საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო ანგარიშში ეუთო/ოდირი რეკომენდაციებს აქვეყნებს

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშში არჩევნებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აქვეყნებს.

კერძოდ, დოკუმენტის მიხედვით, ანგარიშში წარმოდგენილია რეკომენდაციები, რომელთა მიზანია საქართველოში არჩევნების ჩატარების გაუმჯობესება და მათი ეუთო-სა და სხვა საერთაშორისო ვალდებულებებთან და დემოკრატიული არჩევნების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისკენ მიმართული ძალისხმევის მხარდაჭერა.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, აღნიშნული რეკომენდაციები უნდა იყოს განხილული ოდირის წინა რეკომენდაციებთან ერთად, რომლებიც ჯერ კიდევ რჩება განსახილველად.

„ოდირი მზად არის, დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას, გააუმჯობესოს საარჩევნო პროცესი და უპასუხოს რეკომენდაციებს, რომლებიც მოცემულია აღნიშნულ და წინა ანგარიშებში“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშში მოყვანილია პრიორიტეტული რეკომენდაციები, რომელთა მიხედვითაც:

„შეთანხმებული და სტაბილური საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად, უნდა გადაიხედოს კანონმდებლობა, რათა ის კიდევ უფრო მეტად იყოს მოყვანილი შესაბამისობაში ეუთო-ს ვალდებულებებთან, საერთაშორისო სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან მომდევნო არჩევნებამდე ადრეულ პერიოდში და ინკლუზიური კონსულტაციების პროცესის ფარგლებში.
შესაძლებელია საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობის გადახედვა მისი მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის გასაზრდელად. შესაძლებელია დანიშვნის ფორმულის გადახედვა უფრო მეტად დაბალანსებული პოლიტიკური წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად და ერთი პოლიტიკური პარტიის ფაქტობრივი დომინანტობის თავიდან ასაცილებლად.
საარჩევნო ადმინისტრაციის გამჭვირვალობისა და მისდამი ნდობის გასაზრდელად, ცენტრალურმა და საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა განიხილონ ყველა არსებითი საკითხის კოლეგიალურად და საჯარო სხდომებზე განხილვის საკითხი.
საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობის უზრუნველსაყოფად და ფუნდამენტური უფლებების დასაცავად, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გადადგან სწრაფი და ეფექტიანი ნაბიჯები ამომრჩევლებისა და საარჩევნო კამპანიაში მონაწილე პირთა დაშინების შესახებ ბრალდებების შესაბამისი გამოძიებისთვის.
უნდა გადაიხედოს საარჩევნო დავების დარეგულირების სისტემა პროცესის გასამარტივებლად და სამართლებრივი რეგულირების გასაფართოებლად, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ მოქალაქეებმა, რომელთა საარჩევნო უფლებები დაირღვა, შეძლონ საჩივრის შეტანა სამართლებრივი დაცვისთვის.
საარჩევნო დავების დარეგულირების გამჭვირვალობისა და აღნიშნული პროცესისადმი ნდობის გასაზრდელად, ყველა საარჩევნო დავა კომისიების მიერ უნდა განიხილებოდეს კოლეგიალურად და ღია სხდომებზე. საარჩევნო დავებთან დაკავშირებით ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის უზრუნველსაყოფად, კანონი უნდა ითვალისწინებდეს საარჩევნო ორგანოებისა და მათი წარმომადგენლების ყველა გადაწყვეტილებისა და ქმედებების (ან უმოქმედობის) სასამართლო განხილვის უფლებას.
არჩევნების შემდგომი საჩივრების განხილვის გამჭვირვალე, სამართლიანი და თანმიმდევრული პრაქტიკის უზრუნველსაყოფად, საარჩევნო კოდექსმა უნდა განსაზღვროს მკაფიო, ობიექტური კრიტერიუმები შედეგების ხელახლა გადათვლისა და ანულირებისთვის. საოლქო საარჩევნო კომისიები უნდა იყოს შესაბამისად დაკომპლექტებული და მომზადებული საჩივრების ეფექტიანად განხილვისთვის და ყველა წამოჭრილი ხარვეზის დეტალური გამოძიებისთვის.
უფასო საეთერო დროის დათმობისა და რეკლამისთვის თანხების გამოყოფის არსებული სისტემა უნდა გადაიხედოს, რათა ყველა კანდიდატი უზრუნველყოფილი იყოს კამპანიის წარმოების თანაბარი შესაძლებლობებით“.
დოკუმენტში ასევე მოყვანილია სხვა რეკომენდაციები, მათ შორის საკანონმდებლო ჩარჩოსთან, საარჩევნო ადმინისტრაციასთან, საარჩევნო სუბიექტებისა და ასევე ამომრჩეველთა რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

კერძოდ, აღნიშნულია, რომ საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენის პროცესმა უნდა უზრუნველყოს ხმის თანასწორობა და დაიცვას ეროვნული უმცირესობების ხმა, „ოდირის“ წინა რეკომენდაციებისა და საერთაშორისო სტანდარტებისა და კარგი პრაქტიკის შესაბამისად.

