საქართველოში მდიდრდება მხოლოდ მმართველ პარტიასთან დაახლოებული ჯგუფი, ხალხი კი ღარიბდება – კირკიტაძე

„მძიმე ეკონომიკური პირობების გამო ხალხს ქვეყნის, ოჯახების, შვილების დატოვება და ემიგრაციაში წასვლა უწევთ. საქართველოში მდიდრდება მხოლოდ მმართველ პარტიასთან დაახლოებული ჯგუფი, ხალხი კი ღარიბდება.“ – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დავით კირკიტაძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას

დავით კირკიტაძის განცხადებით – „მინდა დიდ პრობლემაზე გესაუბროთ და სანამ დიდ პრობლემაზე საუბარზე გადავალ, პატარა ვიდეო მინდა გაჩვენოთ, რომელიც 2018 წელს არის ჩაწერილი. ეს ვიდეო 2018 წელს ჩაწერა მიხეილ სააკაშვილმა და ის მაშინ საუბრობდა იმ დიდ პრობლემაზე, რომლის წინაშეც დღეს უკვე ნამდვილად აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა. დიახ, დიდი პრობლემაა ის, როდესაც საქართველო დატოვა 800 000-მა მოქალაქემ, 800 000-მა მოქალაქემ და ეს იმიტომ რომ ამ ქვეყანაში არის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ამ ქვეყანაში მდიდრდება ელიტა, მმართველ პარტიასთან დაახლოებული ჯგუფი, ხალხი კი ღარიბდება. ამ ციფრზე თქვენ გაქვთ რეაქცია, ამას სჭირდება არა წამოძახილი ადგილიდან, არამედ ეკონომიკის გაუმჯობესება, თქვენ აპროტესტებთ, ცდილობთ ხელი შეგვიშალოთ საუბარში და ეს ნამდვილად არ გამოგივათ,რადგან ეს არის რეალობა! თქვენ ეწინააღმდეგებით ამ ციფრს, ეწინააღმდეგებით იმას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მაგრამ რა ვუყოთ იმ ციფრს, რომელსაც აქვეყნებს ევროპის თავშესაფრის სააგენტო?! ევროპის თავშესაფრის სააგენტოზე დაყრდნობით, ამ ციფრებზე დაყრდნობით, თუ 2012 წელს მხოლოდ ერთ ქვეყანაში, იტალიაში მაგალითად, მუდმივად 7 083 საქართველოს მოქალაქე ცხოვრობდა, 2022 წელს ეს ციფრი უკვე სამჯერ გაიზარდა 22 900 მიაღწია. თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა კი 54- ჯერ არის გაზრდილი მხოლოდ ერთ ქვეყანაში, იტალიაში.

დღეს პრობლემად იქცა ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები მიდიან ოჯახებიანად ამ ქვეყნიდან და 2020 წელს 1358 ბავშვი გავიდა სკოლიდან იმის გამო, რომ მის მშობლებს გაჰყვა ემიგრაციაში.

2021 წელს კიდევ უფრო მეტი იყო ციფრი იმ ბავშვებისა, რომლებმაც დატოვეს სკოლა და წავიდნენ ემიგრაციაში. და საბოლოო ჯამში, მხოლოდ 2020, 2021, 2022 წლებში 9 600-მა სკოლის მოსწავლემ მიატოვა საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა, იმის გამო რომ ისინი ოჯახებთან ერთად წავიდნენ ემიგრაციაში. ეს არის დიდი პრობლემა და დიახ, დღეს ადამიანები, რომლებიც გამოხატავთ აქ აღშფოთებას, ამ დიდ პრობლემაზე 6 წლის წინ გესაუბრებოდათ მიხეილ სააკაშვილი, რომ ჩვენ აღმოვჩნდებოდით იმ მდგომარეობაში, როდესაც ქვეყანა დაიცლებოდა, წავიდოდნენ ადამიანები ოჯახებიანად, რომელთა დაბრუნების შანსიც იქნებოდა ძალიან მცირე. თქვენ ამის მოსაგვარებლად არაფერი გააკეთეთ, არაფერს აკეთებთ ახლაც, ცდილობთ გადაიტანოთ ყურადღება მთავარი საკითხებიდან სულ სხვა საკითხებზე, მაგრამ ეს ნამდვილად არ გამოგივათ, იმიტომ რომ ჯერ კიდევ დავრჩით ადამიანები ამ ქვეყანაში, რომლებიც ვწუხვართ, იმ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რომელშიც თქვენ ჩააყენეთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ვწუხვართ ჩვენს ემიგრანტებზე, რომლებიც აიძულეთ დაეტოვებინათ ჩვენი ქვეყანა და წელს, ჩვენ ყველას გვაქვს შანსი ყველაფერი შევცვალოთ, შევცვალოთ ხალხის სასარგებლოდ, შევცვალოთ ჩვენი ემიგრანტების სასარგებლოდ, რომ ამ ქვეყანაში მათ გაუჩნდეთ შანსი უკან დაბრუნების და ღირსეული ცხოვრების!“- განაცხადა დავით კირკიტაძემ

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის დირექტორის მოადგილე, ეთერ ირემაძე UN Women-ის ღონისძიებაში „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ მონაწილეობდა
შემდეგი სტატიამოსახლეობას უწევს ქვეყნის დატოვება საკუთარი ოჯახების სარჩენად, რადგან დღეს ქვეყანაში არის უმძიმესი ეკონომიკური პირობები – ლევან ბეჟაშვილი