სარჯველაძე – სააკაშვილისთვის სასჯელის შეცვლის საკითხი არ დგას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს საჭიროების შემთხვევაში, სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწევა.

„სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებული ყურადღების საგანია. სადაც სამედიცინო დახმარების აუცილებლობა არსებობს, განხორციელდება და არავის, არც ერთ მხარეს ამისთვის ხელის შეშლის უფლება არ აქვს, როგორიც არ უნდა იყოს ვინმეს მოტივაცია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

რაც შეეხება საკითხს, რომ შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა მისი ციხიდან გათავისუფლების საფუძველი გახდეს, სარჯველაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე მსგავსი ვითარება არ არის. როგორც სარჯველაძე აცხადებს, შიმშილობა არ შეიძლება პატიმრის გათავისუფლების მიზეზი გახდეს.

„ამ წუთისთვის ნამდვილად არ არის ისეთი მდგომარეობა, რომელიც შეიძლება გვაფიქრებინებდეს რაიმე ფორმით სასჯელის შეცვლაზე. ასე საკითხი ნამდვილად არ დგას. მისი უფლებაა, პროტესტი გამოხატოს, თუმცა უმჯობესია საუბარი იმის შესახებ, თუ რა არის პროტესტის მიზეზი. შიმშილობა არ შეიძლება პატიმრის გათავისუფლების მიზეზი და საფუძველი გახდეს. შესაძლოა, თვითონ ფიქრობს, რომ მისი უფლებრივი მდგომარეობა უნდა იყოს განსხვავებული, ვიდრე სტანდარტული შემთხვევაა, მაგრამ ასე არ არის. სამართალი პატიმარს პოლიტიკური წარსულის მიხედვით ვერ განასხვავებს. იმის მიუხედავად, როგორი მხეცურიც არ უნდა ყოფილიყო სააკაშვილის დროს მმართველობა, მოპყრობა სამართლიანი უნდა იყოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შიმშილობა პატიმრობის შეწყვეტის საფუძვლად ჩავთვალოთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კითხვაზე, როგორც ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე, ხომ არ აპირებს ციხეში სააკაშვილის მონახულებას, სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ვითარების ადგილზე განნობის საჭიროება არ არსებვბობს.

banner
წინა სტატიაშიმამა ზაზა თევზაძე მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე: რუსულ ინტერესებში შედის
შემდეგი სტატიასარჯველაძე: ყველას აქვს უფლება, პროტესტი გამოხატოს, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე