სარჯველაძე – ის, ვინც ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს არანორმალურ ქცევას აიძულებს, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი იყოს

საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების თავიდან აცილების ერთადერთი გადაწყვეტილების მიმღები არის თავად ნიკანორ მელია – გავრილოვის აზრი არასდროს ყოფილა საინტერესო და არც იქნება მომავალში, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ის, ვინც ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს არანორმალურ ქცევას აიძულებს, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი იყოს.

„ამ თემასთან დაკავშირებით ბრალდების სისწორესა და ავკარგიანობაზე საუბარი, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. მე პირადად არ მაქვს ეჭვები უშუალოდ ბრალდების სისწორესთან დაკავშირებით, მაგრამ საუბარი ბრალდების შინაარსზე საერთოდ ზედმეტია. აქ საუბარი არის კონკრეტულ საკითხზე. მან დემონსტრაციულად მოიხსნა სასამართლოს მიერ დაკისრებული სამაჯური და უარი განაცხადა სასამართლოს განჩინებით გათვალისწინებული გირაოს პირობის შესრულებაზე.

იმაზე, რომ საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება თავიდან იქნას აცილებული, გადაწყვეტილების ერთადერთი მიმღები არის თავად ნიკანორ მელია. ამიტომ, შემდგომი საუბრები იმასთან დაკავშირებით, ბრალდება როგორია და ა.შ. ყოველგვარ აზრს არის მოკლებული. ბევრი ადამიანი ეცდება, რომ ყველაფერი ეს გარდაქმნას მღელვარების მიზეზში.

რაც შეეხებაა გავრილოვს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში პირადად ჩემთვის გავრილოვის აზრი არასდროს ყოფილა საინტერესო და არც იქნება მომავალში. როგორც ჩანს, ვისაც აინტერესებს გავრილოვის აზრი, ის ადამიანები არიან, რომელთაც სწორედ რომ იდეური თანხვედრა აქვთ გავრილოვის პათეთიკასთან და რიტორიკასთან. ვერ გამოვრიცხავ ნამდვილად, რომ ამ შემთხვევაში შეიძლება ის, ვინც ამ სრულიად არაბუნებრივ და არანორმალურ ქცევას აიძულებს ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გავლენა იყოს და ვისიც არ უნდა იყოს ეს გავლენა – დამოკიდებულება, რომელიც იწვევს საქართველოს სახელმწიფოს და სამართლის რაიმე ფორმით უგულვებელყოფას და შეურაცხყოფას, იქნება ყველა შემთხვევაში აღკვეთილი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასთან, მიხეილ სარჯველაძემ ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქციების კომენტირებისას განაცხადა, რომ პროტესტი საზოგადოების უფლებაა, თუმცა სახელმწიფოს მოვალეობაა ისიც, რომ საზოგადოება სამართალდარღვევებისგან დაიცვას.

„მარტივად დგას აქ საკითხი, პროტესტი არის საზოგადოების უფლება. ყველა შემთხვევაში ამას სახელმწიფო იცავს და იმის გარანტია, რომ ამ უფლების განხორციელება თავისუფალია. რაც შეეხება საკითხს, რომ თუ ადგილი ექნება ამ აქციის დროს რაიმე ფორმით მართლსაწინააღმდეგო მიზნების განხორციელების მცდელობას, რასაკვირველია, რომ ასევე სახელმწიფოს მოვალეობაა, დაიცვას ჩვენი მოსახლეობა მსგავსი სამართალდარღვევებისგან“, – აღნიშნა მან.

banner
წინა სტატიაშიოხანაშვილი – მელია, გავრილოვი და ენმ არის ერთი მედლის ორი მხარე
შემდეგი სტატიანიკა მელია – ქალბატონ დეგნანს მივმართავ, პარლამენტში შესვლას რომ გვთხოვდა, დავუშვათ, შევსულიყავი, ახლა გავსამართლდებოდი?