სარფის გამშვებ პუნქტზე საქართველოს მოქალაქე, 47 წლის დომენტი სურმანიძე დააკავეს, რომელიც რუსეთის მოქალაქის ანგელინა სამუშენკოს ჩემოდნით უკანონოდ გადაყვანას ცდილობდა.
როგორც თურქული მედია წერს, თურქ მესაზღვრეებს ეჭვი გაუჩნდათ დომენტი სურმანიძის ძალიან მძიმე ჩანთასთან დაკავშირებით, რის გამოც ჩხრეკა ჩაატარეს.
ჩხრეკის დროს აღმოჩნდა, რომ ჩანთაში რუსეთის მოქალაქე, ვინმე ანგელინა სამუშენკო იმყოფებოდა. მას პასპორტში თურქეთის ტერიტორიის დატოვების ყალბი შტამპი ჰქონდა, რომელიც დათარიღებული იყო 14 სექტემბრით.
როგორც თურქმა სამართალდამცველებმა გაარკვიეს, ანგელინა სამუშენკოს აკრძალული ჰქონდა თურქეთის ტერიტორიის დატოვება, ვინაიდან ქემერში, საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში მყოფი 67 წლის მამაკაცს დაეჯახა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.