საქართველოში იტალიის ელჩი – იტალია, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა, მხარს უჭერს ჟენევის მოლაპარაკებებს

იტალიის პოზიციაა ჟენევის მოლაპარაკებები გაგრძელდეს – ამის შესახებ საქართველოში იტალიის ელჩმა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ განაცხადა, რომელიც „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელს, დეპუტატ გიგი წერეთელს შეხვდა. შეხვედრაზე ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებისა და ზოგადად, ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს.

როგორც ელჩმა აღნიშნა, იტალია, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე სახელმწიფო, მხარს უჭერს ჟენევის მოლაპარაკებებს.

„არ გვსურს, რომ ამ სამწუხარო ინციდენტმა ჟენევის მოლაპარაკებებზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს და პროცესი შეაფერხოს. ჩვენი პოზიციაა, რომ ჟენევის მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა ბარტოლიმ.

ამასთან, მისი თქმით, იტალია მიესალმება შერიგების პოლიტიკას, რომელსაც საქართველოს მთავრობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების მიმართ ახორციელებს.

„ჩვენ შეგვაშფოთა ე.წ. სამხრეთ ოსეთში მომხდარმა ტრაგედიამ. იმედი გვაქვს, რომ დიალოგისა და სხვადასხვა მექანიზმების საშუალებით გამოსავალს მივაგნებთ. ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა“, – აღნიშნა საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა.

გიგი წერეთლის განცხადებით, საჭიროა, სეპარატისტებსა და რუსეთზე ზეწოლა მოხდეს, რომ აღნიშნული საკითხი დროულად გადაწყდეს. მისი თქმით, ეუთო და იტალია მაქსიმუმს აკეთებენ, რომ ობიექტამდე გზავნილი სწორად მივიდეს და საერთო ზეწოლის სწორი კოორდინაცია მოხდეს.

banner
წინა სტატიაშიგიგი წერეთელმა და იტალიის ელჩმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ტატუნაშვილის საკითხი განიხილეს
შემდეგი სტატიაგიორგი აბაშიშვილმა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა პოლონეთში შეხვედრები გამართეს