“დღეს გვინდა მთავრობას და პირადად პრემიერ-მინისტრს დავუსვათ კითხვა რატომ იცლება ქვეყანა? რა იწვევს მასობრივ ემიგრაციას? – ამ შეკთხვით დაიწყო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლა.
მისი თქმით, ემიგრაციაში წასვლაზე ყოველი მესამე მოქალაქე ფიქრობს.
“დღეს ივანიშვილთან, მის პარტიასთან, მის მთავრობასთან და პირადად პრემიერ-მინისტრთან გვაქვს ერთადერთი კითხვა – რა იწვევს იძულებით ემიგრაციას? რატომ იცლება ჩვენი ქვეყანა? დასმულ კითხვაზე, სავარაუდოდ, კვლავ მივიღებთ დუმილს ან ცინიზმს მთავრობის მხრიდან, სიმართლე კი ისაა, რომ იძულებით ემიგრაციას იწვევს საქართველოში ფასების კატასტროფული ზრდა და უმუშევრობა,- თქვა დეპუტატმა.
თინა ბოკუჩავას თქმით, 20112 წლის, ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საქართველოდან წავიდა 800 ათასი საქართველოს მოქალაქე. მხოლოდ 2022 წელს, 30 ათასმა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.
საქართველოში იცლება ოჯახები, იცლება სოფლები და ქალაქები. ყოველი მესამე ჩვენი თანამოქალაქე ფიქრობს ემიგრაციაში წასვლაზე… ეს არის მწარე რეალობა, რომელსაც ადამიანები იძულებითი ემიგრაციით გაურბიან. ივანიშვილის პირობებში ეკონომიკა მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის და მისი კორუმპირებული კლანის ინტერესებზე მუშაობს, ხალხისთვის კი, იზრდება მხოლოდ და მხოლოდ ფასები საკვებ პროდუქტებზე, მედიკამენტებზე თუ საწვავზე.
ჩვენი ამოცანაა, დავაბრუნოთ იძულებით ემიგრაციაში მყოფი ადამიანები საქართველოში. აქ შევქმნათ მაღალი, ღირსეული, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები. ჩვენი ამოცანაა, რომ გავამთლიანოთ ოჯახები და ადამიანებს, მათ შორის ახალგაზრდებს, საკუთარი თავის რეალიზება ჰქონდეთ აქ.
ევროპულ ქვეყნებში ემიგრაციაში მყოფთა თითქმის 70 % ქალია. ყოველდღიურად დედებს უწევთ უმძიმესი არჩევანის გაკეთება – სიღარიბეში გაზარდონ შვილები თუ ემიგრაციაში წავიდნენ და გზავნილებით არჩინონ. ამ მძიმე რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს მთავრობამ, ნაცვლად დუმილისა ან ცინიზმისა. უნდა მოვისმინოთ პასუხი ჩვენს კითხვაზე – რატომ გარბიან ადამიანები საქართველოდან? რატომ მიდიან იძულებით ემიგრაციაში და რატომ ტოვებს ამდენი საქართველოს მოქალაქე საქართველოს და კიდევ უფრო მეტი ფიქრობს ემიგრაციაში წასვლაზე. სამწუხაროდ, მძიმე რეალობა ისაა, რომ ამას იწვევს კატასტროფული ფასები და უმუშევრობა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.