სარალიძის მკვლელობისთვის დაკავებულ მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა

სარალიძის მკვლელს პატიმრობა შეუფარდეს

ხორავას ქუჩაზე დაპირისპირების შედეგად მოკლული დავით სარალიძის მკვლელობისთვის დაკავებულ გიორგი მენაბდეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გუშინ, 15 აპრილს სამართალდამცველებმა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2001 წელს დაბადებული გიორგი მენაბდე დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ჯგუფური განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ბრალდებული, რომელიც დეკანოზ შიო მენაბდის შვილია, ხორავას ქუჩის საქმის ერთ-ერთი მოწმე იყო. დეკანოზი მაშინ ამბობდა, რომ “მიუღებელია საუბარი, თითქოს ჩემი შვილის პროცესებისგან განრიდებას ვითხოვ და ამ საქმეში ეკლესიის გავლენას ვიყენებ”. ის მიმართავდა ყველას, თავი შეეკავებინათ “ნებსით თუ უნებლიეთ” ცილისწამებისაგან.

“მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა, გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, 2017 წლის 2 დეკემბერს დავით სარალიძე გარდაიცვალა”, – აცხადებს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მუხლი 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი 2017 წლის დეკემბერში მოკლეს. დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობის ბრალდებით მიხეილ კალანდია 2019 წლის ზაფხულში, ზაზა სარალიძის ერთწლიანი პროტესტის შემდეგ დააკავეს. სასამართლომ მიხეილ კალანდიას 11 წლით და 3 თვით პატიმრობა შეუფარდა.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ ”საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმისთვის ნიკა წურწუმია დააკავა
შემდეგი სტატია“რადიო თავისუფლება” სტრასბურგს რუსეთისგან დაცვას სთხოვს