„სასამართლო პროცესს თქვენც წააგებთ“ – ნატო ჩხეიძისა და კობა გვენეტაძის ცხარე პოლემიკა

პარლამენტში მისულ ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ კითხვა „ომეგა ჯგუფის“ საქმის იმ ეპიზოდზე დაუსვა, რომელიც „თიბისიდან“ 2 მილიონი დოლარის გატანას ეხება.  

„2016 წლის 21 და 22 აპრილს, „თიბისი ბანკიდან“ მოხდა დიდი რაოდენობის თანხის – 2 მილიონამდე დოლარის ნაღდი სახით გაცემა ორი დღის დარეგისტრირებულ კომპანიაზე, რომელსაც ბანკში სადამფუძნებლო დოკუმენტაცია არ ჰქონდა წარდგენილი. მიუხედავად ამისა, ბანკიდან ამ ნებართვის გაცემა მოხდა და ამის შემდეგ მოხდა თანხის გამოძალვა, რაც სხვა უწყების გამოსაკვლევია. მაინტერსებს, თქვენმა უწყებამ ეს საკითხი თუ შეისწავლა მაშინვე, გეგმიურად, ან მას შემდეგ, როდესაც „ომეგა ჯგუფმა“ წერილით მოგმართათ, ან ახლა მაინც, როცა ბატონი ხაზარაძის თქმით, ბანკსა და დამფუძნებლებზე მიმდინარეობდა ორკესტრირებული შეტევა. ამ დარღვევის გამომზეურება, თუ რამე სხვა მიზეზი არ არსებობდა, სწორედ, მისწრება უნდა ყოფილიყო ეროვნული ბაკისთვის.

ჩემი შეკითხვა ეხება კონკრეტულად რამდენიმე საკითხს: 1. ეს საკითხი შეისწავლეთ თუ არა. 2. როდის შეისწავლეთ. 3. ამ ტრანზაქციაში რამე დარღვევა  ნახეთ თუ არა და 4. რა რეაგირება მოახდინეთ?“ – კითხა ჩხეიძემ გვენეტაძეს.

„საზედამხედველო ღონისძიებები კონფიდენცალურია და სამწუხაროდ, ამ საკითთხზე კომენტარს ვერ გავაკეთებ!“ – მოკლედ მოუჭრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დეპუტატს. ამის შემდეგ ნატო ჩხეიძესა და კობა გვენეტაძეს შორის ასეთი, ასე ვთქვათ, პოლემიკა გაიმართა:

ნატო ჩხეიძე: „- თქვენი პასუხი მაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ საკითხი შეისწავლეთ, დარღვევა ნახეთ და სწორედ ამ დარღვევის გამჟღავნება არის კონფიდენციალური. ეს გასაგებია, მაგრამ პასუხი დაგრჩათ გასაცემი შემდეგ შეკითხვაზე: როდის მოხდა ამ საკითხის შესწავლა – 2016 წელშივე, 2017-ში, 2018-ში თუ ახლა 2019-ში?

კობა გვენეტაძე: „- იმ შეფასებაში, რაც გააკეთეთ, ვერ დაგეთანხმებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ზედამხედველობასთან დაკვშირებული საკითხები კონფიდენციალურია.“

ნატო ჩხეიძე: „- ჩვენი მმართველი გუნდი დიდი სიამაყით აღნიშნავს, რომ ახალი რეგლამენტის პირობებში, მთავრობის წევრები და მაღალი რანგის ჩინოვნიკები პარლამენტში მობრძანდებიან, მაგრამ რაც უფრო მეტჯერ ხდება ეს მობრძანება, აშკარად ვხედავთ, რომ ეს კათედრა ნელ-ნელა ემსგავსება საბჭოური ყრილობის მსვლელობას, რადგან ისმის მხოლოდ თავის მოწონება, ნახევარი სიმართლე, სიცრუე და როცა სიცრუესაც ვეღარ ამბობენ, კონფიდენციალობას ამოეფარებიან ხოლმე. ასეთი მაღალფარდოვანი სიტყვებით გინდათ შებუროთ ის რეალობა, რა რეალობაც ხალხს აქვს. ხალხის რეალობა კი ასეთია: იმის მაგივრად, რომ თურქულ თუ ინდურ სერიალებს უყუროს, კომიტეტის სხდომებს, სესიებს უყურებს იმიტომ, რომ იქნებ, აქედან რამე სასარგებლო მოისმინოს და ეს სასარგებლო არის მხოლოდ ერთადერთი – სიმართლე, სიმართლე, რომელსაც ჩვენი მაღალი რანგის ჩინოვნიკები აქ არ ამბობენ.

ბატონო კობა, მე შეკითხვას იმიტომ კი არ ვსვამ, რომ ცნობისმოყვარეობა მკლავს, არამედ იმიტომ, რომ ადამიანები, რომლებიც უმუშევრად არიან დარჩენილები, არა მხოლოდ „ომეგა ჯგუფის“ თანამშრომლები, არმედ სხვებიც, უყურებენ, რომ აქედან რამე სიმართლე თქვათ, მაგრამ არა, თქვენ სიმართლეს არ ამბობთ!

სიმართლეს არ ამბობს ფინანსთა მინისტრი, იუსტიციის მინისტრი და ასე შემდეგ. მერე ისე მოხდება, რომ იუსტიციის მინისტრივით სასამართლო პროცესს წააგებთ, ბატონო კობა, ცხადია, არა აქ, არამედ, საერთაშორისო ასპარეზზე და მაშინ თქვენი კონფიდენციალობა ნამდვილად ვეღარ გიშველით. ჩემთვის გასაგებია, რომ ძნელია, სიმართლე ბრძანოთ – ალბათ, იმიტომ, რომ შინაგანი ცენზორი გეუბნებათ, ცხენი შეკაზმული უნდა გყავდეთო (ახლა ქვეყანაში ასეთი ვითარებაა), მაგრამ ვიცი, რომ უნაგირებიც გაქვთ, დეზებიც გაქვთ, მათრახიც და გამოაჩინეთ ის ცხენები, რათა სამსახურში წასვლა-წამოსვლის დროს ამ უნაგირსა და დეზებს თვალი შეაჩვიოთ, მერე კი, იქნებ, მოგინდეთ კიდეც ცხენის შეკაზმვა. ბევრი ცხენის თქარა-თქური კი ნამდვილად მოიყვანს ამ ქვეყანაში იმ უკეთესობს, რასაც ზეამოცანები, თუნდაც ინკლუზიური ვერაფერს უშველის!“

banner
წინა სტატიაშიმარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დედა-შვილი დაშავდა
შემდეგი სტატია„ქართველ მუსლიმთა კავშირის” თავმჯდომარე ბათუმში ნაპოვნი ნეშტების გადასვენებაში მუსლიმი სასულიერო პირების ჩართვას ითხოვს