თქმით, ასევე საცობის მიზეზია მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც გადაადგილებას უშლის ხელს.

banner
წინა სტატიაში,,საუბარი იმაზე, რომ მერიაში კრიზისს აქვს ადგილი, ეს ასე ნამდვილად არ არის”
შემდეგი სტატიაარჩილ გამზარდია:ამ გადაწყვეტილებას „ნაციონალური მოძრაობის „სურნელი ასდის