სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკონსულტაციო საბჭომ პირველი შეხვედრა გამართა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკონსულტაციო საბჭო დღეს პირველად შეიკრიბა. საკონსულტაციო საბჭოს პირველი სხდომა სასტუმრო “რედისონში” გაიმართა და მას სასჯელაღსრულების მინისტრთან ერთად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.
საკონსულტაციო საბჭო პენიტენციურ სისტემაში არსებულ პრობლემებს განიხილავს. სასჯელაღსრულების მინისტრის კახი კახიშვილის განცხადებით, გატარებული რეფორმის შემდეგ კანონი ითვალისწინებს, რომ მინისტრმა ითანამშრომლოს სპეციალურ საკონსულტაციო საბჭოსთან, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და ექსპერტებისგან უნდა იყოს დაკომპლექტებული.
“როდესაც ერთი წლის წინ გავატარეთ რეფორმა კანონში ჩავწერეთ, რომ მინისტრს უნდა ჰყავდეს საკონსულტაციო საბჭო, რომელიც უნდა შედგებოდეს არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და ექსპერტებისგან. იმ ადამიანებისგან, რომლებსაც გარკვეული გამოცდილება აქვთ ჩვენს სისტემაში არსებული მოვლენების შესწავლის. გვსურს, რომ სისტემა გახდეს უფრო გამჭვირვალე. დღეს არის საკონსულტაციო საბჭოს შეკრება. ჩვენ არ შევამცირეთ და კვოტირება არ გავუკეთეთ საბჭოს იმიტომ, რომ ვისაც სურვილი აქვს ამ სისტემის გასაუმჯობესებლად საკუთარი წვლილი შეიტანოს, ყველას მიეცეს ამის საშუალება. საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან ერთად ჩვენ ვიმუშავებთ სისტემის გასაუმჯობესებლად და საბჭოს ფარგლებში მოხდება ყველა არსებული პრობლემური საკითხის განხილვა,”- განაცხადა კახი კახიშვილმა.

banner
წინა სტატიაში15 დეკემბერს ჯონ კერი მოსკოვში ჩავა
შემდეგი სტატიამოსკოვში 30-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს