„საჭიროდ მიმაჩნია, რომ საზოგადოებას არ შევუქმნა არასწორი წარმოდგენები”

მოსამართლე ურთმელიძეს კომპრომატების გამოქვეყნებით ემუქრებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განცხადება, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამოუცხადებლობის შესახებ, ცოტა ხნის წინ საბჭოს წევრებს გააცნეს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, სხდომაზე მოსამართლის წარდგომა და საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებზე პასუხის გაცემა, პირდაპირ თუ არაპირდაპირ დატოვებს კონკრეტულ საქმეზე, მოსამართლის მიერ ანგარიშის ჩაბარების შთაბეჭდილებას, რაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს სასამართლოს ავტორიტეტს.

ამ მიზეზების გათვალისწინებით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ მიიღო სხდომაზე გამოუცხადებლობის გადაწყვეტილება.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ასევე, მოსამართლე, ვალდებულია იზრუნოს სასამართლოს რეპუტაციაზე. საბჭოს სხდომაზე მოსამართლის წარდგომა და საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებზე პასუხის გაცემა, პირდაპირ თუ არაპირდაპირ დატოვებს კონკრეტულ საქმეზე მოსამართლის მიერ ანგარიშის ჩაბარების შთაბეჭდილებას, რაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს სასამართლოს ავტორიტეტს და შექმნის მომავალში ანალოგიურის განმეორების სახიფათო პრეცედენტს. ამიტომ, საჭიროდ მიმაჩნია, რომ საზოგადოებას არ შევუქმნა არასწორი წარმოდგენები და არ გამოვცხადდე საბჭოს სხდომაზე. ჩემი, როგორც საქმის განმხილველი მოსამართლის შეხედულებები, საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ცალკეულ საკითხებზე გადმოცემულია შუალედურ გადაწყვეტილებაში. რაც შეეხება საქმის არსებით გადაწყვეტასთან დაკავშირებულ არგუმენტებს, ისინი აისახება საბოლოო, შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში“, – განაცხადა ურთმელიძემ.

მისი თქმით, მასმედიის საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციები ცხადყოფს საზოგადოებაში არსებულ დიდ მოლოდინს დაანონსებულ შეხვედრასთან დაკავშირებით და იმედი აქვს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრულყოფილად მიაწვდის ინფორმაციას საზოგადოებას, სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზების თაობაზე.

banner
წინა სტატიაში,,სასამართლოს გადაწყვეტილება ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიას”
შემდეგი სტატიასენაკელი ,,ბეზპრედელი,, მეტსახელად ,,გოჩუ-ხანი,, …