რაც შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციას, ანგარიშის მიხედვით, „საოლქო საარჩევნო კომისიების სტაბილურობისა და დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, მათი წევრების უფლებამოსილება შეიძლებოდა უკეთესად ყოფილიყო დაცული მათი წარმდგენი პარტიების მიერ თვითნებური ჩანაცვლებისგან არჩევნების დღემდე საკმაოდ გონივრულ პერიოდში“.

ამასთან, რეკომენდაციების მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის განაცხადების წარდგენისა და განხილვის ვადები შეიძლება გახანგრძლივდეს, რეალური კონკურენციის უზრუნველსაყოფად.

„საუბნო საარჩევნო კომისიის პერსონალის დაქირავების პროცედურისა და კრიტერიუმების შემდგომი შემუშავება შესაძლებელია, უფრო ღია და ინკლუზიური პროცესის უზრუნველსაყოფად.

ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს მცდელობები ხელსაყრელი და ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად და კიდევ უფრო შეუწყოს ხელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საარჩევნო პროცესში წვდომას“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ამომრჩეველთა რეგისტრაციის ნაწილში, ეუთო/ოდირის რეკომენდაციაა, რომ პირები, რომლებსაც სასამართლო ცნობს, რომ ინტელექტუალური და ფსიქოსოციალური ქმედუუნარობის საფუძველზე არ აქვთ კანონიერი უფლების გამოყენების შესაძლებლობა და ის პირები, ვისაც სტაციონარული მკურნალობა სჭირდება, უნდა მიეცეთ ხმის მიცემის უფლება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

დოკუმენტის მიხედვით, ასევე შეიძლება განხილული იყოს უსაფრთხო მექანიზმის შემოღება, რაც ხმის მიცემის საშუალებას მისცემს ამომრჩეველს, რომელიც არჩევნების დღეს არ არის რეგისტრაციის ოფიციალურ მისამართზე.

კანდიდატის რეგისტრაციას რაც შეეხება, ეუთო/ოდირის შეფასებით, კანდიდატების ბინადრობის მოთხოვნა მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს ან მოიხსნას საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

„თანაბარი პირობების უზრუნველსაყოფად, შესაძლოა, გათვალისწინებული იყოს პარტიების და კანდიდატების რეგისტრაციის სამართლებრივი ვადების შეცვლა, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდთან გადაფარვის თავიდან ასაცილებლად“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

რეკომენდაციების ნაწილში, ეუთო/ოდირი საარჩევნო კამპანიასაც უთმობს ქვეთავს, სადაც აღნიშნულია, რომ „უნდა განმტკიცდეს სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩო ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ეფექტურად ბრძოლის მიზნით. მკაცრად უნდა იყოს დარეგულირებული მაღალი დონის თანამდებობის პირების, მათ შორის მერების მიერ კამპანიის ჩატარება.

დაბალანსებული გენდერული წარმომადგენლობის ხელშესაწყობად, პარტიებმა შეიძლება, გააძლიერონ შიდაპარტიული პოლიტიკა, ქალების მონაწილეობის წახალისების მიზნით, მათ შორის ქალ კანდიდატთა რაოდენობის გაზრდით მაჟორიტარულ კანდიდატებს შორის“.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საარჩევნო კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობისა და მეთვალყურეობის გასაძლიერებლად, „კანონმდებლობა უნდა გადაიხედოს ადრე გამოვლენილი ხარვეზების მოსაგვარებლად და „ოდირის“ და „გრეკოს“ რეკომენდაციების გასათვალისწინებლად, მათ შორის მესამე მხარის საქმიანობის რეგულირება“.

„პარტიებისა და კანდიდატების თანაბარი პირობების შექმნის მიზნით, კამპანიის დაფინანსების სამართლებრივი ჩარჩოს გადახედვა შეიძლება, მოხდეს შემოწირულობებისა და ხარჯების ზღვრისდასადგენად საერთაშორისო კარგი პრაქტიკის შესაბამისად.

იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამომრჩეველს დროული და არსებითი ინფორმაცია ჰქონდეს საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ, შეიძლება განხილულ იყოს არჩევნების დღემდე შუალედურ ანგარიშებზე დასკვნების დაუყოვნებლად გამოქვეყნება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სისტემატურად უნდა დაადგინოს წესების ყველა ტექნიკური დარღვევა და ანგარიშგების ვალდებულებები, მათ შორის გვიანი შევსება და არასათანადოდ დასრულება. შეიძლება, მიღებული იყოს დამატებითი საკანონმდებლო ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა კამპანიის შემოწირულობა და ხარჯები, მათ შორის მესამე მხარისა და ინტერნეტის საშუალებით, დროულად გამოქვეყნდება და გამოძიება. პროპორციული და გადამწყვეტი სანქციები დაუყოვნებლივ უნდა ინიცირდეს და დაწესდეს ყველა დარღვევისთვის“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

არჩევნების გაშუქების ნაწილში, ეუთო/ოდირი აღნიშნავს, რომ „რეგიონული და ადგილობრივი მაუწყებლებისთვის შესაძლებელია, განიხილებოდეს ზუსტი პროცედურების მოთხოვნის შესაძლებლობა მომავალ ყველა არჩევნებზე თავისუფალი საეთერო დროის გამოყოფის მიზნით.“

რაც შეეხება საჩივრებსა და მიმართვებს, დოკუმენტის თანახმად, ყველა საჩივრის წარდგენისა და განხილვის იურიდიული ვადები, არჩევნების შემდგომი დღის ჩათვლით, უნდა გადაიხედოს, „რათა უზრუნველყოფილი იყოს საკმარისი დრო საქმის ეფექტიანად მოსამზადებლად და განსახილველად. ამავდროულად, გათვალისწინებული იყოს სათანადოდ დაჩქარებული გადაწყვეტილება“.

რეკომენდაციის სახით დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საარჩევნო კომისიებმა თავი უნდა შეიკავონ საჩივრის დასაშვებობის წესების ზედმეტად მკაცრი გამოყენებისგან, რათა უზრუნველყონ ყველა საჩივრის არსებითი განხილვა.

„ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეიძლება, განიხილოს საარჩევნო კომისიებისათვის საჩივრების წარდგენის ონლაინ სისტემის შექმნა.

სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალებების უზრუნველყოფისთვის, საარჩევნო კომისიებმა სათანადოდ უნდა განიხილონ ყველა საჩივარი, გაითვალისწინონ საფუძვლიანი გამოძიების გზით შეგროვებული ფაქტები და გამოიყენონ კანონის გონივრული ინტერპრეტაცია“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

რაც შეეხება ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობის საკითხს, ანგარიშის მიხედვით, საარჩევნო კონკურენტებმა შესაძლოა, განიხილონ თავიანთ საარჩევნო პლატფორმებში აქტიური ჩართვის ინკლუზიური დღის წესრიგი და გააუმჯობესონ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლობა მათი კანდიდატების სიებში, არჩევით თანამდებობებზე.

ანგარიშში არჩევნების დღესთან დაკავშირებითაც არის მოყვანილი რეკომენდაციები, კერძოდ:

„საარჩევნო უბნებზე მოწესრიგებული უნდა იყოს ვიდეოკამერების გამოყენება, რათა თავიდან იყოს აცილებული ნებისმიერი დაშინების ეფექტი და ამომრჩეველზე კონტროლის რისკი ან გავლენის მოხდენა. იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამომრჩეველს შეეძლება თავისი ხმის მიცემა ზეწოლისა და ზედმეტი გავლენის გარეშე, საარჩევნო უბნების გარშემო კანონიერად დადგენილი პერიმეტრი თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერი აგიტაციისგან და მონაწილის წარმომადგენლებისგან.

მოქალაქეებზე დაკვირვების ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად, პოლიტიკურმა პარტიებმა, კანდიდატებმა და მოქალაქეთა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა პატივი უნდა სცენ პარტიულ და არაპარტიულ დაკვირვებას.

საარჩევნო ადმინისტრაციას შეუძლია, განიხილოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების სარეზერვო ფონდის შექმნა თითოეულ ოლქში, რათა უზრუნველყოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შეუფერხებლად შეცვლა და ხმის მიცემისა და დათვლის პროცედურების პროფესიონალური ჩატარება“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 355 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიამაიკლ მაკფოლი: რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შესაკავებლად საქართველოსა და უკრაინაში დემოკრატიის დახმრება უმნიშვნელოვანესია