სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს – ევროპარლამენტარები

ევროპარლამენტარები დევიდ მაკალისტერი, სვენ მიქსერი და მარინა კალიურანდი რუსულ კანონთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებენ და გმობენ საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას.

ისინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, სასწრაფოდ განმუხტოს სიტუაცია და უკრან გაიწვიოს რუსული კანონი. ევროპარლამენტარები ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ.

“ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში შექმნილი ვითარებით და ვგმობთ მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ განხორციელებულ ძალადობას, რომლებიც “უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს” [რუსულ კანონს] აპროტესტებენ. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, სასწრაფოდ განმუხტოს სიტუაცია და შეწყვიტოს მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება. ვიმეორებთ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება ფუნდამენტური უფლებაა და მკაცრად უნდა იყოს დაცული.

ჩვენ უკვე გამოვთქვით შეშფოთება საკამათო კანონპროექტის ხელახლა ინიცირებასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს თავდასხმას დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე. თუ ეს კანონი დამტკიცდება, საფრთხეს შეუქმნის საქართველოს პროგრესს ევროკავშირის გზაზე. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უკან გაიწვიოს კანონპროექტი და კონცენტრირება მოახდინოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისთვის აუცილებელ რეფორმებზე.

ქართველი ხალხი იცავს თავისუფლებას, დემოკრატიასა და ევროპულ მომავალს. მათ არ სურთ, რომ რუსეთის ორბიტის ნაწილნი იყვნენ. მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, გაამართლონ თავიანთი მოქალაქეების მოლოდინები და არ დაბლოკონ მათი ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებები.

ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, რომელიც ავლენს თავის დაუოკებელ ერთგულებას დემოკრატიის, ევროპული ღირებულებებისა და საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზისადმი,” – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიველოდებით მხარდაჭერას და ველოდებით თანასწორუფლებიან დამოკიდებულებას – სუბარი აშშ-ს მიწვევაზე
შემდეგი სტატიააქტივისტებზე თავდამსხმელი მეორე პირი გიორგი უბილავაა