,,სასამართლოს გადაწყვეტილება ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიას”

“ფრიდომ ჰაუსის” ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ “რუსთავი 2”-ის საკითხი დიდი პრობლემის ნაწილია, რაც საფრთხეს უქმნის მედიის თავისუფლებას, უგულებელყოფს სამართლებრივ პროცესს და უარყოფს კანონის უზენაესობას.

“ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში “ფრიდომ ჰაუსის” ვიცე-პრეზიდენტი რობერტ ჰერმანი აცხადებს, რომ „საქართველოს მთავრობამ უნდა შეწყვიტოს მედიაში ჩარევა“.

“ყველამ უნდა გაიგოს, რომ მფლობელობაზე დავები ვაკუუმში არ წარმოიშვება. ისინი უფრო დიდი პოლიტიკური გარემოს ნაწილია. ყველასთვის ცნობილია, რომ “რუსთავის 2” ოცნების მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი არხია. სახეზეა იმის ნიშნები, რომ ცენზურის მცდელობა არა მხოლოდ “რუსთავი 2”-ს, არამედ სხვებსაც ეხებათ, ვინც მთავრობისადმი კრიტიკულადაა განწყობილი,” – აცხადებს ჰერმანი.

მისი თქმით, სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიას, რაც ქართული სახელმწიფოსთვის, რომელიც რეგიონში პროგრესის მაგალითი იყო, უკან გადადგმული ნაბიჯია.

“საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, რომელმაც წარსულში ბევრი სირთულე გადალახა, მნიშვნელოვანი წინსვლა ჰქონდა და სადაც დემოკრატიამ წინ წაიწია, ეს სერიოზული უკუსვლაა. “ფრიდომ ჰაუსის” და სხვა ორგანიზაციების კვლევები გვიჩვენებს, რომ როდესაც მედია სექტორზე თავდასხმა ხდება ეს ხშირად დემოკრატიის უფრო ღრმა და ფართო უკუსვლის წინაპირობაა. ამჟამად სწორედ ეს არის ბევრის წუხილი, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების და ამერიკის მთავრობის,”, – აღნიშნავს ჰერმანი.

ჰერმანის ამბობს, რომ “რუსთავის 2”-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები საქართველოს მეგობრებს იმედებს უცრუებს და არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დაპირებული დემოკრატიული სტანდარტების ამაღლებას.

“საქართველომ მოახერხა და გამოირჩეოდა ძალიან რთულ რეგიონში, ვფიქრობ, ესეც არის ასეთი დიდი იმედგაცრუების მიზეზი. საქართველო გამოირჩეოდა მეზობლებისგან, ისევე როგორც პოსტ საბჭოთა ქვეყნების უმრავლესობისგან. ქართველების მისწრაფება არ უნდა იყოს რუსეთზე ან აზერბაიჯანზე წინ ყოფნა, ისინი უნდა ედრებოდნენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დემოკრატიებს, ან უფრო მოწიფულ დემოკრატიებს. ეს უნდა იყოს მათი სწრაფვის სტანდარტი. „ქართული ოცნების“ მთავრობამ თქვა, რომ ის ამ სტანდარტებს აამაღლებდა, სწორედ ამიტომ არის ასეთი იმედგაცრუება“, – აცხადებს ჰერმანი.

ექსპერტს უჩნდება კითხვა, ხომ არ არის “რუსთავი 2”-ის საქმე ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მომასწავლებელი.

“როცა სამართლებრივი პროცესების გვერდის ავლა ხდება, ყოველთვის ჩნდება ეჭვი, რომ ეს კანონის უზენაესობის მოშლის და საკონსტიტუციო ჩარჩოდან გასვლის მომასწავებელი შეიძლება იყოს“, – აღნიშნავს იგი.

ჰერმანის თქმით, მსგავსი საქმეები საქართველოს მიერ რამდენიმე წლის განმავლობაში გატარებულ დემოკრატიულ რეფორმებს არ შეესაბამება. ის იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს მთავრობა საერთაშორისო და ადგილობრივი გამოხმაურებების შედეგად მიხვდება, რომ ქვეყანაში მედიის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს მხარდაჭერა არ აქვს.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით „რუსთავი 2“-ის ორ დირექტორს უფლებამოსილება შეუჩერდა და დროებით მმართველებად არხის ყოფილი მფლობელი დავით დვალი და ტელეკომპანია “იმედის” ყოფილი გენერალური დირექტორი რევაზ საყევარიშვილი დაინიშნენ.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლე თამაზ ურთმელიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას არ დაესწრება
შემდეგი სტატია„საჭიროდ მიმაჩნია, რომ საზოგადოებას არ შევუქმნა არასწორი წარმოდგენები”